სამშვიდობო მექანიზმი რეინტეგრაციის პროცესში?

სოფელი დვანი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა, რომელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის სახე მიეცა. კანონპროექტის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რუსეთის მხრიდან უკანონოდ შესვლა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და ფინანსურ ჯარიმას დაექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის თანახმად, 400 ლარით განისაზღვრება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, გარკვეულ შემთხვევებში, პატიმრობის მექანიზმის ამოქმედების საკითხი კი საზღვრის ხელმეორედ დარღვევისას დადგება.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში კანონიერად შესვლა ზუგდიდიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორიდანაა შესაძლებელი. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. კანონის დარღვევა ხელმეორედ ან ჯგუფურად ისჯება პატიმრობით 3-დან 5 წლამდე. საქართველოს ახალი მთავრობა მოქმედი კანონის ლიბერალიზაციის მიმართულებით სვლას ანიჭებს უპირატესობას და ფიქრობს, რომ ადამიანის დამნაშავედ აღიარება თვითმიზანი არ უნდა იყოს, მით უფრო, როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებმაც საქართველოს კანონები არ იციან. სწორედ ეს იყო მთავარი ამოსავალი, რომლითაც საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, ცალკეულ კანონებში შესწორებების შეტანის აუცილებლობის მთავრობისეული მოტივაცია განმარტა და, ამასთანავე, არც ის გამორიცხა, რომ ინიციატივა რეინტეგრაციის პროცესში ერთგვარ სამშვიდობო მექანიზმად იქცეს:

” ჩვენი, ანუ მთავრობის მიერ ინიცირებული, კანონპროექტით, ყველა პრინციპი, თვითონ კანონის სულისკვეთება და პრინციპი არის დაცული. ანუ ქმედება არის დასჯადი ისევ, ანუ ამას არ ვხსნით, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ, რომ პირველ ჯერზე შეიცვალოს ადმინისტრაციული სახდელით; ამავდროულად, პირს ეცნობოს საქართველოს კანონით მოქმედი ნორმების შესახებ, - იმიტომ რომ შეიძლება პირს გაუჩნდეს სურვილი, რომ ნებართვა მოითხოვოს: რა ვიცი, იქნებ რამე გადაუდებელი აქვს, - შემდგომ კი დაეკისროს მას სისხლისსამართლებრივი სასჯელი“.
მე ასევე ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა გათავისუფლდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბელობისგან, თუ, მაგალითად, მალაიზიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში ნარკოტიკის შემტანი ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ჩამოხრჩობა...
დავით საყვარელიძე

ცხარე საკომიტეტო მოსმენაზე ქეთევან ციხელაშვილის ოპონენტების არგუმენტი იყო ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცალკეული რეგულაციების შეცვლა სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური საკითხია და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტისათვის საზიანო. დეპუტატმა დავით საყვარელიძემ თქვა:

”ჩვენ ამ ქმედებით, ფაქტობრივად, ვეხმარებით რუსეთს. ამისთვის, ამის საწინააღმდეგო გზავნილი იყო, პოლიტიკური დაარქვით გნებავთ, რომ საზღვრის გადმოკვეთა არის გათანაბრებული ჩვეულებრივად საზღვრის უკანონო კვეთასთან, განსაკუთრებით ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. მე ასევე ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა გათავისუფლდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბელობისგან, თუ, მაგალითად, მალაიზიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში ნარკოტიკის შემტანი ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ჩამოხრჩობა. საქართველოსაც აქვს პრობლემა, ძალიან დიდი, დამეთანხმებით, - 20 პროცენტი ტერიტორიებისა ოკუპირებულია, - და იურისტებმა შეიძლება დღეს უსასრულოდ ვიკამათოთ ამ თემაზე, სამართლებრივად რამდენად გამართულია, რამდენად ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური სარჩულია და არ უნდა ამის აღიარება არავის”.

საპარლამენტო უმრავლესობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპონენტებს ძირითადად ჰუმანური მესიჯებით უპირისპირდებოდა. კერძოდ, დეპუტატმა გიგა ბუკიამ, მაგალითად, განაცხადა, რომ არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი ადამიანებს იმ კანონის დარღვევისთვის, რომელზეც წარმოდგენაც არ აქვთ:
ორ ადამიანს, რომლებიც იყვნენ სომხეთის მოქალაქეები, სტუდენტები, ცხოვრობდნენ მოსკოვში, ჩავიდნენ სოჩაში ბებიასთან და გადაწყვიტეს, რომ, დასასვენებლად სოჩაში მყოფები, წასულიყვნენ ერევანში საქართველოს გავლით, თან გზაში რაღაცები ენახათ, და აბსოლუტურად ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე აღმოჩნდნენ ციხეში...
ქეთევან ციხელაშვილი

”ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ სიტუაციაში იმ ადამიანს, რომელიც ტურისტულად შემოვიდა, გაიარა ყველა ის პროცედურა, რასაც, მის წარმოდგენაში, გადის ყველა ნებისმიერ საბაჟოზე, შემოვიდა ტერიტორიაზე. იქიდან გამომდინარე, შემოვიდა მერე საქართველოში, ვთქვათ, ბაკურიანში დააპირა დასასვენებლად წასვლა. ჩვენ უნდა დავიჭიროთ და დავაპატიმროთ იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო? აი, ეს არის თქვენი ლოგიკა. ჩვენი ლოგიკაა, რომ თუკი დაარღვია, მაგრამ მან არ იცოდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, ჩამოვიდა ბაკურიანში დასასვენებლად, კი არ დავიჭიროთ და ციხეში კი არ ჩავსვათ, გავაფრთხილოთ, ავუხსნათ, რომ შემდეგში ჩამოვიდეს ისევ ბაკურიანში”.

დეპუტატ გიგა ბუკიას განმარტებით, მარტივი, გასაგები ენით, სულ ესაა კანონპროექტის შინაარსი. ცვლილება კი ერთდროულად შედის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში. ამ უკანასკნელი კანონის ძალით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის თანახმად, 2009-2012 წლებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 168 პირს დაეკისრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მათგან ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გაამახვილა:

”ორ ადამიანს, რომლებიც იყვნენ სომხეთის მოქალაქეები, სტუდენტები, ცხოვრობდნენ მოსკოვში, ჩავიდნენ სოჩაში ბებიასთან და გადაწყვიტეს, რომ, დასასვენებლად სოჩაში მყოფები, წასულიყვნენ ერევანში საქართველოს გავლით, თან გზაში რაღაცები ენახათ, და აბსოლუტურად ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე აღმოჩნდნენ ციხეში, მოიხადეს სასჯელი ერთი წლით და შემდგომ, საიას შუამდგომლობით, ერთი წლით ადრე - ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი - გათავისუფლდნენ. აი, ასეთ შემთხვევებთან გვაქვს ჩვენ საქმე”.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ თუ კანონის ამოცანაა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დააფიქსიროს ტერიტორიის სტატუსი და აკრძალოს ქმედება, რომელსაც შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნიშნები ჰქონდეს, - მათ შორის, ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით, - ამ მხრივ კანონი უცვლელი რჩება. მისი ლიბერალიზაცია კი ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ევროსტრუქტურების რეკომენდაციაცაა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებების კანონპროექტთა პაკეტს პლენარულ სხდომაზე პირველი განხილვისთვის მხარი დაუჭირა.