რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას კახეთის გუბერნატორთან?

სიღნაღი

კახეთის გუბერნატორი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, „ის დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს“. ოპოზიცია კი ასაბუთებს, თუ რატომ უნდა დატოვოს მან თანამდებობა.

მას შემდეგ, რაც 10 მარტს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობა დატოვეს, მედიაში, ოპოზიციურ პარტიებზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობას დატოვებდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც, თუმცა გუბერნატორი დღეს ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, მისი თქმით, „დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს თავადაც და მისი ადმინისტრაციაც“:

„ოპოზიციასაც და მედიასაშუალებებსაც მინდა ვუთხრა, რომ მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას და თუ რამე სიახლე იქნება, ჩვენ დავნერგეთ ის სტანდარტი, რომ, საზოგადოებასთან ერთად, ყველა ერთად იგებს სიახლეებს. ასე რომ, არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“.

ირაკლი შიოლაშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია, თუმცა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი ღვინიაშვილი, ფიქრობს, რომ მან ეს თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. თუ რატომ, ღვინიაშვილი მიზეზებს ასახელებს:

„კახეთის გუბერნატორი და მისი მშობლები სახელმწიფო რესურსს საკუთარი ბიზნესისთვის იყენებენ. ცნობილია, მისი მშობლები წლების განმავლობაში როგორ იკავებდნენ და როგორ აწარმოებდნენ ბიზნესს დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის შენობაში და ამის სანაცვლოდ არც ქირას იხდიდნენ და, საერთოდ, სახელმწიფოში თეთრი არ შეუტანიათ. გასულ წელს კახეთში ჩვენ, ანტიკორუფციული კომიტეტი, ჩავედით და ჩვენზე თავდასხმა რომ ხდებოდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად, იყო კახეთის გუბერნატორი. ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს და მე მიმაჩნია, რომ ასეთი გუბერნატორი კახეთს არ უნდა ჰყავდეს“.

მას შემდეგ, რაც ირაკლი შიოლაშვილი გუბერნატორია, ოპოზიცია მას მუდმივად ადანაშაულებს, რომ ის თვითმმართველობათა მუშაობაში უხეშად ერევა და საკადრო პოლიტიკასაც განაგებს. თელავში საკრებულოს წევრი პარტია „ახალი მემარჯვენეებიდან“ ნიკოლოზ ვარდოშვილი ამბობს, რომ „კახეთის ყველა საკრებულო მუშაობის დღის წესრიგს ირაკლი შიოლაშვილთან ათანხმებს.:

„ირაკლი შიოლაშვილთან თანხმდება ცხრავე საკრებულოს დღის წესრიგი. ჩვენ, როგორც იქნა, თელავი, თვითმმართველი გავხდით და დეცენტრალიზაციაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ დეცენტრალიზაციამდე თელავს და კახეთს სჭირდება "დეშიოლაშვილიზაცია“.

ირაკლი შიოლაშვილი კი ირწმუნება, რომ თვითმმართველობების მუშაობაში ერევა მხოლოდ კანონდებლობით დაშვებული ფორმით. მისი თქმით, ის ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს:

„მე ვარ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენელი. ნებისმიერ სამინისტროსთან თვითმმართველობებს ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდებათ უამრავი კომუნიკაცია, ამ ყველაფრის კოორდინაცია სწორედ გუბერნატორის ადმინისტრაციას ევალება“.

ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორი 2013 წლის დეკემბერში გახდა.

მანამდე, 2012 წლიდან, დედოფლისწყაროს გამგებელი იყო. ადგილობრივი მედია მასალების მომზადების დროს მას ხშირად მოიხსენიებდა როგორც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, კადრს, რადგან ცნობილია, რომ ირაკლი შიოლაშვილი ყოფილი პრემიერის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, თანაკლასელია.