მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება კრიტიკის ფონზე

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში

21 დეკემბერს ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი საქართველოს პარლამენტში დაგეგმილზე თითქმის ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ გააცნო. სხდომის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერდა.

Your browser doesn’t support HTML5

მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება კრიტიკის ფონზე

განახლებული მინისტრთა კაბინეტი:

განახლებული მინისტრთა კაბინეტი:

  • გიორგი კვირიკაშვილი, მიხეილ ჩხენკელი; ლევან დავითაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლევან იზორია, მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი, ზურაბ ალავიძე, მიხეილ ჯანელიძე, კახა კახიშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით სერგეენკო, ქეთევან ციხელაშვილი.
  • ცვლილების თანახმად, საქართველოში 18 სამინისტრო 13-მდე შემცირდა.

საქართველოს პარლამენტის სესიაზე თავის ერთსაათიან გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოაცხადა. იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან.

„2018 წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გავაფართოოთ ჩვენი საზოგადოებრივი წარმომადგენლების ის წრე, სადაც ცივილიზებული დიალოგიც და კრიტიკის მოსმენაც იქნება შესაძლებელი“.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ცენტრალურ ღირებულებად რჩება ადამიანის უფლებების საკითხი, ხოლო სტრატეგიის მთავარი ღერძი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენთვის დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ის დიდწილად განაპირობებს ჩვენი შიდა პოლიტიკის რეფორმების დღის წესრიგს“.

შემდეგ კი გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებისა და სიახლებიის შესახებ ილაპარაკა. დაიწყო მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე საუბრით. შეეხო განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებს, საგადასახდო პოლიტიკას, მეწარმეობის განვითარებისათვის წამოწყებულ პროექტებს. აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მიმდინარეობს წარმატებულად. ილაპარაკა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. არც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების ამბავი გამორჩენია. კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზია. თავისი გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის საკითხით შეაჯამა:

გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენი ყველა ქმედება არის მიმართული იქით, რომ ჩვენ ეს უდიდესი პრობლემა, რომელიც არის დღემდე გადაუჭრელი, სამწუხაროდ, არის ჩაკეტილი საბედისწერო წრე, რომელზეც დავდივართ, როგორმე გავხსნათ, გამოვიდეთ ამ წრიდან და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ის ჩვენს მომავალ თაობებს, აფხაზებისა და ოსების მომავალ თაობებს“.

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის სესია უკვე კითხვების დასმით გაგრძელდა. ტრადიციულად, საპარლამენტო უმრავლესობა ძირითადად სამთავრობო გუნდის პოლიტიკას აქებდა და მხარდაჭერას უცხადებდა, ხოლო ოპოზიცია მოითხოვდა კონკრეტულ პასუხებს კრიტიკულ შეკითხვებზე.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენთვის დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ის დიდწილად განაპირობებს ჩვენი შიდა პოლიტიკის რეფორმების დღის წესრიგს...
გიორგი კვირიკაშვილი

„თქვენ თქვით, რომ მასწავლებლების საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა. რატომ არ შეასრულეთ ეს დაპირება?“, - იკითხა სერგო რატიანმა „ევროპული საქართველოდან“. მისმა კოლეგამ კი ამავე პარტიიდან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, კვირიკაშვილს დაუსვა შეკითხვა აქციზის გაზრდის თაობაზე და ა.შ. საბოლოოდ, ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა პრემიერის გამოსვლის შინაარსითა და, როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ, აღნიშნა, მან, ფაქტობრივად, არაფერი თქვა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფონზე, 21 დეკემბერს, კვლავაც აქტუალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა, და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის წინა დღით მომხდარი დაპირისპირება, რომელიც ლანძღვა-გინებით დასრულდა. მელიამ კვირიკაშვილს კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი უწოდა, რაზეც პრემიერმა გინებით უპასუხა. მოგვიანებით კვირიკაშვილმა ორჯერ მოიხადა ბოდიში. როგორც ნიკა მელიამ მედიას განუცხადა, სასაცილოა, რომ მთავრობა პროვოკაციად აფასებს ოპოზიციის მწვავე შეკითხვებს.

სამთავრობო გუნდში კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საზოგადოებას როგორც დესტრუქციულმა ძალამ, რომლის ადგილიც მომავლის პოლიტიკაში არ არის.

ცნობილია ოპოზიციის გადაწყვეტილება მთავრობის ახალი შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების თაობაზე. მათი განცხადებით, ისინი ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში

რაც შეხება განახლებულ მინისტრთა კაბინეტს, მისი შემადგენლობა ასე გამოიყურება: გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია - თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.