ქართულ მხატვრულ, კონკრეტულად კი, პოეტურ მინიატიურას დიდი ტრადიცია აქვს. ამიტომაც ამ ჟანრის ნებისმიერი სიახლე დიდ გამბედაობას მოითხოვს და თუ ავტორი შინაგანად არ გრძნობს თავის თავში ძალასა და მოტივაციას, საეჭვოა, ამ მიმართულებით შექმნას რაიმე ფასეული, ისეთი, რაც ნამდვილად ახალი იქნება და არა ძველის ვარიანტული გამეორება.
ამ მიზეზით, თავიდან მე, პირადად, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ოლესია თავაძის კრებულისადმი "კაკლის ქარები“, 2013 წელს რომ დასტამბა გამომცემლობა "ჩვენმა მწერლობამ“.
მიუხედავად იმისა, რომ კრებულს უძღვის რედაქტორის, როსტომ ჩხეიძის, შესანიშნავი წინათქმა, სადაც ავტორის ნიჭიერებასა და გამორჩეულობაზეა ლაპარაკი, და ისიც ვიცოდი, რომ ქალბატონი ოლესია ბრწყინვალე წიგნის გრაფიკოსი და მხატვარია, მაინც ვფიქრობდი, რომ მწერლობა მისი უბრალო ჰობი იქნებოდა და არა მეორე, ძალზე სერიოზული, პროფესია.
საერთოდ, იშვიათი მოვლენაა, რომ ერთნაირად კარგი მწერალი და მხატვარი იყოს ვინმე და აი, ქალბატონი ოლესია არის ასეთი...ლევან ბრეგაძე
ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია - ფრაზასთან, ბგერწერასთან სწორედ პროფესიული დამოკიდებულება აქცევს ამ კრებულს ქართული ლიტერატურის ფაქტად და მისი ყველა მინიატიურა გამორჩეული, რამდენიმე კი, უბრალოდ, შედევრია.
ამიტომაც, კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე, რომელიც ქებას ძალიან იშვიათად იმეტებს ვინმეს მისამართით, ოლესია თავაძის ამ კრებულის შესახებ ძირითადად აღმატებული ეპითეტებით გვესაუბრა და გვითხრა:
"საერთოდ, იშვიათი მოვლენაა, რომ ერთნაირად კარგი მწერალი და მხატვარი იყოს ვინმე და აი, ქალბატონი ოლესია არის ასეთი. პირველად მისი მინიატიურებით მოვიხიბლე რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად მე გამოვაქვეყნე ისინი ჟურნალ ,,ქართულ მწერლობაში“, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტში” გამოდიოდა. შემდეგ მან წიგნადაც გამოსცა ის მინიატიურები და სხვებიც და ახლა ეს მეორე წიგნია - არაჩვეულებრივი წიგნი იმ მხრივ, რომ ეს არის იშვიათი ჩვენს დროში - ლირიზმი, თანაც სევდიანი ლირიზმი. ეს სევდა წარმავლობის სევდა არის იმის გამო, რომ დროს თავისი მიაქვს და ძალიან შეჩვეულ ნივთებს, საგნებს, ადამიანებს ვეთხოვებით. ამ წიგნის ავტორის მიზანია, როგორმე გაახანგრძლივოს სიცოცხლე თავის ნაწერებში ადამიანების, ნივთების. ერთგან ასეთი ფრაზა აქვს: ,,როგორ შვენის ნივთს ბიოგრაფია“ და ის - ავტორი, ქალბატონი ოლესია - თავის მინიატიურებში ამ ნივთების ბიოგრაფიის ფრაგმენტებს გადმოსცემს არაჩვეულებრივი ლიტერატურული ოსტატობით“.
ეს ლიტერატურული ოსტატობა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ვლინდება ხოლმე და არ არსებობს ერთი უცდომელი საზომი, რაც ამა თუ იმ ტექსტთან მიმართებით თანაბრად გაგვაგებინებს, რა არის იქ კონკრეტულად ფასეული და რა არა. უფრო სწორად, რაც ერთ შემთხვევაში უგემოვნობად შეიძლება მოინათლოს, მეორეგან სწორედ დიდი გემოვნების დასტურად გვევლინება.
ოლესია თავაძის ნაწერებში ამ უცნაური ლიტერატურული ოქსიმორონის ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე ლევან ბრეგაძემაც მიუთითა ჩვენთან საუბრისას და აღნიშნა:
"ლიტერატურულ ოსტატობაზე რაკი ჩამოვარდა სიტყვა, არ შემიძლია ერთი მაგალითი არ გავიხსენო, საამისოდ გამოსადეგი. ,,ბადიში“ ჰქვია ამ მინიატიურას. ,,ბადიში“ ძველი ქართული სიტყვაა, ახლა იშვიათად იხმარება. ზოგი შვილიშვილს ეძახის ბადიშს, ზოგი შვილიშვილიშვილს. ზუსტად ამის თქმაც ჭირს და აი, ასე იწყება ეს მინიატიურა:
,,შეიძლება სიტყვამ ასე აგრიოს? სულხან საბას გადაშლი და ,,ბადიში“. საიდანღაც ყრუდ, მივიწყებულიდან დარბაისელი ქართველი კაცის სოფლად ნათქვამი მოგესმის: ,,ბადიში“.
