ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ გაერო დაწერს რეკომენდაციებს

9 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის ის შემთხვევები გააცნო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში უკანასკნელი ორი წლის მანძილზე. გაეროს წარმომადგენელი თბილისს რამდენიმე ხანში კვლავაც ეწვევა და ამჯერად ის უკვე თავის რეკომენდაციებს წარუდგენს როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს.

„შემაშფოთებელი მასშტაბები“ - ასე შეაფასა ქალთა მკვლელობების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა უჩა ნანუაშვილმა და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებზე ისაუბრა:

„ჩვენ მიერ მომზადებულ იქნა არაერთი სპეციალური ანგარიში, ასევე ინდივიდუალური საქმის წარმოების პროცესი. სახელმწიფო სერვისების შეფასება მოწმობს იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში კვლავ სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია. ერთი მხრივ, საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის პრობლემატური, ასევე პრობლემატურია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ორგანოების დროული რეაგირება და მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“.

სახალხო დამცველმა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე:

„ჩვენ როდესაც გვაქვს შეხვედრები რეგიონებში, არაერთი მსხვერპლისგან, მათი ოჯახის წევრებისგან მოგვდის ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტები არსებობს და ეს ინფორმაცია ნათლად გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რათა მოხდეს დროული რეაგირება ძალადობის ფაქტებზე, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი და დრო დაეთმოს პრევენციას“.

რას გულისხმობს სახალხო დამცველის ოფისი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრისას? - ეს კითხვა დავუსვით ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე სხილაძეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში არსებული კანონმდებლობა ფარავს ოჯახში ძალადობის საკითხს, მასში ნაკლებად გვხვდება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საშუალებები. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ საქართველომ მოახდინოს რატიფიცირება ევროსაბჭოს 2011 წლის კონვენციისა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“, რომელიც სტამბოლის კონვენციის სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტს 2014 წლის 20 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი და ის ითვალისწინებს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, არამედ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. ეკატერინე სხილაძე იმედოვნებს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, აუცილებლად აისახება მთლიან კანონმდებლობაში:

„ეს მოგვცემს ეფექტური რეაგირების საშუალებას ქალთა მიმართ ისეთი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებიც ჯერჯერობით კანონმდებლობით დაფარული არ არის. მაგალითისთვის გეტყვით „გადაკიდებას“ - უკანონო ადევნება და თვალთვალი, რომელიც თანაბრად ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რომელზეც სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები ამ დრომდე არ გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცვლილებათა ახალ პაკეტში გვხვდება, არის ქალთა მიმართ ძალადობის დეფინიციის განსაზღვრა, სექსუალური ხასიათის დანაშაულების კვალიფიკაციისა და, ზოგადად, მათი ცნებების დახვეწა და ახალი სახით ასახვა კანონმდებლობაში“.

ამ ეტაპზე ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძლადობა. მე მინდა აღვნიშნო საქმეები, რომელიც ფემიციდს ეხება. ის მონაცემები, რომლებიც ამ მიმართულებით გროვდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია...
დუბრავკა სიმონოვიჩი

უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოცამდე კანონს შეეხება. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია. სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება, „ადევნება“, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება, ასევე სტერილიზაციის იძულება. ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

თუმცა, სანამ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენდეს სარატიფიკაციო პაკეტს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, - და ეს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში უნდა მოხდეს, - მანამდე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ის მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო სექტორისა თუ სახალხო დამცველის აპარატის მისამართით. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მზაობა საიმისოდ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დაიძლიოს, პროცესი მაინც საჭიროებს გაუმჯობესებას:

„ამ ეტაპზე ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძლადობა. მე მინდა აღვნიშნო საქმეები, რომელიც ფემიციდს ეხება. ის მონაცემები, რომლებიც ამ მიმართულებით გროვდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაც. იმედს გამოვთქვამ, რომ როდესაც საქართველოში დავბრუნდები, ამჯერად უკვე ოფიციალური ვიზიტით, მექნება შესაძლებლობა წარმოვადგინო ჩვენი რეკომენდაციები“.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში უნდა ასრულებდეს შსს. ეკატერინე სხილაძის ინფორმაციით, 2014 წელს მომხდარი მკვლელობებიდან გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა სიკვდილამდე მიმართა სამართალდამცავებს დახმარებისთვის, თუმცა მათი თხოვნა უგულებელყოფილ იქნა. რამდენად ადეკვატურად აფასებენ სამართალდამცავები დანაშაულის სიმძიმეს და როგორია ამგვარ შეტყობინებებზე რეაგირება? - ამ კითხვებით მივმართეთ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსს მაკა ფერაძეს. მისი თქმით, შს სამინისტრო პერმანენტულად ახორციელებს სამართალდამცავების ტრენინგებს ოჯახში ძალადობის გამოვლენის მიმართულებით, რაც მიმდინარე წელს სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახა:

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ იყენებენ სამართალდამცავები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, ეს უკვე აისახება გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაში და მიმართვიანობის გაზრდაში. ესეც გარკვეულწილად სამართალდამცავების მუშაობის შედეგია, იმ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შედეგია, რომელსაც შსს, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, დღესაც ახორციელებს. მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი, რომ ძალადობა შეიძლება იყოს დასჯადი“.

რაც შეეხება 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 1500-ს მიაღწია. და თუკი ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შესახებ ბოლო ორი წლის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს მოკლულია 34 ქალი, აქედან ქმრის, ყოფილი ქმრის ან პარტნიორის მიერ - 10.დაფიქსირდა ასევე მამამთილის მიერ რძლის მკვლელობის ერთი და შვილის მიერ დედის მკვლელობის ორი შემთხვევა. საკუთარ ოჯახში მოკლეს 17 ქალი. რაც შეეხება 2015 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებს, შსს-ს იანვარ-ივნისის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 1300-მდე ქალი. რაც შეეხება მკვლელობებს, ასევე შსს-ს ამავე თვეების მონაცემებით, ოჯახში მკვლელობის მსხვერპლი გახდა ხუთი ქალი, ერთი კი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა.