უზნაძის ქუჩაზე, 14 ნომერში, თეთრად შეღებილ რკინის კარზე ვაბრახუნებთ მე და არქეოლოგი. ჯერ არ ვიცით, გაგვიღებს თუ არა კარს ყარაული, იმიტომ რომ შაბათია და შაბათს კი ეროვნული მუზეუმისათვის განკუთვნილი ეს ხარაჩოებში ჩასმული შენობა ისვენებს. შენობა, რომელშიც რემონტი, სავარაუდოდ, საბჭოთა დროის შემდეგ აღარ გაკეთებულა, ცარიელია. ცარიელია გრძელი დერეფანიც. მაღალჭერიან ფართო ოთახში ფანჯრებია ჩარაზული. ცხელა. არქეოლოგი მორყეულ სკამზე დგება და ფანჯარას აღებს. უზნაძის ქუჩიდან მანქანების ხმაური შემოდის. კედლების თვალიერებას ჭერიდან ვიწყებ. ჭერი დალაქავებულია. როგორც ჩანს, წვიმის დროს წვიმა ჩამოდის. ამის დასტური ეს მოჩუქურთმებული ლაქები და წითელი პლასტმასის ტაშტია. გადაქექილ კედლებზე მიწაში ნაპოვნი არტეფაქტების კომპიუტერიდან ამობეჭდილი ფოტოები ჭიკარტებითაა მიკრული - მაგალითად, თიხის ჭურჭლის ნატეხი, ვერცხლის რგოლები, ბრინჯაოს ცული, ოქროს საყურეები და კიდევ ბევრი სხვა ნივთი, რომლებიც ამ ოთახში მომუშავე არქეოლოგების მოძიებული უნდა იყოს.
Your browser doesn’t support HTML5
რევაზ პაპუაშვილი, ჩემი მეგზური ამ ძველ, ხარაჩოებში ჩასმულ შენობაში, 65 წლის არქეოლოგია. დღეს ის აქ შემორბენითაა, იმიტომ რომ დღე-დღეზე ანაკლიისკენ მიდის - მორიგ ექსპედიციაში.
40 წელია რევაზ პაპუაშვილი კოლხეთის მიწისქვეშა ცხოვრებას იკვლევს. თავიდან როგორც რიგითი, დამწყები არქეოლოგი, ბოლო 20 წელია ის კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს. იყო დრო, მიწის ქვეშ სასწაულებს რომ ელოდა, - განძს, ნამდვილ განძს, - მაგრამ გამოცდილებამ სულ სხვა დასკვნამდე მიიყვანა:
„როდესაც პროფესიონალად ყალიბდები, უკვე იცი, რომ შეიძლება ზოგჯერ ჭურჭლის ერთ ნატეხს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე ერთკილოგრამიან ოქროს ნივთს. აი, მაგალითად, სპეციფიკური ფორმის სხივანა საყურეები, რომლებიც ათეულობით არის მოპოვებული კოლხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ძეგლებზე - ეს უკვე ითვლება ორდინარულ აღმოჩენად. მაგრამ, მაგალითად, აღმოვაჩინე საბერძნეთში დამზადებული ე.წ. გარეული თხის სტილის კერამიკა, რომელიც კოლხეთში ჯერ არ აღმოუჩენიათ, აი, ამ ჭურჭლის ერთი ნატეხის აღმოჩენა გაცილებით უფრო ფასეული იქნება, ვიდრე იმ ოქროს საყურის აღმოჩენა“.
