კახეთში სოფელი არ არის, სადაც წყლის პრობლემა არ იდგეს

აქცია სოფელ ნინიგორში: ხალხი წყალს და გაზს ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. პირველ ეტაპზე ნინიგორელებს წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, უწყლოდ დარჩენილი ოჯახები კი ხელისუფლების დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ. ისინი, იმედგაცრუების შემთვევაში, პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის ერთი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. მიზეზი უწყლოობაა. აქციის 30-მდე მონაწილე ერთხმად ამბობს, რომ 2 ათეული წელია სოფელში სასმელი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და საპროტესტო აქციაც არაერთხელ გამართეს, მაგრამ ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიპყრეს. როგორც ნინიგორელებმა განაცხადეს, აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სოფელში არსებული ერთადერთი ჭაბურღილიც დაშრა:

„წყალი არ არის, გაზი არ არის და შუქიც ხშირად ითიშება - როგორ უნდა ვიცხოვროთ?! რა გავაკეთოთ, ხალხო, სად წავიდეთ? ვინმე პასუხს გაგვცემს? 20 წელია ამ პრობლემის წინაშე ვართ და ტყუილის მეტი არაფერ მოგვისმენია“.

„რომ დაგანახვათ რა წყალს მოვიხმართ, შეგეზიზღებათ. ქუჩაში ჩამომავალი დაბიძნურებული მდინარის წყლით ვრეცხავთ ჭურჭელს, ეგ არის ცხოვრება? ვის მივაკითხოთ, უკვე აღარ ვიცით!“

საპროტესტო აქცია სოფელ ნინიგორში

სოფელ ნინიგორში გამგებლის წარმომადგენელ მამუკა სულაქველიძის განცხადებით, სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რამდენიმე დღეში დაიწყებს, მანამდე კი სოფელ ნინიგორის მოსახლეობა სასმელ წყალს გრაფიკით 2 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიიღებს.

„სოფელთან მოპალარაკებით ასეთ რამეზე შევთანხმდით: მოსახლეობას წყალს მივაწვდით ორ დღეში ერთხელ, საღამოს 5 საათიდან 23:00 საათამდე. ეს იქნება დროებით, რათა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები დაკმაყოფილებული იყოს. თვის ბოლოდან კი წყლის სათავე ნაგებობის სარემონტო სამუშაოები დაიწყება, რამაც პრობლემა საბოლოოდ უნდა მოაგვაროს. სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა მამუკა სულაქველიძემ.

ნინიგორში გამართულ საპროტესტო აქციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც გამოეხმაურა. გუბერნატორი მოსახლეობა არწმუნებს, რომ წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა დაიწყება და პრობლემა მოგვარდება.

„ნინიგორში არის 300-მეტრიანი მილი, რომელიც უნდა გამოვცვალოთ, ასევე სათავე ნაგებობა უნდა გავაკეთოთ. მე ლაგოდეხის გამგებელს ვესაუბრე ამ თემაზე და ის პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში სათავე ნაგებობასაც და 300-მეტრიან მილსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ზოგადად, წყლის პრობლემა გამოწვეულია გვალვებით. პრაქტიკულად კახეთში სოფელი არ არის, სადაც წყლის პრობლემა არ არსებობდეს“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

როგორც ნინიგორელებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში არ მოხდა, ისინი კვლავ საპროტესტო აქციებს გამართავენ:

„გვითხრეს, რომ წყალი გრაფიკით გვექნება, რაზეც ამ ეტაპზე თანახმა ვართ, თუმცა თუ პრობლემა საფუძვლიანად არ მოგვარდება, ჩვენ მზად ვართ კვლავ ქუჩის აქციები გავმართოთ მანამ, სანამ რეალური შედეგი არ დადგება“.

სოფელ ნინიგორს სასმელი წყლის პრობლემა 2 ათეულ წელზე მეტია აწუხებს, თუმცა დღეს ნინიგორი არ არის ერთადერი სოფელი, სადაც წყლის ნაკლებობაა. ბოლო თვე-ნახევარია, რეგიონში ნალექი არ მოსულა, რის გამოც ყველა რაიონში წყლის დებატმა დაიწია. მოსახლეობას წყალი უმეტეს შემთხვევაში გრაფიკით მიეწოდება.