ოკუპირებული სოფლის, ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მთელი ღამის განმავლობაში ქართულ სოფლებთან – ფლავსა და ფლავისმანთან საქართველოს სახანძრო სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები.
Your browser doesn’t support HTML5
შიდა ქართლის გუბერნატორის, კახაბერ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი არ მიუღია.
დე ფაქტო რესპუბლიკის სახანძრო ბრიგადაწუხელგამყოფი ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო მანქანებიც შენიშნა.
ხანძარი სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა.
ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აქედან, ორი მორიგეობდა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან, რომელიც ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.
ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გადამწვარია საკმაოდ დიდი ფართობი, ძირითადად, ტყის მასივი და საძოვრები. საქართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს საქმეში ჩართვა არ დასჭირდათ, რადგან ცეცხლი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადასულა.