“მე ვიყავი აეროპორტში, ჩემი გოგო გავაგზავნე, დავბრუნდი და მანქანები მიდიოდა ჩქარა, რაღაცა სასწაული ამბავი იყო. სიგნალები და რა არის-მეთქი და ჩამოვედი ავტობუსიდან“.
ანიკო ჩხეტია 25 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 14 აგვისტოს, სოხუმში იყო, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო. ქალაქის არარეალურად დაჩქარებულმა ტემპმა მიახვედრა, რომ რაღაც იცვლებოდა. ავტობუსიდან ჩამოსულმა როცა იკითხა, რა ხდებოდა ქალაქში, უთხრეს, ქართველები შემოვიდნენ და აფხაზები სოჭის მხარეს მიდიანო.
Your browser doesn’t support HTML5
„არ ისვრიდნენ, არაფერი. იდგნენ მარტო ჩვენი ბიჭები, ქართველები. რაშია, ბიჭებო, საქმე-თქო? არ ვიცი, დეიდა, ხომ ხედავთ, აგერ ვდგევართო. წამოვედი ფეხით. არაფერი არ დადიოდა. ბუნებაც კიდევ რაღაცა კვამლში იყო, ღრუბლები იყო, სასწაული ამბავი იყო. ეს მოხდა ორი საათისთვის. დღესაც მახსოვს. ქართველები ამოწმებდნენ პასპორტებს, თუ ავტობუსში ვიჯექით და ამოხიეს აფხაზურად რო იყო ჩაწერილი. რას უშლიდა, არ ვიცი. ვიყავი იქ, სანამ არ დაეცა“.
სანამ ანიკო სოხუმს დატოვებდა, შვილი, მაია, მეგობარ დათოსთან თბილისში გამოუშვა, მაგრამ მანქანა სვანეთის მთებში გადაიჩეხა, მაია სვანმა ცხენოსნებმა ამოიყვანეს, თუმცა მხოლოდ ნახევარი საათი იცოცხლა. ანიკომ მხოლოდ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაიგო, რომ გოგონა გზაში დაიღუპა:
საქმე ის არის, რომ საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, დე ფაქტო აფხაზეთი სადაც არის, იქ ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გლოვის დღეს, 14 აგვისტოს. ჩვენ სახელიც ვერ დავარქვით, რა დღეა ეგ. მეც ვერ ვარქმევ სახელს, არ ვიცი, რა იყო, რისთვის იყო საჭირო, ან სად ვიყავით მართლები, სად ვიყავით მტყუანი...რევაზ ოკუჯავა
„მივედით იქ და ხალხი მოძრაობდა. მეზობლები დარბოდნენ, მაიას დედა მოვიდაო. დავჯექი, ვუყურებ და დავჯექი და დათო ჩემს წინ დაჯდა, ვუყურებ და მაია არსად არაა. დათო, სად არის მაია-მეთქი? მიყურებს, მიყურებს, მიყურებს და კიდევ: დათო, სად არის მაია-მეთქი? დაიღუპაო. რას ქვია დაიღუპა, მე ვუთხარი, როგორ დაიღუპა, ბიჭო, მე ვუთხარი, ჯანმრთელი ბავშვი მოგეცი და ... მერე არაფერი არ მახსოვს, როგორ ავდექი?! ისე, რომ ჩავარტყი მაგას ხელი, ესე მოვკიდე...“
25 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. 300 ათასამდე დევნილად იქცა.
ისტორიკოსი რევაზ ოკუჯავა ფიქრობს, რომ ქართველებმა დღემდე ვერ გაიგეს ამ დღის მნიშვნელობა.
„ეს არის ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული დღე, რადგან 25 წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვერც ამ დღის ხსოვნას ვინარჩუნებთ და, საერთოდ, რა გვინდოდა, ჩემი აზრით, ეგეც კარგად არ გვაქვს გათვითცნობიერებული. საქმე ის არის, რომ საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, დე ფაქტო აფხაზეთი სადაც არის, იქ ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გლოვის დღეს, 14 აგვისტოს. ჩვენ სახელიც ვერ დავარქვით, რა დღეა ეგ. მეც ვერ ვარქმევ სახელს, არ ვიცი, რა იყო, რისთვის იყო საჭირო, ან სად ვიყავით მართლები, სად ვიყავით მტყუანი“.
რეზო ოკუჯავა თავად სოხუმიდანაა და ომის მონაწილე იყო, სოხუმის დაცემის ბოლო დღეებში მძიმედ დაიჭრა და თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
„სოხუმური დღე იყო. ზღვაზე ვიყავით მე და ჩემი კლასელი, რომელიც შემდეგ, თვე-ნახევარში, გაგრის აღების დღეს დაიღუპა. და როდესაც სროლები დაიწყო, ქალაქში წავედით სახლისკენ, დაცარიელებულ ქალაქში. ის გზა უნდა გაგვევლო, სადაც აფხაზები იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად ვიყავთ, გავუარეთ დავამშვიდეთ და არც ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება ესე გაგრძელებულიყო. შინაგანად ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, შემდეგ ჩავები უკვე გაგრის აღებისას. მერე დავიჭერი სექტემბრისთვის და ასე დასრულდა ჩემი ომობანა“.
რეზო მას შემდეგ სოხუმში აღარ დაბრუნებულა. ბათუმში ცხოვრობს და ისტორიას ასწავლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის, აზრით, სანამ რუსეთი იქნება აფხაზეთთან, ყოველთვის იქნება აფხაზური ეთნოსის გადაშენების საფრთხე:
„ბოროტების იმპერიის ეს შედეგი არის ორივე მხარის გამოსასწორებელი, რუსეთი უნდა ჩამოსცილდეს შუამავლისა და, ასე ვთქვათ, მომრიგებლის როლს, უნდა ველაპარაკოთ ჩვენს აფხაზებს და უნდა შევძლოთ, საერთაშორისო პროცესების გამოყენებით, რუსეთის განდევნა. სანამ რუსეთი იქნება, იქ ყოველთვის იქნება აფხაზური ეთნოსის გადაშენების საფრთხე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განცხადება აფხაზურ და ქართულ ენებზე გამოაქვეყნა:
„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათა მკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა“.
ასე დაიწყო ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.