ამის შემდეგ მინიატიურაში კიდევ არის ორი პატარა აბზაცი და იქ მიმობნეულია სიტყვები, რომლებიც ბადიშს ერითმება. ეს ხომ ლექსი არ არის, პროზაა, მაგრამ ერითმება ბადიშს: ეს გახლავთ ,,ბოდიში“, ეს გახლავთ ,,ბალიში“, ,,ბადეში“, ,,ბაგეში“ და ხვდები, რომ საქმე გაქვს სიტყვის ოსტატთან, რომელმაც ლექსი არ დაწერა, მაგრამ ძალიან მარკირებული ელემენტი რითმისა აქაც გამოიყენა. ორიგინალურად გამოიყენა ძალიან. შეიძლება ლექსში სიტყვა ,,ბადიში“ და ,,ბოდიში“ გაცვეთილ რითმადაც კი ჩაითვალოს, მაგრამ აი, ასე პროზაში, ვითომ სხვათა შორის რომ გამოჩნდება, ერთმანეთის ახლომახლო, უკვე სიტყვის გურმანი მიხვდება, რომ სიტყვის ხელოვანთან აქვს საქმე“.
საერთოდ, ვითომ სხვათა შორის ნათქვამი ფრაზა, როგორც მსუბუქი გრაფიკული მონასმი, რომელიც სინამდვილეში ძალიან დიდ ემოციურ და აზრობრივ დატვირთვას ატარებს, ოლესია თავაძის მინიატიურების ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხერხია.
...ისეთი მაღალი, მოხდენილი აღნაგობა, ისე სუფთად, ძველმოდურად ეცვა, ისეთი სწორი, ოდნავ წელში მოხრილი, ისეთი მყარი, ოდნავ შენელებული ნაბიჯით შემოდიოდა, რომ მოხუცებულიაო, ვერ იმეტებდი სათქმელად..."სევდა“
სწორედ ეს სიმსუბუქე და დაუძაბაობა ქმნის ტექსტის იმ აბრეშუმივით შრიალა ქსოვილს, რომელიც ძალიან თხელია, თითქმის გამჭვირვალე, მაგრამ სხვადასხვა დონისა და ემოციური განვითარების მკითხველის თვალსა და გულში სრულიად სხვადასხვანაირად ლივლივებს და იტალღება.
აქ ჩანს სუფისტური ლიტერატურისადმი ოლესია თავაძის დიდი სიყვარული. მისთვის სამყაროს ნებისმიერი დეტალიდან ღმერთი იყურება და ეს განუზომელ სიმშვიდეს ანიჭებს თვითონ ავტორსაც და ამ შესანიშნავი მინიატიურების მკითხველსაც.
თუმცა, როგორც წიგნის რედაქტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე წინათქმაში შენიშნავს: ,,გარეგნულად მშვიდი, ცხადია, თორემ შინაგანად უაღრესად მღელვარე და აფორიაქებულია მინიატიურათა ეს ნაკადი“.
და ეს მღელვარება ისეთი გადამდებია, რომ მკითხველს წიგნის წაკითხვის შემდეგაც თავს დიდხანს არ ანებებს და ფიქრში, წარმოსახვაში აგრძელებინებს თავის არსებობას. მინიატიურების შინაგანი ექსპრესია კი რიტმით, რიტმის რეგულაციის მეშვეობით მკაფიოდ საგრძნობია და აღსაქმელი.
ლევან ბრეგაძე ოლესია თავაძის მწერლური ოსტატობის დასტურად წიგნიდან კიდევ ერთ ნიმუშს მოიხმობს და ამბობს:
,,არის ასეთი მინიატიურა ამ წიგნში, რომელსაც ჰქვია ,,სევდა“. აქ დახატულია ხნიერი კაცის პორტრეტი, რამდენიმე მისი თავისებურება არის ჩამოთვლილი მიჯრით, ერთმანეთს მოსდევს ერთნაირად აგებული რთული დამოკიდებული წინადადებები და რაღაცას ელი, ბოლოში რაღაცა უნდა ითქვას. აი, ამ მოლოდინში ხარ, თანაც იხატება ეს მოხუცი და აი, ვნახოთ, რას გვიმზადებს ეს მოლოდინი, გამართლდება თუ გამტყუნდება:
,,ჩვენს ეზოში ხშირად შემოდიოდა ხანდაზმული კაცი. ალბათ უფრო მოხუცი ითქმოდა მასზე, მაგრამ ისეთ სითბოს და ხიბლს ასხივებდა, ისეთი კეთილშობილი იერი ჰქონდა, ისეთი კეთილშობილი სახე, ჭაღარა თმებით შემორკალული. ისეთი მაღალი, მოხდენილი აღნაგობა, ისე სუფთად, ძველმოდურად ეცვა, ისეთი სწორი, ოდნავ წელში მოხრილი, ისეთი მყარი, ოდნავ შენელებული ნაბიჯით შემოდიოდა, რომ მოხუცებულიაო, ვერ იმეტებდი სათქმელად“.
აი, ეს ფინალური ფრაზა არაჩვეულებრივად აგვირგვინებს მთელ ამ პორტრეტს. აქაც მწერლის ოსტატობა ჩანს.
საერთოდ, ოლესია თავაძის ამ მინიატიურებმა ერთი ინდოელი მწერლის, არუნდრატი როის, გახმაურებული რომანის სათაური გამახსენა, ,,წვრილმანების ღმერთი“ (ან, უფრო ხშირად როგორც თარგმნიან ხოლმე, ,,პატარა საგნების ღმერთი“.), რაკი მთელ ამ კრებულს მსჭვალავს იმის შეგნება, რომ ცხოვრების უმთავრესი იდეა ზოგჯერ შეიძლება, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო წვრილმანში, სხვისი თვალისათვის შეუმჩნეველ საგანსა ან მოვლენაში მოიხელთო.
მკითხველს, რომელიც ამ ჭეშმარიტებას არის ნაზიარები, ოლესია თავაძის მინატიურების წაკითხვა დიდ ესთეტიკურ და სულიერ სიამოვნებას მოჰგვრის.