ნინო ბურჯანაძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა

საქართველოს მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის საფუძვლების შექმნა - პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის თანახმად, ესაა ქართული სახელმწიფოს ორი ძირითადი ამოცანა, ამ ამოცანების შესრულებისათვის საჭირო მიმართულებები კი აისახა საპრეზიდენტო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ფართო აუდიტორიის - თანაპარტიელების, თანამოაზრეებისა და მიწვეული ექსპერტების წინაშე გამართა.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, უმთავრესი მიზანი, აღნიშნული პროგრამის თანახმად, არის ის, რომ საქართველო საერთაშორისო სისტემის ობიექტის ნაცვლად მის სუბიექტად ჩამოყალიბდეს და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის ძირითადი პრინციპი პრევენციული დიპლომატია გახდეს. მის მიზნებშია ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავება და ჩრდილოატლანტიკურ სივრცესთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ისე, რომ ნატოსთან ურთიერთობა მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ არ იყოს მიმართული. რაც შეეხება რუსეთს, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა წარიმართოს და რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველო მისთვის მტერი არ არის:

“რუსეთთან ურთიერთობა, ამჟამინდელი მდგომარეობით, სრულიად გაურკვეველია. არ ჩანს სტრატეგია და ურთიერთობის ნორმალიზაციის სამოქმედო გეგმა. მთავრობის გაუგებარი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის დათბობის სიმულაცია უფროა, ვიდრე რეალური დათბობა. მაშინ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გარღვევა გვაქვსო, ვხედავთ, რომ ახალი საზღვარი და მავთულხლართები ჩნდება. მე უზრუნველვყოფ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას, მათ შორის, ცხადია, ყველაზე მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის ფონზე, რუსეთმა პოზიტიური როლი შეასრულოს კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამის ამ ნაწილის, კერძოდ, ტერიტორიული კონფლიქტების საკითხში რუსეთის შესაძლო პოზიტიური როლის შესახებ დასმული შეკითხვის კომენტირებისას, ექსპერტმა, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ გვითხრა, რომ აქ რუსეთის, როგორც აგრესორის, როლის შეცვლაზეა საუბარი:

საქართველოს საზოგადოებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობა. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა თემაა. პირადად ჩემთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არის საზოგადოების განწყობა და, აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, საზოგადოების ამ ფენაზე აკეთებს აქცენტს...
ალექსანდრე რუსეცკი
“რუსეთს უნდა მივცეთ საშუალება, რომ პოზიტიური როლი შეასრულოს, ანუ უნდა შევუცვალოთ აგრესორის როლი - ის უნდა ჩანაცვლდეს პოზიტიური მოთამაშის როლით. ამის შესაძლებლობა უნდა მისცე და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი პირობაა, საერთოდ, იმიტომ რომ იზოლაცია და რუსეთის გათიშვა ამ პროცესიდან ნიშნავს იმას, რომ ის რჩება კონფლიქტის აგრესიულ, კონფრონტაციულ მხარედ და ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სამშვიდობო პროცესი დაიწყოს“.

ალექსანდრე რუსეცკის კოლეგა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე კი ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პრიორიტეტები,ზოგადად, პრორუსულად განწყობილ ამომრჩეველზეა გათვლილი:

“საქართველოს საზოგადოებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობა. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა თემაა. პირადად ჩემთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არის საზოგადოების განწყობა და, აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, საზოგადოების ამ ფენაზე აკეთებს აქცენტს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის მცირერიცხოვანი ფენა და ეს არის ძალიან მყარი ელექტორატი, რომელსაც სხვა ალტერნატივა წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არ ჰყავს. ამდენად, მისი მხრიდან არის სწორი გათვლა. სხვა თემაა, კიდევ ვამბობ, რომ ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა პრორუსული განწყობების ზრდა“.

უნდა მოხდეს სასამართლოს როლის შეფასება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ქალბატონი ნინო აპირებს, რომ სასამართლოს ეს როლი შეაფასოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია...
ზაზა ხატიაშვილი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერის გამთლიანება ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმთავრეს ეროვნულ მიზნებში, ამ პროგრამის თანახმად, არის ასევე ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება და ადამიანისთვის სრულფასოვანი ცხოვრების პირობების შექმნა. ამ მიმართულებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიანობის დაცვას, მათ შორის, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობას. ერთი მხრივ, ნინო ბურჯანაძე, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, 2008 წლის ომის შემოქმედთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას ითხოვს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ დაუშვებელია მოსამართლეთა უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე დანიშვნა. აქვე იგი მოითხოვს დადგეს იმ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებებს იზიარებს:

“ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს როლის შეფასება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ქალბატონი ნინო აპირებს, რომ სასამართლოს ეს როლი შეაფასოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის მოსამართლე, რომელიც იყო რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, უნდა გადაიხედოს, მისი დანიშვნა შეიძლება თუ არა უვადოდ და, აი, ეს მომეწონა ყველაზე მეტად მე“.

პროგრამული პრიორიტეტები, რომლითაც ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს, გულისხმობს ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ეფექტიანი მართვისა და კონტროლის მექანიზმების შექმნას, ხალხის ეკონომიკური, სოციალური და სულიერი კეთილდღეობის უზრუნველყოფას, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების შექმნას ყველასთვის და სხვ. ნინო ბურჯანაძე პროგრამას რეალისტურს უწოდებს, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი კი ფიქრობს, რომ, იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, დოკუმენტი მომავალ ხელისუფლებას გამოადგება. ხელისუფლებისთვის, კერძოდ, მისი საპრეზიდენტო შტოსთვის ბრძოლა კი გრძელდება და ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, როგორც მის მიერ აღიარებულ ძირითად კონკურენტს, სატელევიზიო დებატებში იწვევს.