ედუარდ მესხიძე: "მცირე მეწარმეობა ვითარდება, მაგრამ ხელისუფლება სათანადოდ არ აშუქებს"

მცირე საწარმოთა სიმრავლე თუ დიდი ბიზნესის დეფიციტი საქართველოში? რას ანიჭებენ უპირატესობას ქვეყნის სამხრეთით და რის ნაკლებობაზე ჩივიან სამცხე-ჯავახეთში? როგორ მუშაობს სახელმწიფო პროგრამები რეგიონში და როგორია მოსახლეობის მოლოდინები?

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობას არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილი ქვეყნის მთავრობას ეკონომიკურ კურსს უწუნებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მაღალჩინოსანთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოსახლეობამდე ინფორმაციის სწორი და დროული მიტანაა. ქვეყნის სამხრეთით ფიქრობენ, რომ რეგიონში ყველაზე მეტად აგრარულ სფეროს უნდა მიექცეს ყურადღება.

გამოკითხული მოსახლეობის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ლარის კურსის ვარდნა, პურპროდუქტების გაძვირება და დაუსაქმებლობა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ახალციხეში მიაჩნიათ, რომ რეგიონს მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით,.

წლების განმავლობაში, ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად, აგროსფეროს განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსების ნაკლებობა იყო, - ამბობენ ადგილობრივები. სწორედ ამიტომ, სამცხისგან განსხვავებით, ჯავახეთის მოსახლეობა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, სომხეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონის მცხოვრები მახარე მაცუკატოვი, რომელიც, ამავე დროს, აგროსფეროს გაერთიანებათა გამგეობის თავმჯდომარეა ახალქალაქში, დონორი ორგანიზაციების აქტივობებზე ამახვილებს ყურადღებას.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული თანადაფინანსება მხოლოდ ერთი ნაბიჯია, თუკი არ გაიზრდება საკრედიტო მოცულობა და ამ სფეროში სხვადასხვა ღონისძიება არ გატარდება. მახარე მაცუკატოვის განმარტებით, სოფლის მეურნეობა, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვითაც, ისეთი დარგია, რომელიც სახელმწიფოსგან მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს.