პაატა ზაქარეიშვილი: ახალი ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რომ თქვას „დიახ“

პაატა ზაქარეიშვილი

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, მთავრობის ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პაატა ზაქარეიშვილი შეეხო აგვისტოს ომის თემას, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სახელის გადარქმევის საკითხს; ამასთან, ისაუბრა ქვეყანაში არსებული კოჰაბიტაციის პირობებში უშიშროების საბჭოს მუშაობის თემაზე, ყურადღება გაამახვილა ახალი მთავრობის მუშაობის სტილზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ ახალი ხელისუფლების სტრატეგია აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აღარ ჰქონდეთ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ამ თვალსაზრისით, თუ წინა ხელისუფლება ყველა შემოთავაზებას უარით პასუხობდა, ახალი ხელისუფლება ცდილობს იპოვოს ინტერესთა გადაკვეთის წერტილები:

”თუ უხეშად შევადარებთ ძველი და ახალი ხელისუფლების სტილს კონფლიქტების მიმართულებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ეპოვა მიზეზი, რათა ეთქვა ‘არა’; ჩვენ, ახალი ხელისუფლება, ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რათა ვთქვათ ‘დიახ’“.

პაატა ზაქარეიშვილი ამგვარი სტრატეგიის შედეგად მიიჩნევს უკანასკნელ დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აგრესიული გამონათქვამების შემცირებას. ამასთან, პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემაფერხებელ როლს ასრულებს ურთიერთობათა წინსვლასთან მიმართებით. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან დაასახელა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
რუსეთი, ბოდიში და, კარგად აბოლებდა სააკაშვილს. მან დაუჯერა ამ ყველაფერს და როცა უკვე რუსეთმა, ბოდიში ამ სიტყვაზე და, გადააგდო, კარგი მარიონეტი აღმოჩნდა რუსეთის ხელში, უფასო მარიონეტი, და დღეს უფასო კონსულტაციებს აპირებს ჩვენთვის. არ გვჭირდება მისი კონსულტაციები...
პაატა ზაქარეიშვილი
აპარატისთვის სახელის გადარქმევის საკითხი, სახელისა, რომელიც, მისი სიტყვებით, აფხაზებს, რაღაც ”აკვიატებული იდეის” გამო, არ მოსწონთ, სააკაშვილი კი ხელს არ აწერს ცვლილებას.

"რაც უფრო დიდხანს არ მოაწერს მიხეილ სააკაშვილი ამ დოკუმენტს ხელს, მით უფრო დიდხანს გამოვიყენებთ ამას სააკაშვილის წინააღმდეგო", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ომის მიმდინარეობისას ჩადენილი დანაშაულებების გამოკვლევა საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა მას პირადად აინტერესებს პასუხი კითხვაზე, როგორ მივედით ომამდე. პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, რაც ხდებოდა ომამდე ორი წლით ადრე, იყო რუსეთის ინტერესებში: ის, რომ 2006 წელს საქართველომ კოდორის ხეობაში დაიწყო საეჭვო მოქმედებები და იქ შეიყვანეს ძალოვანები, არღვევდა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, იქ არ უნდა ყოფილიყო არც ერთი მხარის - იგულისხმება ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები - ძალოვანი კონტროლი. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთს არ აინტერესებდა ცხინვალი და იმით, რომ შეიძლებოდა კოდორის ხეობაც დაეთმო, თამაშობდა რუსულ თამაშს, იმავდროულად კი, საჯაროდ პროამერიკული პოზიცია ეკავა:

”რუსეთი, ბოდიში და, კარგად აბოლებდა სააკაშვილს. მან დაუჯერა ამ ყველაფერს და როცა უკვე რუსეთმა, ბოდიში ამ სიტყვაზე და, გადააგდო, კარგი მარიონეტი აღმოჩნდა რუსეთის ხელში, უფასო მარიონეტი, და დღეს უფასო კონსულტაციებს აპირებს ჩვენთვის. არ გვჭირდება მისი კონსულტაციები. ვიცით, უფასოდ რა მოუტანა მან ქვეყანას”.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ახალი სუნთქვა გაეხსნება ხელისუფლებას კონფლიქტებთან და სხვა საკითხებთან მიმართებით კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ, რადგან მრავალ საკითხზე არ დაუპირისპირდებათ პრეზიდენტი და ის ითანამშრომლებს სხვადასხვა ცვლილებასთან მიმართებით. ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა,
6 თვე გავიდა და სახელმწიფოში არ შეკრებილა უშიშროების საბჭო. კოჰაბიტაციის პერიოდში ეს ათასჯერ უფრო აუცილებელია. კოჰაბიტაციის პერიოდში კვირაში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს უშიშროების საბჭო...
პაატა ზაქარეიშვილი
რომ თანამშრომლობა პრეზიდენტთან და, მათ შორის, უშიშროების საბჭოსთან, პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, ექვსი თვის განმავლობაში, რაც ის მინისტრია, ერთხელაც არ შეხვედრია უშიშროების საბჭოს მდივანს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ შენობაში სულ 2 სართული ყოფთ:

”6 თვე გავიდა და სახელმწიფოში არ შეკრებილა უშიშროების საბჭო. კოჰაბიტაციის პერიოდში ეს ათასჯერ უფრო აუცილებელია. კოჰაბიტაციის პერიოდში კვირაში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს უშიშროების საბჭო, ჩემი აზრით. 6 თვის განმავლობაში ერთხელ არ შეკრებილა. თუ შეკრებილა და არ ვიცი, მითხარით. ანუ ერთ შენობაში ვართ, ორი სართული გვყოფს და ერთხელ არ შევხვედრივართ. სხვადასხვა სახელმწიფო ვართ. ორი სართული კი არა, სხვადასხვა სახელმწიფოებში ვართ მე და გიგა ბოკერია”.

პაატა ზაქარეიშვილი შეეხო სირიიდან დევნილების აფხაზეთში შესვლის პროცესს და განაცხადა, რომ ეს არავითარ საფრთხეს არ ქმნის და რომ ის ისურვებდა კიდეც სირიელ დევნილებს გამოეყენებინათ საქართველოს ტერიტორია. მან ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მისმა აპარატმა მოამზადა და რომლის განხილვაც პარლამენტში გადაიდო, მას თან ერთვოდა მწვავე კრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანო. პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, უწყინარ ჰუმანურ ცვლილებებზე ასეთი ამბის ატეხა იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია საერთოდ უარს ამბობს თანამშრომლობაზე.