ორი მინისტრი ერგნეთის სკოლაში

ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ერგნეთის სკოლაში

ბარბარე დოიჯაშვილმა ერგნეთის სკოლის კარი დღეს პირველად შეაღო. დაზეპირებული ლექსი რამდენჯერმე ათქმევინეს, ცალკე სტუმრებისთვის, ცალკე ჟურნალისტებისთვის, ცალკე კლასელებისთვის. კლასელები კი ბევრი არ არიან, სულ სამი ჰყავს, აქედან ერთი, მისი ტყუპისცალია.

Your browser doesn’t support HTML5

ორი მინისტრი ერგნეთის სკოლაში

ერგნეთის სკოლას მძიმე დღეები აქვს გადატანილი - აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შენობა დაიკავეს და იქ შტაბი მოაწყეს. გასვლისას კი გაძარცვეს. 2009 წლის თებერვლამდე, იქ სწავლა ვერ დაიწყო და როცა დაიწყო, მაშინაც ისროდნენ. სკოლის დირექტორი, მედეა ტრამაკიძე აცხადებს, რომ მაშინ სოფელი დაიცალა. მომდევნო წელს კი მხოლოდ ორი პირველკლასელი მიიღეს. წელს სკოლის მერხს პირველად ოთხი მოსწავლე მიუჯდა. სკოლაში ამჟამად 65 მოსწავლე ირიცხება.სკოლა საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან 300 მეტრში მდებარეობს.

ომის შემდეგ სკოლა აღადგინეს. იქ ნატოს საინფორმაციო კუთხეც მოაწყეს, რაც ერგნეთში ხუთმხრივი შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა, ოსურმა მხარემ ერგნეთი ნატოს წევრად ჩათვალა და შეხვედრების დვანში გადატანა მოითხოვა. ამ მიზეზის აბსურდულობას, ორიოდე წლის შემდეგ, ისევ თვითონ მიხვდნენ და ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვლავ განახლდა. ერგნეთის სკოლას სტუმრები არ აკლია, უსტუმროდ დღევანდელ დღესაც არ ჩაუვლია. მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცეს. ციხელაშვილმა მოსწავლეებს სასკოლო ნივთები ჩაუტანა და სამშვიდობო მოწოდება კიდევ ერთხელ გააკეთა მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები საზოგადოებისთვის.

სპორტის მინისტრმა ერგნეთის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. მისი გამოსვლაც სამშვიდობო მოწოდება იყო. ხეჩიკაშვილის თქმით, სპორტი ყველას აერთიანებს.

ერგნეთიდან მიგრაცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწყო. ბევრი ერგნეთელი ქალაქში დარჩა და უკან აღარ დაბრუნებულა. ამიტომაა რომ სკოლაში მხოლოდ ოთხი პირველკლასელი მივიდა. ადგილობრივების თქმით, თუ სოფელი არ განვითარდა, უკან დამბრუნებელი არავინ იქნება და მიგრაციის მასშტაბები უფრო გაიზრდება. ამჟამად სოფელშიარაერთი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, ამის მიუხედავად, ადგილობრივი პედაგოგები ვარაუდობენ, რომ მერმის უფრო მეტი პირველკლასელი შეაღებს ერგნეთის სკოლის კარს.