რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა გორში დილიდან დაიწყო. გორელმა ახალგაზრდებმა ცხინვალელ თანატოლებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და ოს ახალგაზრდებს ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს. სამშვიდობო აქცია, სახელწოდებით „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“, საზოგადოებრივი კავშირის, „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“, ორგანიზებით მოეწყო. აქციის მიზანი იყო იმ ადამიანების გახსენება და პატივის მიგება, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რა შედეგები მოაქვს ომს და რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და უსაფრთხო გარემო ყველასათვის. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლალი ომიაძის, განცხადებით, ნდობის აღდგენაში, გამყოფი ხაზებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე მშვიდობიან თანაცხოვრებაში ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.
ახალგაზრდების აქციას გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი შეუერთდა. მისი თქმით, უდიდესი როლი აკისრიათ ახალგაზრდებს ნდობის აღდგენის საქმეში და სახელმწიფოს პოლიტიკაც კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შინდისში ჩავიდნენ და ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შინდისის გმირების თავგანწირვა სახელმძღვანელოებშია შესატანი. მისი თქმით, ამ გმირებმა თავი სამშობლოს ღირსებისთვის დადეს და ყველას მოვალეობაა მათ ხსოვნას პატივი მიაგოს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ის დრო გაიხსენა, როცა სახალხო დამცველად მუშაობდა. მისი თქმით, ომის დროს გორში იმყოფებოდა, მისი თანამშრომლები კი ოკუპირებულ სოფლებში შედიოდნენ და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს აღრიცხავდნენ.
დღის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ატენში ჩავიდნენ და იმ ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც 6 წლის წინ გორიდან დევნილი ადამიანები შეიფარეს.