საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ირაკლი აბუსერიძემ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებებში, არც ნიჟარაძე და არც აბუსერიძე განმარტავენ თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზებს. ნიჟარაძე აცხადებს, რომ ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას. აქამდე გეგმა ითვალისწინებდა პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას 20 დეკემბერს, რაგბის კავშირის საერთო ყრილობაზე. 12 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია „ზოგიერთი ‘თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის’ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების“ მცდელობაზე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ ცდილობს არჩევნებზე გავლენის მოხდენას.