ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა ისტორიული ძეგლები გაანადგურა

სოხუმი

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს განადგურებით და საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში მომხდარი ვანდალური აქტის შესახებ ჯერ კიდევ 6 იანვარს იუწყებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“. სოხუმიდან წამოსული ინფორმაციის მიხედვით, ისტორიული ძეგლები უკვე მთლიანად განადგურებულია. ვინ უნდა შეაჩეროს საოკუპაციო რეჟიმი და რეაგირების რა მექანიზმებს ფლობს საქართველო?

Your browser doesn’t support HTML5

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა ისტორიული ძეგლები გაანადგურა

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია საქართველოს პეზიდენტის მიერ 10 იანვარს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ სავალალო ფაქტს შეეხება:

„გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით. სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ ორის, ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს“.

ფაქტის შესახებ, რომელზეც პრეზიდენტი მარგველაშვილი 10 იანვრის წერილობით განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, რამდენიმე დღის წინ - კერძოდ, 6 იანვარს - იტყობინებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი, ელენა ზავოდსკაია.

კორესპონდენტი გადმოგვცემს რაიონული სათათბიროს დეპუტატის გენადი შინკუბას მონათხრობს იმის შესახებ, რომ ოდესღაც სოფელ წებელდაში კომპაქტურად სახლობდნენ პოლონელები. სოფლის განაპირას ისინი კრძალავდნენ თავიანთ მიცვალებულებს და მათ სახელზე მე-19 საუკუნეში იქვე ააშენეს ეკლესია. ამავე წყაროს ცნობით, შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევები, შენარჩუნებული ფუნდამენტით, კედლების ფრაგმენტებითა და ნაწილობრივ გადარჩენილი გალავნით. ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ისტორიაში აშკარად ჩანს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელი:

„2011 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად. მოგვიანებით ეს ტერიტორია ხელშეკრულებით გადასცეს მესაზღვრეებს, რომლებმაც აქ სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. სამშენებლო და მიწის სამუშაოებს უძღვებოდა პოლიგონის უფროსი ვიქტორ გრიშჩენკო. 3 იანვარს, მისი მითითებით, პოლიგონის ტერიტორიაზე ამოქმედდა მძიმე ტექნიკა და ყველაფერი გადაასწორა. ეკლესია მდებარეობდა ბორცვზე, რომელიც ხელს უშლიდა სამხედროებს. ეკლესიის კედლების ნაწილები და გალავანი ბულდოზერებით თითქმის 100 მეტრზე გაათრიეს და ტერიტორიაზე გაფანტეს. ასეთივე ბედი ეწიათ იქ დამარხულ ადამიანთა ნეშტებსაც“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, სოხუმელი კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია, ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო უკვე განადგურებულია და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება. კორესპონდენტის მონათხრობიდან კარგად ჩანს, რომ მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურები, ხოლო ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგგენლებმა ისინი შეაჩერეს. როგორც ზავოდსკაია იტყობინება, თავდაპირველად განგაში ატეხეს რაიონული სათათბიროს დეპუტატმა და სოფლის ადმინისტრაციის უფროსმა, რასაც მოჰყვა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს უარყოფითი რეაქციაც. შედეგად, პოლიგონის უფროსის, ვიქტორ გრიშჩენკოს, სახელზე აქტი გამოიწერა და ადგილზე სამუშაოები შეჩერდა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ უთხრა „ეხო კავკაზას“ სოხუმელ კორესპონდენტს, მომხდარს დამამძიმებელი გარემოებაც აქვს და შემთხვევითი არ არის, რომ უკანონო ნგრევა სადღესასწაულო პერიოდში, კერძოდ, 3 იანვარს დაიწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამის გამკეთებელმა იცოდა, რასაც აკეთებდა.

ის, რომ მსგავსი ფაქტების მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში გარკვეული პროტესტის მუხტი გაჩნდა, დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ მაცაბერიძისთვის, თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადგილზე ეს ძირეულად მაინც ვერაფერს შეცვლის:

„შესაძლებელია, რომ აფხაზთა საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ხელისუფლების სტრუქტურებში მყოფი ადამიანებიც ხვდებიან, რომ რუსეთმა ისინი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ - რეალურად სიტუაციას აფხაზეთში რუსეთი აკონტროლებს მთლიანად და მათ ინტერესებს სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა მოსკოვის მხრიდან... ამას ისინი ხვდებიან, მაგრამ მათ არ გააჩნიათ რაიმე რეალური ძალა ვითარების შესაცვლელად“.

მალხაზ მაცაბერიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტების შეჩერება საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შეუძლია და ამ მხრივ ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო ფორმატები და, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ამასთან, ჩვენი რესპონდენტის აზრით, ქართული მხარე უნდა შეეცადოს, ასევე ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ქმედებებთან მიმართებით აფხაზურ საზოგადოებაში გამოვლენილი უკმაყოფილების მუხტი.