ინტერნეტით ვაჭრობა თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში, სადაც მაღაზიასთან ურთიერთობისთვის დამატებით კიდევ ერთი, გადამზიდი, კომპანიაა საჭირო და სადაც ეროვნული ვალუტა არც ისე მყარია, მომხმარებლებს ამ მარტივ პროცესში რიგი სირთულეები ექმნებათ.
რას ყიდულობენ ქართველები ყველაზე ხშირად ონლაინ, რამდენად იკლო გამოწერებმა საქართველოდან ლარის დევალვაციის პირობებში და აპირებს თუ არა სახელმწიფო განბაჟებისას 300-ლარიანი საბაჟო ზღვრის დაწევას? (გზავნილი, რომლის ფასი 300 ლარს აღემატება, იბეგრება 18% დღგ-თი).
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური საიტის, alexa.com-ის, მონაცემებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებს და მათ ქცევას სწავლობს ინტერნეტში, საქართველოში ყველაზე პოპულარულ 15 საიტს შორის 4 ონლაინმაღაზიაა. ამ სტატისტიკის მიხედვით, საზღვარგარეთიდან პროდუქციის გამოწერა ძალიან მიმზიდველია საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზია AMAZON.COM მეშვიდე ადგილზეა მოხმარების სიხშირის მიხედვით. შემდეგ მოდის ქართული ინტერნეტმაღაზიები MYAUTO.GE და MYMARKET.GE, რომლებიც როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის საშუალებას იძლევა. ინტერნეტაუქციონი EBAY.COM-ი კი, რომლის მოხმარებაზეც დიდი ხნის განმავლობაში ქართველ მომხმარებელს ფეი-ფალის არარსებობის გამო ხელი არ მიუწვდებოდა, 2015 წლის მონაცემებით, მეთხუთმეტე ადგილზეა.
ინტერნეტით ვაჭრობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ როგორც აქტიური მომხმარებლები ამბობენ, დადებითი უარყოფითს ბევრად აღემატება. დიდი არჩევანი, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, სანდო პროდუქცია, არაფალსიფიცირებული ნივთები და დაბალი ფასი ის ფაქტორებია, რის გამოც მსოფლიოში სახლიდან გაუსვლელად ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მილიონობით ნივთს ყიდულობს. ცხადია, არსებობს საფრთხე, რომ რაღაც არ მოგერგება, ისეთი კარგი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდი, მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს: ისევ ინტერნეტში შეგიძლია იპოვო მისი ახალი მფლობელი.
ასე იქცევა, მაგალითად, მაიკო ლუხუმაიძე, რომელიც ყველაზე ხშირად ინტერნეტმაღაზიებს სუნამოებისა და ფეხსაცმელების საყიდლად აკითხავს. იშვიათად ხდება, რომ ნაყიდი ნივთი მოლოდინს არ შეესაბამება, მაგრამ მათი გაყიდვა არ უჭირს: ადგილობრივ ბაზარზე ნაყიდ პროდუქტებთან შედარებით, ფასი და ხარისხი იმდენად კონკურენტულია, რომ მათთვის სხვა პატრონის მოძებნა არასოდეს გასჭირვებია.
“სუნამოებს იმიტომ ვყიდულობ, რომ აქ ნაყიდი, როგორც წესი, არის უხარისხო, არანაირი არომატი არ აქვს და ძალიან ძვირი მიჯდება. თითქმის სამმაგ ფასად ყიდიან. ფეხსაცმელს - იმიტომ, რომ, როცა ბრენდს ყიდულობ, იცი, ნამდვილად კარგი ჩამომივა და ერთ თვეში არ გაფუჭდება. უფრო ნაკლებად ვიწერ ახლა, ვიდრე ადრე ვიწერდი, მაგრამ უპირატესობას მაინც ონლაინშოპინგს ვანიჭებ“, - ამბობს მაიკო ლუხუმაიძე.
ინტენსივობის შემცირებაზე ლაპარაკობს საქართველოში თითქმის ყველა, ვინც ამ ტიპის ვაჭრობაშია ჩაბმული, რის მიზეზადაც ლარის დევალვაციას და პირადი ნივთის განბაჟებასთან დაკავშირებულ მოქმედ კანონმდებლობას ასახელებენ.