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, თიხა და ა.შ. - ბევრი, ძალიან ბევრი აღმოუჩენია მთელი 40 წლის განმავლობაში რევაზ პაპუაშვილს. ზუსტი რაოდენობა არ იცის. ათასობითო, მეუბნება. როდესაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კოლხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიზანმიმართული მუშაობა დაიწყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის, ანუ ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის, სამაროვნების მოძიებისა და შესწავლის მიზნით, დიდ კოლექტიურ სამარხ-ორმოებში მიცვალებულთათვის ჩატანებულ სხვადასხვა კატეგორიის მრავალრიცხოვან ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ოქროსაგან დამზადებული უნიკალური სამკაულიც. ქვის, თიხის, ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და მრავალგვარი მინერალისაგან დამზადებული მძივ–სამკაულის რაოდენობა ხშირად ათას ერთეულსაც კი აჭარბებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სამარხებში აღმოჩენილი ოქროს ნივთები სულ მცირე სამი საუკუნით მაინც უფრო ძველია, ვიდრე საქვეყნოდ ცნობილი ვანისა და საირხის უბრწყინვალესი ნიმუშები. როგორც რევაზ პაპუაშვილი ჰყვება, სოფელ ცაიშში, ერთ სამარხში, აღმოჩენილია 30-მდე ოქროს ნივთი, დათარიღებული ძვ.წ.აღ-ით მერვე საუკუნით, რამაც დაადასტურა, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე ოქრომჭედლობა და ოქროს ნაკეთობები სამი საუკუნით იმაზე ადრეც გვხვდებოდა, ვიდრე მეცნიერებმა ამ აღმოჩენამდე იცოდნენ.
რევაზ პაპუაშვილისათვის თითოეული აღმოჩენა განსაკუთრებული მოვლენა იყო, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მაინც დაგროვდა რამდენიმე არტეფაქტი, რომლის აღმოჩენის სიხარული ვერ გადაფარა სხვა არტეფაქტების მოძიებით მოგვრილმა ემოციებმა. ერთ-ერთი ასეთი არტეფაქტი არქეოლოგმა სოფელ ცაიშში იპოვა. ესაა ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკება. მანამდე ქალი ღვთაებები აღმოჩენილი იყო ურეკშიც, სოფელ ერგეტშიც, მაგრამ არა იმ კონსტრუქციით, რა კონსტრუქციითაც ეს ღვთაებები იპოვეს საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე, ჰერას სამლოცველოში - ცხენზე გვერდულად მჯდომი ქალი, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს, და რომლის შესახებაც იმთავითვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ქანდაკება კავკასიური წარმომავლობის არტეფაქტი იყო. ქანდაკება თარიღდება ძვ.წ.აღ-ის მერვე საუკუნის მეორე და მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრით:
„აწ გარდაცვლილი ოთარ ლორთქიფანიძე მეუბნებოდა ხოლმე, შენ უნდა იპოვო ეს ქანდაკებაო. ის 2002 წელს გარდაიცვალა, 2005 წელს კი, ცაიშის სამარხის გათხრის დროს, ორი ასეთი ქანდაკება აღმოჩნდა: შეკაზმულ ცხენზე სავარძელში მჯდარი ქალი, რომელსაც ცალ ხელში უჭირავს ბავშვი და ცალ ხელში - ყანწი. ამ აღმოჩენით საბოლოოდ გაეცა პასუხი კითხვას, ეს ნამდვილად კოლხური ქანდაკება იყო და კოლხეთიდან იყო ექსპორტირებული საბერძნეთში თუ არა“.
როგორც რევაზ პაპუაშვილი ამბობს, სწორედ კოლხეთის ექსპედიციის დროს აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობს იმას, რომ კოლხეთი არ იყო იზოლირებული ქვეყანა, არამედ მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც ჩრდილოეთთან, ასევე, კონტინენტურ საბერძნეთთან. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი აღმოჩენაა გასული საუკუნის დასაწყისში ბესის ეგვიპტური ღვთაება, ეგვიპტიდან იმპორტირებული. ამის დასტურია, ასევე, ცაიშსა და ერგეტში 2015 წლის ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩენა - წერაქვი, რკინის პირით და ბრინჯაოს ტარით. ეს იარაღი ძირითადად სკვითებისა და კიმერიელების საბრძოლო იარაღად ითვლებოდა.
