უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საპროტესტო აქციებით

გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი თბილისში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმიც შედგა. ვიზიტის განმავლობაში გამართული შეხვედრების მთავარი თემები კი პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო. ვიქტორ ორბანის ოფიციალურ ვიზიტს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაც მოჰყვა.

Your browser doesn’t support HTML5

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საპროტესტო აქციებით

საქართველოსა და უნგრეთს შორის წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, თანახმად, წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ჩამოყალიბდა და იმედისმომცემია მომავალიც - კერძოდ, მხარეები პოლიტიკურ პარტნიორობასთან ერთად ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალს ხედავენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და საგანმანათლებლო პროექტები და სხვა. თავის მხრივ, ბიზნესფორუმზე გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნებს შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი:

„საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რასაც ჩვენ ბოლო წლები ვაკეთებდით. მე შევიტყვე ბევრი პროგრამის შესახებ, რომელიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ, განათლების სისტემის ცვლილებისკენ, განათლების საშუალებით ეკონომიკის რეალურ მოთხოვნათა დაახლოებისკენ. ყველა ასეთი საკითხი, მათ შორის, თუ როგორ მოგვარდეს ბიუროკრატიის პრობლემები, რაც შეიძლება აქ ვნახოთ, მიანიშნებს ასევე თქვენს ძირეულ აღქმაზე უნგრეთის ეკონომიკისა და უნგრული საზოგადოების, რაც ძალიან კარგი ნიშანი და შესაძლებლობაა თანამშრომლობისთვის“.

ვიქტორ ორბანს თბილისში ორი აქციით შეხვდნენ

ვიქტორ ორბანის თანახმად, საქართველოსა და უნგრეთს ერთნაირი ამბიციები აქვთ, პოლიტიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის სრულყოფილია და ახლა ჯერი ბიზნესზეა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდა თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით და ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას ხელს შეუწყობს ის ბიზნესფორუმიც, რომელიც 21 აპრილს გაიმართა თბილისში:

„დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან უნგრული ავიაკომპანია “Wizz Air” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ“.

გიორგი კვირიკაშვილმა სიამოვნებით აღნიშნა ისიც, რომ, უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან სტიპენდიით სარგებლობას 50-ის ნაცვლად 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს და სტიპენდიების გამოყოფა იგეგმება საშუალო განათლების მიმართულებითაც. თავის მხრივ, სწორედ საგანმანათლებლო საკითხი, კერძოდ, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოსალოდნელი დახურვა გახდა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის დაწყებისას ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აქციის გამართვის მიზეზი:

“ჩვენ გვინდა, რომ ბატონ ორბანს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ის არის იმ კანონის შემოქმედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს უნგრეთში და აკადემიურ თავისუფლებას უზღუდავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ევროპაში, მათ შორის, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის სწავლა-განათლებაში. ეს არის ვიწროდ მიმართული კანონი კონკრეტული უნივერსიტეტის წინააღმდეგ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ“.

“ვაპროტესტებთ იმას, რომ პოპულისტური ხელისუფლება იმის გამო, რომ ლიბერალიზმთან არის პრინციპულად დაპირისპირებული, გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს ამ უნივერსიტეტის საქმიანობა თავის ქვეყანაში და ამითი ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის უფლებებს, ჰუმანიზმს, მეცნიერებას, აკადემიურ თავისუფლებას“.

„საქართველო არის პოსტკომუნისტური ქვეყანა უნგრეთის მსგავსად, ის განიცდის გარდაქმნას და უნგრეთმა განვითარების ძალიან ცუდი გზა აირჩია. იქ სდევნიან ოპოზიციას, პროფკავშირებს, სტუდენტებს, უნივერსიტეტებს და ვფიქრობთ, რომ ორბანი არის ყველაზე ცუდი მაგალითი საქართველოს განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დღეს აქ მოსვლით საქართველოს მთავრობას შევახსენებთ, ვის არ უნდა დაემსგავსონ ისინი“.

„სახელმწიფო ვალდებულია, ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ლიდერებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და სახელმწიფოებთან და, შესაბამისად, ვერ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლით, რომ დაფიქსირდეს ჩვენი მხრიდან სოლიდარობის მუხტი, საპროტესტო მუხტი იმასთან დაკავშირებით, რაც უნგრეთში ხდება. სოლიდარულები ვართ სტუდენტების მიმართ“, -გვითხრეს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოლიდარობის აქციაზე გიორგი ბურჯანაძემ, ნოდარ ტანგიაშვილმა, ლევან ლორთქიფანიძემ და ირაკლი კუპრაძემ.​

ხუთიოდე მეტრში კი რადიკალურად განსხვავებული აზრები ისმოდა პარტია „ქართული იდეის“ მიერ გამართულ აქციაზე:

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სოროსი უნივერსიტეტს ააშენებს თუ ნებისმიერი სხვა ტიპის დაწესებულებას. გააჩნია, რა ისწავლება იქ, გააჩნია, რა იდეები ტარდება. აქედან გამომდინარე, ყველა ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მიერ მართული ჯგუფების დღეები დათვლილია საქართველოში“.

„მთელი ჩვენი მობილიზება არის სოროსის წინააღმდეგ, მისი მიმდევრების წინააღმდეგ და მისი გაზრდილების წინააღმდეგ“.

„ყველა აქა ვართ. ვისაც ქართული სისხლი უდუღს ძარღვებში, ყველა აქა ვართ“, - აღნიშნეს „ქართული იდეის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე თორნიკე კივილაძემ, მზია ქათამაძემ და ნატო ბაკურაძემ.

აქციების ხასიათიდან გამომდინარე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოჩენას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წინ, სადაც საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, ერთდროულად ტაში და სტვენა მოჰყვა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კი ბიზნესფორუმის შემდეგ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართა.