აგვისტოს 5 დღე: შთაბეჭდილებები


1. ხშირად დასმული კითხვები


კითხვა: ჰა, ღირს ნახვა?
პასუხი: რავი, ალბათ კი. არ გაინტერესებს, რა გადაიღეს?

კითხვა: ისე, როგორია, ვარგა რამედ?
პასუხი: არა.

კითხვა: კარგი, რა. გასაგებია, რომ ბერგმანი არ არის, ერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერია...
პასუხი: ჯერ ერთი, ბლოკბასტერი არასწორი ტერმინია. ”ბლოკბასტერი” ნიშნავს ფინანსურად ძალიან წარმატებულ ფილმს. ”აგვისტოს 5 დღე” კიდევ დანახარჯებს (რენი ჰარლინის მიხედვით, 12 მილიონს, IMDB-ის მიხედვით, ასე, 20 მილიონს), სავარაუდოდ, ვერ ამოიღებს...

კითხვა: მოიცა, ვინ ვარაუდობს?
პასუხი: მე. ასევე, ყველა, ვინც კი ოდნავ რამის აზრზეა. მოიცა, გავაგრძელო. სწორი სიტყვა იქნებოდა ”მძაფრსიუჟეტიანი ფილმი”. თუ მაინცდამაინც უცხო სიტყვა გვინდა - ”ბოევიკი”. ან, თუ რუსული გვაღიზიანებს - ”ექშენი”. ჰოდა, ამ ფილმს მაღალმხატვრულ ღირებულებას არავინ სთხოვს - ბოევიკად არ ვარგა.

კითხვა: კი, მაგრამ, ეს ხომ არის ფილმი - დოკუმენტი, ერთგვარი სამხილი, იარაღი რუსეთთან საბრძოლველად... რატომ ამბობ ცუდს ფილმზე, რომელიც მსოფლიოს სიმართლეს გააცნობს აგვისტოს ომის შესახებ?
პასუხი: ჯერ ერთი, ძალიან საეჭვოა, რომ ამ ფილმმა მსოფლიოს რამე გააცნოს. არა მგონია, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავდეს. მეორეც, ეს არის მხატვრული ფილმი, იაფფასიანი ბოევიკი და არა სამხილი ან დოკუმენტი. მსგავსი ფილმების ამოცანა არ არის, რომ ფაქტები გააცნო მსოფლიოს - ეგ დოკუმენტური ფილმის საქმეა, რომელიც, სხვათა შორის, რომ გადაგვეღო კარგად, სულაც არ იქნებოდა ცუდი. მხატვრული ფილმის დანიშნულება უფრო ისაა, რომ ემოციურად გადმოიყვანოს ჩვენკენ მაყურებელი და საქართველოს მიმართ სიმპათია აღუძრას. ეს ფილმი კი ემოციებს ვერავისში გამოიწვევს.

კითხვა: კარგი, რა. ამდენი ადამიანი ტიროდა ფილმის ყურების შემდეგ, შეძრულები გამოდიოდნენ. შენ რაღამ გაგიქვავა გული?
პასუხი: მართალი გითხრა, ფილმს რომ ვუყურებდი, აქა-იქ მეც მომაწვა გრძნობები. მაგრამ ეს გრძნობები ფილმს არ გამოუწვევია. უბრალოდ, ომის ამბები და მაშინდელი ემოციები გამახსენდა. მგონია, რომ ქართველი მაყურებლის აცრემლების და შეძვრის მიზეზიც ეს არის - გვახსენდება, რაც გადავიტანეთ და განვიცადეთ. ვისაც ის ჯოჯოხეთი არ გამოუვლია და გასახსენებელიც არაფერი აქვს, იმას ფილმი სრულიად გულგრილს დატოვებს.

კითხვა: კი მაგრამ, შერონ სტოუნმა რომ იტირა?
პასუხი: შერონ სტოუნი მსახიობია და როდესაც უნდა, მაშინ იტირებს. რასაც მისგან მოელოდნენ, ის გააკეთა.

