უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართ ყურადღების არმოდუნების ნიშნად, 8–10 მარტს თბილისს ეუთოს გენერალური მდივანი სტუმრობს. აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრის გარდა, ლამბერტო ძანიერის განრიგში იყო საოკუპაციო ხაზის მონახულება და ვითარების ადგილზე გაცნობა. როგორ ხედავს გენერალური მდივანი ეუთოს ამჟამინდელ და სამომავლო როლს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში?
საქართველოში ვიზიტს ლამბერტო ძანიერი იმის დასტურად მიიჩნევს, რომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყურადღება არ არის მოდუნებული ეუთოს წევრი სხვა ქვეყნების გამოწვევების მიმართ. ეუთოს გენერალური მდივნისთვის შემაშფოთებელია რუსეთის მიერ ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რაც, მისი აზრით, რეგიონის არასტაბილურობის რისკფაქტორიცაა. ბევრი ფიქრობს და თავად ლამბერტო ძანიერიც აღნიშნავს, რომ მხოლოდ შეშფოთება არ არის საკმარისი. ამ კონტექსტში სახელდება რამდენიმე ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია, სამშვიდობო მიდგომებიდან გამომდინარე. გენერალური მდივანი, მაგალითად, ამბობს, რომ: უკანონო ხელშეკრულებების საკითხს ორმხრივ ფორმატებში რუსეთს ყველა შეახსენებს და, მათ შორის, ეუთოც; აღშფოთება ხმამაღლა იქნება გამოთქმული; მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი და, ასევე, მნიშვნელოვანია პირდაპირი ჩართულობის პროცესიც:
„მე ისევ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი საკითხი პრაქტიკულ მიდგომას საჭიროებს. კონტაქტი საზოგადოებასთან, პირდაპირი კონტაქტი სოხუმთან, ცხინვალთან და იქ მცხოვრებ ხალხთან კვლავაც რჩება წინსვლის მნიშვნელოვან წინაპირობად. ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარ ურთიერთობას იმ გზების შესათავაზებლად, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებას დააკავშირებს უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის, ეუთოს საშუალებითაც“.
ეს განცხადება ლამბერტო ძანიერიმ 9 მარტს თბილისში გააკეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც, სოხუმთან უკვე გაფორმებული, ხოლო ცხინვალთან გასაფორმებელად მომზადებული უკანონო ხელშეკრულებების თემაზე ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმაც. მან თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს და „ნებისმიერი მცდელობა დაიდოს მათთან რაიმე ხელშეკრულება, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“. აქვეა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით:
„ნათელია, რომ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ეუთოს, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს და სათანადო ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე“.
ამგვარი მოვლენების ფონზე, საქართველოს მხარე კიდევ ერთხელ ხედავს საგანგებო აუცილებლობას, რომ რუსეთმა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება, ისევე როგორც ეს არაერთხელ გააკეთა საქართველომ. ლამბერტო ძანიერი აღნიშნავს, რომ ეუთო, სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ცდილობს შემუშავდეს ერთობლივი სამშვიდობო განცხადება, რომელსაც ასევე უნდა შეუერთდეს რუსეთი. გავიხსენოთ, რომ ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობს საქართველოც, თუმცა მას არ განიხილავს ჩვენ მიერ ნახსენები ძირითადი და უცვლელი მოთხოვნის ჩამნაცვლებლად.
როდესაც ეუთოზე ვლაპარაკობთ, ლოგიკურად იბადება შეკითხვა – უნდა მოველოდეთ თუ არა იმ სრულმასშტაბიანი მისიის აღდგენას, რომელმაც 2009 წელს რუსეთის დესტრუქციული ძალისხმევის შედეგად შეწყვიტა მუშაობა საქართველოში? როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისიის დასაბრუნებლად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, საქართველოსთვის პრინციპული ერთი ნაბიჯის გარდა:
„ეს აუცილებლად უნდა იყოს ეუთოს მისია საქართველოში. მე სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, რადგანაც ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მისიის სახელწოდების გადახედვა წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს, რაც შეიძლება რუსეთმა კარგად გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის“.
სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ამგვარ პრინციპულ მიდგომას არ ცვლის, ჯერ ისევ ვერ ხერხდება ეუთოს მისიის დაბრუნება საქართველოში. როგორც
ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ აღნიშნა 9 მარტს, კვლავაც იძებნება გზები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ მანამდე ეუთო აქტიურად მუშაობს -ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება და ხელს უწყობს ნდობის აღდგენის პროცესს.