ეკონომიკურ წარმატებებს, რომლებსაც მიაღწია ენერგორესურსებით მდიდარმა ყაზახეთმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველობის 30 წლის განმავლობაში, ხშირად აყენებს ხოლმე ჩრდილს ცნობები არადემოკრატიული, რეპრესიული მეთოდებისა და ოპონენტების დევნის შესახებ, რაც სდევდა თან მის მმართველობას. განსაკუთრებით საყურადღებოა ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ხშირი გაუჩინარება.
ნაზარბაევი 1980-იანი წლებიდან ედგა სათავეში ყაზახეთს. ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელ იყო, როცა 19 მარტს გამოაცხადა, რომ წყვეტს პრეზიდენტობას.
ყოფილი მეფოლადე და კომპარტიის ყოფილი ფუნქციონერი მემკვიდრეობად ტოვებს ეკონომიკურ წინსვლას, მაგრამ ამავე დროს რეჟიმს, რომელიც უგულებელყოფდა დემოკრატიულ ნორმებს, ავიწროებდა დამოუკიდებელ მედიას და ახშობდა მისი ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ნებისმიერ გამოვლინებას.
„ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყაზახეთის ხელისუფლება „უხეშად ზღუდავს“ შეკრების, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ კი ყაზახეთს „კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ ახასიათებს. ყოველწლიურ ანგარიშებში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ყაზახეთი უფრო ნაკლებად დემოკრატიული და მეტად რეპრესიული გახდა.
„რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ 180 ქვეყანას შორის ყაზახეთი 158-ე ადგილზე მოათავსა თავის 2018 წლის ანგარიშში. ორგანიზაცია „ფორუმი 18“ კი, რომელიც რელიგიური თავისუფლებების დაცვას აკვირდება, აცხადებს, რომ ყაზახეთში „იზღუდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მათი რელიგიური მრწამსისთვის ათავსებენ ციხეში.
ნაზარბაევის პრეზიდენტობას თან სდევდა საეჭვო სიკვდილის მრავალრიცხოვანი შემთხვევები. მათგან ბევრი - საქმე ეხება ჟურნალისტების, აქტივისტების, საპროტესტო აქციების მონაწილეების, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების სიკვდილს - ჯერაც არ არის გახსნილი. ბევრი ეს ადამიანი ციხეში იყო მოთავსებული, უფლებადამცველთა აზრის, შეთითხნილი ბრალდებებით.
ნოემბერში ფონდმა „ღია დიალოგმა“ ყაზახეთში დაასახელა სულ მცირე 40 ადამიანი, რომელიც მას მიაჩნია პოლიტიკურ პატიმრად, ან რომელთა თავისუფლებები იზღუდება. ბევრი მათგანი ბლოგერია.
გაუჩინარებულები და დაღუპულები
გთავაზობთ რამდენიმეს. ეს ადამიანები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში - 1989 წელს ხელისუფლებაში ნაზარბაევის მოსვლის შემდეგ დღემდე - გაურკვეველ ვითარებებში დაიღუპნენ ან გაუჩინარდნენ.
66 წლის ნური მუფტახი იყო ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც უცნაურ ვითარებებში დაიღუპა 2002 წელს, როცა ავტობუსმა გადაუარა პატარა ქალაქის ავტობუსების სადგურზე.
ჟურნალისტი ალექსეი პუგაევი სპეციალიზებული იყო ადამიანის უფლებებზე, გამოსცემდა ოპოზიციურ გაზეთ „ევრაზიას“. 2002 წელს ის საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა ალმა-ათის ცენტრში.
ასხატ შარიპჟანოვი - ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის მაშინდელი დირექტორის, მერხატ შარიპჟანოვის ძმა. 40 წლის შარიპჟანოვი 2004 წელს ალმა-ათის ცენტრში იპოვეს დასისხლიანებული, უგონოდ, თავის ქალას მოტეხილობით. ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მას ავტომანქანა დაეჯახა. მაგრამ შარიპჟანოვის მეგობრების თქმით, მისი ტრავმები იმაზე მიანიშნებს, რომ მას ჯერ თავში ჩაარტყეს, სანამ მანქანა დაეჯახებოდა.
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შარიპჟანოვმა ოპოზიციის ორ ლიდერთან ინტერვიუები აიღო გამოძიების ფარგლებში, რომლის შედეგები მალე უნდა გამოქვეყნებულიყო. ვერც ამ ჟურნალისტური გამოძიების მასალები იქნა ნაპოვნი და ვერც ინტერვიუები ოპოზიციის იმ ორ ლიდერთან, რომლებიც, სხვათა შორის, შარიპჟანოვის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში დაიღუპნენ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.
იური ბაევი, გაზეთ „ტალაპის“ მთავარი რედაქტორი, 2004 წელს დაიღუპა მას შემდეგ, რაც მას ავტომანქანა დაეჯახა ქალაქ ორალში. ის წერდა „ყაზახგეიტის“ სახელით ცნობილ სკანდალზე.
