ობამა არ გამორიცხავს კიევისათვის თავდაცვითი საბრძოლო იარაღის მიწოდებას

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იგი განიხილავს კიევისათვის საბრძოლო თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას, თუ წარუმატებელი აღმოჩნდება დიპლომატიური ძალისხმევა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ შეხვედრაზე, ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი აშკარად არღვევს მის მიერ უკრაინის მიმართ აღებულ ვალდებულებებს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 9 თებერვალს ესტუმრა ვაშინგტონს, რათა აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაეცნო საფრანგეთ-გერმანიის გეგმა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებზე, რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა შეაფერხა. ცნობილია, რომ ანგელა მერკელი მტკიცედ ემხრობა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოწესრიგებას და ეწინააღმდეგება კიევისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიცემას, რაც გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონშიც გაიმეორა:

„ჩვენ მიერ განცდილი მრავალი წარუმატებლობის მიუხედავად, ვაგრძელებთ კონფლიქტის დიმპლომატიურად მოწესრიგების გზის ძებნას. ამ დღეებში გამოჩნდება, მზად არის თუ არა ამისათვის ყველა მხარე და შეძლებენ თუ არა ისინი, შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაწყვეტას, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მშვიდობიანად მოწესრიგებას მივაღწიოთ“.

ამასთან, ანგელა მერკლმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ორჯერ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: პირველ შემთხვევაში - ყირიმის ანექსიით და მეორედ - დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების მხარდაჭერით. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშკარად არღვევს უკრაინის თაობაზე აქამდე ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს და იმის ნაცვლად, რომ მანამდე არსებული მძიმე ტექნიკა გაეყვანა, უფრო მეტი ტანკი და არტილერია შეიყვანა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ჯარებს ებრძვიან. ობამამ დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შანსი ყოველთვის დაბალია, რუსეთის გამორჩეული სამხედრო სიძლიერის გამო:

„თუ დიპლომატია მიზანს მართლა ვერ მიაღწევს, მაშინ ჩემს გუნდს დავავალებ, რომ განიხილოს ყველა ვარიანტი, ყველა შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ შევაცვლევინოთ ჩანაფიქრი ბატონ პუტინს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტთა შორის საბრძოლო თავდაცვითი იარაღის მიწოდებაც იგულისხმება, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება მე ჯერ კიდევ არ მიმიღია“.

ბარაკ ობამას თქმით, რუსეთის ნაბიჯებმა კიდევ უფრო გააძლიერა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა.

9 თებერვალს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის კონფლიქტის გამო სანქციების სიის გაფართოებაზე, მაგრამ ზომების გატარებას ჯერ არ აპირებენ და დაელოდებიან, რას მოიტანს უკრაინის თაობაზე ოთხი ქვეყნის სამიტი. თუმცა ეს უმაღლესი დონის შეხვედრა ეჭვქვეშ დააყენა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბრიუსელში შტაინმაიერმა თქვა, რომ არ არის ცხადი, შედგება თუ არა ეს მოლაპარაკება, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი არაერთი „ღია საკითხის“ განსახილველად.

ამასობაში კი აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციებით, სასტიკი ბრძოლები კვლავ გრძელდება დონეცკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კრამატორსკში სამხედრო შტაბბინას და საცხოვრებელ უბანს სეპარატისტულმა ძალებმა რეაქტიული რაკეტები დაუშინეს გორლივკის არეალიდან, რომელიც კრამატორსკიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, სამი ადამიანი, დაიჭრა 15. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი აცხადებს, რომ მეამბოხეებს კრამატორსკზე იერიში არ მიუტანიათ და დასძენს, რომ ის მათი საბრძოლო რადიუსის გარეთ მდებარეობს.