კოლხეთის სამარხების კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ტერიტორიაზე ხალხი მდიდრულად ცხოვრობდა. საცხოვრებელი გარემო დაბლობში იყო ნოყიერი, მთებში უხვად მოიპოვებოდა ლითონის სხვადასხვა მადანი. მეტალურგიისა და სოფლის მეურნეობის ერთობლიობა მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებდა. კიდევ ერთი არქეოლოგი, ლერი ჯიბლაძე, რომელიც 30 წელია იკვლევს ანაკლიის ტერიტორიას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ფიჩორის ნამოსახლართა უნიკალურ სისტემაზე, რომელიც თარიღდება მესამე ათასწლეულის დასასრულიდან ძვ.წ.აღ-ით მეოთხე-მესამე საუკუნეებამდე და რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში გაითხარა:
ამ ძეგლისგან ველით გავარკვიოთ, რა პერიოდისა და როგორი ძეგლია, რა ფართობებზეა გადაშლილი. მე ველოდები სამშენებლო კონსტრუქციებს. ასევე, ველი გავიგო, თუ როდის დაიწყო ამ ტერიტორიაზე ცხოვრება და სადამდე გაგრძელდა. ეს ძეგლი, ასევე, საინტერესოა იმითაც, რომ ეს არის ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე ძეგლი...რევაზ პაპუაშვილი
„აქ იყო ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩენები. ბრინჯაოს საწარმო, სახელოსნოები, ხის საწარმო, 8 კგ. ხორბალი. ამით ირკვევა, რომ მესამე ათასწლეულიდან ძველი კოლხები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მეტალურგიას. ამაზე უფრო სტრატიფიცირებული ძეგლი კოლხეთის დაბლობზე ჯერ არ გათხრილა“.
ახლა რევაზ პაპუაშვილის ექსპედიცია ანაკლიის სამხრეთ ნაწილში, შუხუზი მაქაცარიას ნაყანზე, ერთ-ერთ ხელოვნურ ბორცვზე მუშაობს. ამ ბორცვის შესახებ ჯგუფის წევრებმა ჯერ კიდევ თითქმის 20 წლის წინ ადგილობრივი მკვიდრის, კოტე ყორშიასგან შეიტყვეს. ექსპედიცია ხელოვნურ ბორცვს, ანუ დიხა გუძუბს, იკვლევს. არქეოლოგი მეუბნება, რომ ამ გათხრებიდან ის ოქროს პოვნას არ ელის, თუმცა მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ სხვა ფაქტორები:
„ამ ძეგლისგან ველით გავარკვიოთ, რა პერიოდისა და როგორი ძეგლია, რა ფართობებზეა გადაშლილი. მე ველოდები სამშენებლო კონსტრუქციებს. ასევე, ველი გავიგო, თუ როდის დაიწყო ამ ტერიტორიაზე ცხოვრება და სადამდე გაგრძელდა. ეს ძეგლი, ასევე, საინტერესოა იმითაც, რომ ეს არის ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე ძეგლი. საინტერესო შეიძლება მომავალში გახდეს იმდენად, რამდენადაც ამ ტერიტორიაზე იგეგმება დიდი სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის სახით. ასევე, საზაფხულო ბანაკებია. შეიძლება, რომ ეს ტერიტორია გამოდგეს სასწავლო მიზნებისთვისაც“.
ბორცვზე მუშაობა ერთი კვირის წინ დაიწყო. ამ დროისათვის აღმოჩენილია ძვ.წ.აღ-ის მეხუთე-მეოთხე საუკუნეების ვრცელი დასახლება. როგორც არქეოლოგი მეუბნება, აქვე ელიან ბრინჯაოს ხანის დასახლების აღმოჩენას. მანამდე კი, ამ ერთ კვირაში, ნაპოვნია კოლხური სასმისები, ქვევრები, წისქვილის ქვები. ეს ექსპედიცია კიდევ 15 დღეს გასტანს. ჯერ კარგი ამინდებიაო, იმედიანადაა არქეოლოგი, რომელსაც სახესა და ხელებზე მზე აქვს ჩამჯდარი.
უზნაძის ქუჩაზე ვტოვებთ ანაკლიაში ნაპოვნი არტეფაქტების შავ-თეთრ ფოტოებს, დაქექილ კედლებზე მიკრულს. მიწაში სხვა განძია დაფლული, ჯერ არამოთხრილი.