ობამამ „არასწორად შეაფასა“ ჰაკერული თავდასხმების საფრთხე

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, რომ „არასწორად შეაფასა“ გავლენა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებზე შეიძლება მოახდინოს დეზინფორმაციამ და ჰაკერულმა თავდასხმებმა. ამ სიტყვებით ობამამ, პრაქტიკულად, შეცდომა აღიარა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „დავალებით“ ჩატარდა ჰაკერული თავდასხმებისა და მედიის მანიპულაციის კამპანია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

Your browser doesn’t support HTML5

ობამამ „არასწორად შეაფასა“ ჰაკერული თავდასხმების საფრთხე

ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-მ 8 იავნარს აჩვენა ინტერვიუ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან - გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე. 20 იანვარს, როგორც ცნობილია, ერთგულების ფიცს დადებს არჩეული პრეზიდეტი დონალდ ტრამპი.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იქონია თუ არა გავლენა რუსეთიდან კიბერიერიშებმა, ანუ გაიმარჯვა თუ არა ტრამპმა, ფაქტობრივად, კრემლის დახმარებით? ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ობამას დაუსვეს. აი, პასუხი: „მთელი რიგი ფაქტორები ახდენს არჩევნებზე გავლენას. ვფიქრობ, საბოლოოდ, მთავარია ის, რომ დონალდ ტრამპი დადებს ფიცს, როგორც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი. აუცილებლად მომგებიანი არ არის ყველა იმ ფაქტორის გარჩევა, რომელსაც ეს შედეგი მოჰყვა“.

ბარაკ ობამას ისიც ჰკითხეს, წარსულში არასწორად აფასებდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისაგან მომდინარე საფრთხეს? „არა მგონია, რომ პუტინი არ მყავდა სწორად შეფასებული. მაგრამ, ვფიქრობ, სწორად ვერ შევაფასე ის, თუ ჩვენს საინფორმაციო ეპოქაში რამდენად შეუძლია დეზინფორმაციას, ჰაკერულ თავდასხმებსა და ა.შ. გავლენის მოხდენა ჩვენს ღია საზოგადოებებზე, ჩვენს ღია სისტემებზე, გავლენის მოხდენა ჩვენს დემოკრატიულ სტრუქტურებზე ხერხებით, რომლებსაც, ვფიქრობ, სულ უფრო აქტიურად იყენებენ“, - უთხრა ობამამ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-ს.

6 იანვარს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „დავალებით“ ჩატარდა ჰაკერული თავდასხმებისა და მედიის მანიპულაციის კამპანია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, კერძოდ, რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, გამარჯვების ხელშესაწყობად. დაზვერვის სამსახურების ანგარიშის ნაწილი კვლავაც გასაიდუმლოებულია. ბარაკ ობამას განმარტებით, ეს არის ანგარიშის ნაწილი, რომელიც დაზვერვის სამსახურების დასკვნის მტკიცებულებებს მოიცავს.

მიზეზი, რატომ მოვითხოვე დაზვერვის ანგარიში, ნაწილობრივ იყო არა, უბრალოდ, იმის განხილვა, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ გავაცნობიეროთ: პუტინი ამას უკვე კარგა ხანია აკეთებს ევროპაში. თავდაპირველად ეს ხდებოდა ყოფილ მოკავშირე სახელმწიფოებში, სადაც ბევრი რუსულენოვანი ცხოვრობს, მაგრამ ეს სულ უფრო აქტიურად კეთდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ახლოვდება არჩევნები ჩვენს ნატოელ მოკავშირეებში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოველი, რომ ასეთი რამ აქ კიდევ შეიძლება მოხდეს“, - ასე ფიქრობს ბარაკ ობამა.

ამასობაში, კრემლმა უარყო აშშ-ის დაზვერვის უწყების ანგარიშში გამოთქმული ბრალდებები. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, ამერიკული დაზვერვის ანგარიში შეიცავს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ და „არაპროფესიულ, ემოციურ დონეზეა“ მომზადებული. იქვე პესკოვმა აღნიშნა, რომ „კვლავაც გადაჭრით გამორიცხავს“ კიბერიერიშებში მოსკოვის ან რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობას. მისივე თქმით, მოსკოვს ამჟამად არა აქვს კომუნიკაცია დონალდ ტრამპის გუნდთან.

თავად დონალდ ტრამპმა 6 იანვარს მოსკოვის მიმართ ბრალდებების შემცველი ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოისმინა დაზვერვის უწყებების წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია კიბერიერიშებზე. მათთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავის გუნდს დაავალა, მოამზადოს კიბერიერიშებთან „აგრესიული ბრძოლისა“ და მათი შეჩერების გეგმა. იქვე ტრამპი აღნიშნავს, რომ უდიდეს პატივს სცემს დაზვერვის სამსახურებს. ამასთან, არჩეულ პრეზიდენტს არაერთხელ აქვს უარყოფილი მოსაზრება, რომ მოსკოვი მის, დონალდ ტრამპის, სასარგებლოდ ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში....

დაბოლოს, ისევ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შესახებ. რა უნდა მოიმოქმედოს აშშ-მა საიმისოდ, რომ უკეთ იყოს დაცული ჰაკერული თავდასხმებისა და მედიის მანიპულაციისაგან? „ჯერ ერთი, გაცილებით მეტი დრო, ენერგია და რესურსები უნდა მოვახმაროთ კიბერუსაფრთხოებას. ამოცანა რთულია, რადგან ეს არ არის მარტო მთავრობის პრობლემა - ეს არის კერძო სექტორისა და მთავრობის პრობლემა. და საჭიროა გაცილებით უკეთესად თანამშრომლობა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კომისიისაგან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ანგარიში გამაცნო. და მეორე, რაც უნდა გავაკეთოთ, არის იმაზე ზრუნვა, რომ მოვიფიქროთ, როგორ მივუდგეთ ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიას ისე, რომ არა მარტო დავიცვათ ჩვენი არჩევნები გაყალბებისაგან, არამედ ამოვიცნოთ, როცა სისტემაში პროპაგანდას ჩართავენ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ტელეინტერვიუში - გამოსამშვიდობებელ ტელეინტერვიუში პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვამდე ორიოდე კვირით ადრე.