მე ვიწერ ძალიან დიდი ხანია - ალბათ, უკვე 6-7 წელია, ახლა ისე ხშირად აღარ ვიწერ. გარდა იმისა, რომ აქ უფრო მეტი მაღაზია გაიხსნა, - თუნდაც, ტანსაცმლის ბევრად მეტი ბრენდი შემოვიდა, ვიდრე თავის დროზე იყო, - ძალიანაც გაძვირდა...ირუშა სეფერთელაძე
ირუშა სეფერთელაძე უკვე წლებია სასურველ ნივთებს სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიიდან იწერს. იწერდა ყველაფერს: ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიას. ირუშა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვალებადობამ მის საყიდლების სიაზე აშკარა გავლენა იქონია:
“მე ვიწერ ძალიან დიდი ხანია - ალბათ, უკვე 6-7 წელია, ახლა ისე ხშირად აღარ ვიწერ. გარდა იმისა, რომ აქ უფრო მეტი მაღაზია გაიხსნა, - თუნდაც, ტანსაცმლის ბევრად მეტი ბრენდი შემოვიდა, ვიდრე თავის დროზე იყო, - ძალიანაც გაძვირდა. თუ მე შემეძლო გამომეწერა 150 დოლარის რაღაცები და ეს მიჯდებოდა 300 ლარზე ნაკლები, შესაბამისად, არ უწევდა განბაჟება, ახლა 300 ლარს ლამის 100 დოლარის პროდუქცია სცდება და მიწევს 18 %-ის დამატებით გადახდა. თუ თვეში დაახლოებით 5-6 რამეს ვიწერდი, ახლა შეიძლება ერთი ნივთი გამოვწერო. დისკომფორტია, როცა სულ უნდა აკონტროლო თანხა და იფიქრო განბაჟებაზე“.
საქართველოში ინტერნეტმომხმარებლებს სასურველი ნივთის მიღებაში გადამზიდი კომპანიები ეხმარებიან. სწორედ მათი დახმარებით ჩამოდის ესა თუ ის ნივთი კონკრეტულ ადამიანთან. ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიის დირექტორი, გია სეთურიძე, რომელიც საკუთარი კლიენტების მაგალითზე აკვირდება ინტერნეტმაღაზიების მუშაობის თავისებურებებს, ამბობს, რომ საქართველოში ხშირად იწერენ ნივთებს არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ კომპანიებისა და საწარმოებისთვის, რაც აქ სპეციფიკური მასალების დეფიციტით აიხსნება.
“არიან ასევე კომპანიები, კერძო პირები, რომლებიც სპეციალურ ნივთებს ან ცალკეულ დეტალებს იწერენ, რაც თავისი ბიზნესისთვის, კერძო მეურნეობისთვის, წარმოებისთვის სჭირდებათ. ონლაინშოპინგი - ეს არის, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის ხელშეწყობა, სპეკულაციურ ფასებთან ბრძოლა და არაჯანსაღი ბიზნესის აღმოფხვრა”, - ამბობს გია სეთურიძე ჩვენთან საუბრისას.
საქართველოში ონლაინმაღაზიების პოპულარობამ განაპირობა მათი მომხმარებლების აქტიურობაც. ის მოქალაქეები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცადეს, რას ნიშნავს მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები, ცდილობენ გზადაგზა გაჩენილი პრობლემები მოაგვარონ. ასე შეიქმნა 2015 წლის მარტში სპეციალური პეტიცია პარლამენტის, მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მისამართით. პეტიციაზე ხელმომწერმა 7 000 მოქალაქემ არსებული 300-ლარიანი ზღვრის 1 500 ლარამდე აწევა მოითხოვა.
ონლაინშოპინგთან დაკავშირებით განსაზღვრულ თანხაზე ცვლილებები შემუშავებულია, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მომდევნო კვირაში...ხატია მოისწრაფიშვილი
“დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ 160-170 $-ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი, ახლა 135 $-ის ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება. ზღვარის აწევა გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს. ვფიქრობთ, ეს მისაღები უნდა იყოს ხელისუფლებისათვის“, - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციას მხარს უჭერდა გადამზიდავი კომპანია „კამექსიც“, რომლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, მათი ბრუნვა 20 % -ით შემცირდა, რაც, სხვა გადამზიდავ კომპანიებთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელია:
“ჩვენ შეგვიმცირდა 20 %-ით, 2014 წელთან შედარებით, სხვა კომპანიებს - 45-50 %-ით. დოლარის კურსის ზრდამ, რა თქმა უნდა, იქონია გავლენა. რაც დაიწყო დოლარის კურსის ზრდა, დაფიქსირდა, დაახლოებით, 30 %-იანი კლება. ასევე აღსანიშნავია ის ნახტომები, როცა პანიკურად იცვლებოდა კურსი, მოსახლეობა ცდილობდა საერთოდ არ დაეხარჯათ თანხები და დალოდებოდნენ, როგორ განვითარდებოდა კურსი. ეს ინდიკატორები არსებობს, ასეთი უარყოფითი ტენდენციები ვაჭრობაში ყოველთვის აღინიშნება და არამხოლოდ ონლაინვაჭრობას ახლავს თან”.
მოქალაქეების პეტიციას მყისიერი რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ და მომდევნო კვირაშია დაგეგმილი შემუშავებული ცვლილებების განხილვა.
“ონლაინშოპინგთან დაკავშირებით განსაზღვრულ თანხაზე ცვლილებები შემუშავებულია, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მომდევნო კვირაში”, - გვითხრა ხატია მოისწრაფიშვილმა.