37 წლის ერჟან ტატიშევი, ყაზახეთის უმსხვილესი ბანკის, Bank Turan Alem-ის ხელმძღვანელი, 2004 წლის დეკემბერში დაიღუპა მგლებზე ნადირობისას. ხელისუფლების თანახმად, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, მისი სიკვდილის საეჭვო გარემოებები მკვლელობაზე მიანიშნებს. 2018 წელს ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე მუხტარ აბლიაზოვი, რომელიც განდევნილი იყო ქვეყნიდან, დაუსწრებლად აღიარეს ტატიშევის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ.
54 წლის ბატირხან დარიმბეტი, ოპოზიციური პარტია „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ყოფილი კორესპონდენტი, ექვს დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც საეჭვო საავტომობილო ავარიაში მოყვა 2005 წელს.
60 წლის ზამანბეკ ნურყადილოვი, ყოფილი მინისტრი და ალმა-ათის მერი, რომელიც 2004 წელს ოპოზიციას შეუერთდა და პრეზიდენტ ნაზარბაევს კორუფციაში სდებდა ბრალს, 2005 წელს მკვდარი იპოვეს საკუთარ სახლში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე. ეს მოხდა მას მერე, რაც ნურკადილოვმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა ხელისუფლების უმაღლეს დონეზე არსებული კორუფციის შესახებ მასალებს. მას ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მკერდში და ერთი თავში. ოფიციალურად მისი სიკვდილი თვითმკვლელობად აღიარეს.
ტელეარხ NTK-ს საინფორმაციო გადაცემის მოდერატორი, 23 წლის ანასტასია ნოვიკოვა, ნაზარბაევის სიძის, რახატ ალიევის ძმის სატრფო იყო. 2004 წელს ნოვიკოვა გაურკვეველ გარემოებებში მოკლეს ბეირუთში, სადაც სამშობიაროდ გაემგზავრა. ნოვიკოვას მეგობრები და ნათესავები რახატ ალიევს სდებენ ბრალს მის სიკვდილში.
14 წლის ოქსანა ნიკიტინა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ელენა ნიკიტინას ქალიშვილი 2005 წლის ოქტომბერში გაქრა ალმა-ათიდან და ის რამდენიმე კვირის შემდეგ იპოვეს მკვდარი. ელენა ნიკიტინაზე პოლიცია ზეწოლას ახორციელებდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია ოპოზიციური დაჯგუფების შესახებ. ეს მისი ქალიშვილის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.
44 წლის ალტინბეკ სარსენბაიული (იგივე სარსენბაევი) რუსეთში ყაზახეთის ყოფილი ელჩი და ოპოზიციური პარტია „ჭეშმარიტი ნათელი გზის“ თანათავმჯდომარე - ნაზარბაევის პოლიტიკურ მეტოქედ ითვლებოდა. 2006 წლის 11 თებერვალს სარსენბაიული, მისი ოფიციალური წარმომადგენელი ბაუირჟან ბაიბოსინი და მძღოლი ვასილი ჟურავლიოვი გაუჩინარდნენ. ორი დღის შემდეგ ისინი მკვდრები იპოვეს ალმა-ათის მახლობლად. მათთვის ზურგსუკან გაეკრათ ხელები, თავში კი ნატყვიარები ჰქონდათ.
37 წლის საკენ ტაუჟანოვი ბლოგერი იყო, მან ნაზარბაევის კრიტიკით გაითქვა სახელი. ტაუჟანოვს სატვირთო მანქანა დაეჯახა, როცა ის 2007 წელს ქუჩას კვეთდა ალმა-ათაში. მანამდე ხუთი დღით ადრე მან მწვავედ გააკრიტიკა მთავრობა თავის უკანასკნელ სტატიაში. პოლიციამ მისი სიკვდილი ჩვეულებრივ საგზაო ინციდენტად მიიჩნია.
39 წლის ორაგლაიშა ომარშანოვა რეპორტიორი იყო რუსულ-ყაზახურ ყოველდღიურ გაზეთ „სამართალსა და სამართლიანობაში“. ის 2007 წლის მარტში გაუჩინარდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ჩაატარა გამოძიება ყაზახეთის სამხრეთში ეთნიკურ ჩეჩნებსა და ყაზახებს შორის შეტაკებების შესახებ. ომარშანოვა იკვლევდა ამ შეტაკებების შესაძლო კავშირს პოლიტიკასთან. ის დღემდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
53 წლის რახატ ალიევი, ნაზარბაევის ყოფილი სიძე, 2015 წლის თებერვალში ვენის ციხის საკანში იპოვეს ჩამოხრჩობილი. რამდენიმე დღეში მას ჩვენება უნდა მიეცა ორი ყაზახი ბანკირის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ალიევი ნაზარბარევის უფროს ქალიშვილზე, დარიგაზე იყო დაქორწინებული მანამდე, სანამ 2007 წელს იგი ნაზარბაევთან კონფლიქტის გამო ძალით დააშორეს მეუღლეს. ვენელმა გამომძიებლებმა ალიევის სიკვდილს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ცნობილი სამედიცინო-სასამართლო ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ალიევი ჯერ გაგუდეს და შემდეგ ჩამოკიდეს.
„ნურბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარე ჟოლდას ტიმრალიევი და ბანკის მმართველი აიბარ ხასენოვი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოცხადდნენ 2007 წლის დამდეგს. რამდენიმე წლის შემდეგ კი მათი დასახიჩრებული გვამები ნაგავსაყრელზე იპოვეს. ისინი რამდენიმე კვირაში გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც ტიმრალიევმა და „ნურბანკის“ სხვა თანამშრომელმა განაცხადეს, რომ რახატ ალიევმა გაიტაცა ისინი და 24 საათის განმავლობაში სცემდა, რათა ეიძულებინა ისინი, მისთვის მიეყიდათ ბანკის შენობა ალმა-ათაში. მოგვიანებით ყაზახეთში ალიევს ბრალი დასდეს ბანკირების მკვლელობაში უშუალო მონაწილეობაში. მაგრამ ავსტრიის ხელისუფლებამ უარი თქვა მის ექსტრადიციაზე.
ჟანაოზენის სისხლისღვრა
სულ მცირე 14 მენავთობე და მათი მომხრეები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლას მართავდნენ ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მოკლულ იქნენ სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ქალაქ ჟანაოზენში, 2011 წლის დეკემბერში. დემონსტრანტები ირწმუნებიან, რომ მოკლულია ათობით ადამიანი, სახელმწიფოს წარმომადგენელთა თქმით კი, დაიღუპა 11 ადამიანი.
დაკავება, დევნა, დაპატიმრება
ათობით მაღალჩინოსანმა, ბიზნესმენმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა განიცადა დევნა, მათ აკავებდნენ და აპატიმრებდნენ. ბევრმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავი ნაზარბაევის მმართველობის დროს.
აი, რამდენიმე განსაკუთრებით საგულისხმო შემთხვევა:
მუხტარ აბლიაზოვი იყო ბანკ BTA-ს ყოფილი თავმჯდომარე, ყაზახეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური პარტიის, „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ დამფუძნებელი. 2009 წელს ის ყაზახეთიდან დიდ ბრიტანეთში გაიქცა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ის საფრანგეთში დააკავეს BTA-დან მილიარდების მოპარვის ბრალდებით და სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
აკეჟენ კაჟეგელდინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 1994 წლიდან, სანამ 1997 წელს გააკრიტიკებდა ნაზარბაევს და გადადგებოდა. კაჟეგელდინს აეკრძალა 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მოგვიანებით კი მას ნაზარბაევის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაედო ბრალი. კაჟეგელდინი დასავლეთში გაიქცა და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
მუხტარ ჯაკიშევს, ბიზნესმენსა და „ყაზატომპრომის“ ყოფილ ხელმძღვანელს, 2001 წლამდე ეკავა ეს თანამდებობა, როცა ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრის მოადგილე გახდა. 2002 წელს დაბრუნდა „ყაზატომპრომის“ ხელმძღვანელის პოსტზე, მაგრამ ის მოხსნეს და 2009 წელს გაფლანგვის ბრალდება წაუყენეს. მრავალი მიმომხილველის აზრით, ბრალდება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2010 წელს ჯაკიშევს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ტატიანა პარასკევიჩი ხელმძღვანელობდა ევრაზიის საინვესტიციო-სამრეწველო ჯგუფს, სადაც აბლიაზოვთან ერთად მუშაობდა. ის 2012 წელს გაიქცა დასავლეთში და დამკვიდრდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ორი წელი პატიმრობაში იმყოფებოდა, როცა ყაზახეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. ყაზახეთის ხელისუფლებამ მას გაფლანგვასა და რესურსების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.
გალიმჟან ჟაკიანოვი, ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი და ოპოზიციის ლიდერი, 2002-დან 2006 წლამდე ციხეში ჩასვეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ის ყაზახეთიდან აშშ-ში გაემგზავრა.
ვლადიმირ კოზლოვი არის ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც 2005 წელს დააარსა პარტია „ალგა“. 2011 წელს ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. 2012 წელს კოზლოვს სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში დასდეს ბრალი ჟანაოზენის გაფიცული მენავთობეების მხარდაჭერისთვის. მას შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა. გაათავისუფლეს 2016 წელს.
მურატბეკ კეტებაევი იყო ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი პარტია „ალგას“ ლიდერი გახდა. კეტებაევი აქვეყნებდა პუბლიკაციებს ნაზარბაევის მთავრობაში ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ. 2010 წელს მწვავე ზეწოლის კამპანიის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. კეტებაევს ტერაქტების მომზადებაში დასდეს ბრალი. იგი დასახლდა პოლონეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.