სტუმრად ჩვენს ეთერში: ნონა ბერაძე და მანანა ხოჭავა

Your browser doesn’t support HTML5

1 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნონ ბერაძე, "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის" იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი და მანანა ხოჭავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს კონსულტანტი. მათ ილაპარაკეს წითელის ინფექციის გავრცელების შესახებ. ნონა ბერაძის თქმით, 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წითელით ინფიცირების 109 შემთხვევაა აღნუსხული. მათგან უმრავლესობა აჭარაშია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ილაპარაკა ზოგადად ვაქცინაციით მოცვის მნიშვნელობაზე, ადრინდელი ხარვეზების გამო დარჩენილ საფრთხეებსა და გამოსავალზე - უფასო ვაქცინაციაზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს 40 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქეებს. როგორც ნონა ბერაძემ აღნიშნა, წითელის შემთხვევები არის წლამდე ასაკის ბავშვებშიც, რაც ნიშნავს, რომ მათ დედებსაც არ ჰქონდათ იმუნიტეტი. წითელა/წითურა/ყბაყურის პირველი აცრა კალენდარში ერთი წლის ასაკშია ჩანიშნული. მანამდე ითვლება, რომ ბავშვს თანდაყოლილი იმუნიტეტი უნდა იცავდეს. თუკი დედას არ აქვს იმუნიტეტი, შესაბამისად ბავშვიც დაუცველია. მანანა ხოჭავა "დილის საუბრებში" ლაპარაკობს წითელით ინფიცირების გზებსა და დაავადების ნიშნებზე. ის აღწერს დაავადების განვითარების სირთულეებს და სერიოზულობას. მანანა ხოჭავა ლაპარაკობს ვაქცინაციის ეფექტზე და რისკებზე, რასაც აცრაზე უარის თქმა წარმოშობს. მან ხაზი გაუსვა მედიის როლს ვაქცინაციის საკითხის გაშუქებაში - როგორც უარყოფითი, ისე დადებითი კუთხით.