"Talinka" და "Harlem" - ორი ალბომის მიმოხილვა

გასული წლის ერთ-ერთი სიუჟეტი ცნობილ ისრაელელ საქსოფონისტს, გილად აცმონსა, და მის ბენდს, "აღმოსავლურ სახლს", დავუთმე. დღეს კი მისი ცოლის - ამავე დროს, ბენდის წევრის - შესახებ ვისაუბრებ, რომელმაც სულ ახლახან პირველი სოლო ალბომი გამოსცა.

Your browser doesn’t support HTML5

"Talinka" და "Harlem" - ორი ალბომის მიმოხილვა

ტალინკა გილადი მულტიინსტრუმენტალისტია. უკრავს სოპრანო-საქსოფონზე, ბას-კლარნეტსა და აკორდეონზე, თუმცა სადებიუტო დისკზე, სახელწოდებით "Talinka", მსმენელის წინაშე ვოკალისტის ამპლუაში წარდგა, ბენდი კი შემდეგნაირად დააკომპლექტა: საქსოფონი მეუღლეს ანდო, ხოლო ბასური ხაზი თანამედროვე ბრიტანული ჯაზური სცენის ერთ-ერთ წამყვან ბასისტს, იარონ სტავისს. საინტერესოა ისიც, რომ ტალინკამ პროექტში ბაროკოს ეპოქის მუსიკის შემსრულებელი ჯენი ბენეტი მოიწვია, შესაბამისად, ისეთი საკრავები დაიხმარა, როგორებიცაა: ვიოლა და გამბა, თეორბო და ფლეიტა. შემადგენლობას მოწვეული მუსიკოსები - პიანისტი ფრენკ ჰარისონი და იტალიელი პერკუსიონისტი ენცო ცირილლი - დაემატნენ.

დიახ, ტალინკა გილადმა სადებიუტო დისკზე სამუშაოდ განსხვავებული მუსიკალური მსოფლმხედველობისა და ხელწერის არტისტები გააერთიანა, ბაროკოს პერიოდის საკრავები ჯაზის ტრადიციულ ინსტრუმენტებს დაუკავშირა, ამ ყველაფერმა კი ალბომის მეტად ორიგინალური და უჩვეულო ბგერა განაპირობა. "ჩვენთვის მუსიკის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ჟანრის ერთგულება, ამიტომ ვაერთიანებთ სხვადასხვა ხალხების ფოლკლორს, ბაროკოს ჯაზს ვუკავშირებთ, ტანგოს კი თავისუფალი იმპროვიზაციით ვასრულებთ" - ასე განმარტეს არტისტებმა საკუთარი ნამოქმედარი.

რაც შეეხება ტალინკა გილადის ალბომში თავმოყრილ კომპოზიციებს, ისინი მეტწილად არტისტის საავტორო თხზულებებია. მათგან გამოვარჩევდი სიმღერას "Losing Vision" - სევდიან ბალადას სირიელი ლტოლვილების ტრაგიკულ ბედზე. ადგილი მოიძებნა სტანდარტებისთვისაც, რომლებიც, მუსიკოსის მელანქოლიური ვოკალური მეტყველების წყალობით, სრულიად ახლებური ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი. მაგალითისთვის ორ სიმღერას გამოვყოფდი - "Don’t Explain" და "You Don't Know What Love Is" - ბილი ჰოლიდეის რეპერტუარიდან.

ბრაზილიელი ჯაზის მუსიკოსები დიდებულად ასრულებენ მშობლიურ ბოსა-ნოვასა თუ სამბას. ამერიკელებმაც დიდი ხნის წინ აუღეს ალღო ამ მუსიკას და ჯაზის ისტორიაშიც მრავალი ეპოქალური ალბომი გამოცემულა სამხრეთულ მოტივებზე. ამ ფონზე კი განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ აღიქვამენ და ინტერპრეტირებენ თავად ბრაზილიელები ამერიკულ ჯაზს. მიმდინარე წელს კითხვაზე პასუხის გაცემა ტრომბონისტმა ჟორჟინიო ნეტომ სცადა და ბენდთან ერთად გამოუშვა ალბომი "ჰარლემი". "სამხრეთიდან დანახული ჩრდილოეთი"- ასე დაახასიათა ჟურნალმა "დაუნბითმა" დისკის კონცეფცია.

ჟორჟინიო ნეტომ საკუთარი ჯგუფი 2011 წელს ჩამოაყალიბა. "ჰარლემი" კოლექტივის მესამე პროექტია და, განსხვავებით წინა ორი დისკისგან, მასში ბრაზილიური მუსიკის ნასახიც არაა. არტისტმა ამერიკული ჯაზის 70-იანი წლების პერიოდი გაიხსენა და იმ ეპოქის დიალექტებიდან ფანკი გამოარჩია.

ალბომში ჟორჟინიო ნეტოს 8 საავტორო კომპოზიცია შევიდა. მათგან ყურადღებას იმსახურებს "პრელუდია", სადაც არტისტმა ჯონ ნიუტონისეული სასულიერო ჰიმნის, "Amazing Grace"-ის, მოტივები გამოიყენა და მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის ჩანაწერი მოარგო. ასევე საინტერესოა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა Mr Dave, Liberty და Weather Hunter. მათი უხეში გრუვი, რიტმული სტრუქტურა, ენერგია და სასულე საკრავების სოლო პარტიები ზოგს "the Weather Report"-ის მუსიკას, ზოგსაც ჰერბი ჰენკოკის ლეგენდარულ ალბომს, "Head Hunters"-ს, მოგაგონებთ.