აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებებთან დაპირისპირებას, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების სათბურის ეფექტის გამომწვევიგაზების ემისიის შეზღუდვის გზით. გეგმას ბევრი საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯად მიიჩნევს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, თუმცა მას კრიტიკოსებიც ჰყავს.
თავად ობამა ამ გეგმას უწოდებს „ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ამერიკას ოდესმე გადაუდგამს კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან საბრძოლველად“.
3 აგვისტოს ობამამ გამოაცხადა პირველი შეზღუდვის შესახებ, რომელიც გაზების ემისიას დაუწესდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კლიმატის ცვლილებები წარმოადგენს დღევანდელი დღის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას: „ჩვენი კლიმატი იცვლება. და ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს ჯანმრთელობას. ეს არაა, უბრალოდ, მოსაზრება. ეს ფაქტია“.
ჩვენს მომავალს და მომავალ თაობებს არც ერთი გამოწვევა არ უქმნის კლიმატის ცვლილებაზე უფრო დიდ საფრთხესო, განაცხადა ობამამ და დასძინა, თუ არ ვიმოქმედებთ, მალე შესაძლოა უკვე გვიანიც იყოსო.
ახალი რეგულაციებით, აშშ-ის ენერგიის სექტორიდან ნახშირორჟანგის ემისია უნდა შემცირდეს - 2030 წელს ის 32 პროცენტით უნდა იყოს შემცირებული 2005 წლის დონიდან.
ახალი რეგულაციების წინააღმდეგ გამოდიან და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ სამრეწველო ჯგუფები და არჩეული პოლიტიკოსები იმ შტატებიდან, რომლებიც ქვანახშირზე დაფუძნებულ ენერგიაზე არიან დამოკიდებული.
დეკემბერში პარიზში უნდა გაიმართოს გაეროს მნიშვნელოვანი სამიტი კლიმატის ცვლილებების შესახებ. ამ სამიტზე აპირებენ შეიმუშაონ ზომები, რომლებმაც არ უნდა დაუშვას გლობალური ტემპერატურის 2 გრადუსზე მეტით მატება.
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ობამამ აუდიტორიაში მყოფ მეცნიერებს მიმართა და მათ „მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერების რიგებში“ მყოფი უწოდა. „ის, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები უკვე წლებია გვაჩვენებთ, მოწმობს, რომ ადამიანების მოქმედება კლიმატის სახიფათო ცვლილებებს იწვევსო“, თქვა ობამამ.
ამ საფრთხეების მტკიცებულებებად ობამამ მოიტანა მიმდინარე საუკუნეში აღრიცხული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, მუდმივი გამყინვარების საფარის დნობა და ტყის ხანძრების სეზონის გახანგრძლივება.
ობამას ინიციატივას მიესალმა და სათბურ გაზებთან ბრძოლის „რეალური“ მცდელობა უწოდა ევროკავშირმა.
თუმცა გეგმას ჰყავს ბევრი კრიტიკოსიც, რომლებიც აცხადებენ, რომ გეგმა გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, ენერგიით მომარაგების სისტემის ეფექტიანობის დასუსტებას და გადასახადის მომატებას, რაც ყველაზე მტკივნეულად ღარიბი ამერიკელების ყოფაზე აისახება.
თუმცა ობამამ უარყო ეს ხშირი კრიტიკა, რომ მისი გეგმა ამერიკელებს ენერგიას გაუძვირებს და სამსახურებს დააკარგვინებს. ეს გეგმა საჭირო და სწორი ნაბიჯიაო, ამბობს ობამა.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის წილი 39 პროცენტი იყო.
ახალი რეგულაციებით, ეს მონაცემი 27 პროცენტამდე უნდა შემცირდეს 2030 წლისთვის. ამავე წელს 28 პროცენტამდე უნდა იყოს გაზრდილი ენერგიის განახლებადი წყაროების, მაგალითად, ქარის და მზის ენერგიის წილი.
აშშ-ის ელექტროენერგიის წარმოებაში ბუნებრივი აირის წილი 30 პროცენტია, ატომური ენერგიისა - 20 პროცენტი.