კითხვა: იცი ხო, სამშობლოს მოღალატე რომ ხარ?
პასუხი: ბატონო კობა, თქვენა ხართ?

რეპლიკა: არ ვიცი, ვინ არის ბატონი კობა. მე ვარ კიბა ნუყოფია!
პასუხი: ე, ბატონო კობა, დავაი რა!

კითხვა: და, საერთოდაც, მთელი ქართული ჰუიზჰუ იყო პრემიერაზე - ნინო ჩხეიძიდან დავით ბაქრაძემდე. უმეტესობამ თქვა, კარგი თუ არა, საჭირო ფილმი მაინც გამოვიდაო. მაგაზე რაღას იტყვი, სნობო მოღალატე მატრაკვეცა?
პასუხი: მაგაზე არ ვიცი რა ვთქვა. მაგრამ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაგ ჰუიზჰუს დიდმა ნაწილმა არ იცის, კარგი და ცუდი რა არის, ვიდრე ვიღაცა ზემოდან არ აუხსნის. როცა ზევით ახსნით თავს არ იწუხებენ, მაშინ ცდილობენ გამოიცნონ ხოლმე. ბევრისთვის კი სულერთია, როგორია ფილმი. უბრალოდ ჰგონიათ, რომ ავტომატურად მხარი უნდა დაუჭირონ, რახან „ჩვენი ფილმია“. არადა, არ არის ეს ჩვენი ფილმი. მართლა! ცუდი იმიტომ კი არ არის, რომ იაფფასიანი პროპაგანდაა, არამედ იმიტომ, რომ ვერ არის კარგი პროპაგანდა.

კითხვა: როგორ, მთელი ჰოლივუდი იყო გადაღებებში ჩართული...
პასუხი: ფილმი რომ ცუდი გამოვიდა, ეგ რენი ჰარლინის ბრალია, რომელიც ან უბრალოდ ცუდი რეჟისორია და ან კიდევ ფეხზე დაიკიდა ჩვენი ”მესიჯის გარეთ გატანა”. სავარაუდოდ, ორივე ერთად. იმის ნაცვლად, რომ წითელ ხალიჩაზე გვეტარებინა, ძველი ბიჭები უნდა მიგვეგზავნა ”ფული დააბრუნე, ბიჭოთი” (ნეტა გივი თარგამაძე არ გამოდგებოდა მაგისთვის?). 12 თუ 20 მილიონი, მართალია, ჰოლივუდის ფილმისთვის არაფერი არ არის, მაგრამ გულით რომ მისდგომოდა კაცი, შეიძლებოდა ნორმალური რამის გადაღება. ჰარლინი უგულოდ მიუდგა. ამას გარდა, ვერ ივარგეს პროდიუსერებმა, რომლებსაც, წესით, ხარისხის საბოლოო კონტროლი ევალებათ. ქართულ ტელევიზიებს თუ დავუჯერებთ, ეს საქმე პაპუნა დავითაიას და კობა ნაყოფიას ებარა. ჰოდა, დააგოიმეს ამერიკელებმა.

კითხვა: ასე, ზოგადად ლანძღვა ადვილია. კონკრეტულად რას უწუნებ ამ ფილმს?
პასუხი: სცენარს, მსახიობების თამაშს, რეჟისურას... რა ვიცი, ყველაფერს. მოდი ვეცდები, ფილმის შინაარსს მოგიყვე. თუ ნანახი არა გაქვს და არ გინდა შინაარსი იცოდე, ”მადა რომ არ გაიფუჭო”, მაშინ ნუ წაიკითხავ. მაშ ასე, ვწყვეტ კითხვა-პასუხის ფორმატს და ”ვიწყებ მეორე განყოფილობას” (ვეცდები, მოკლედ დავწერო, თორემ უგრძესი გამოდის).


2. მოკლე შინაარსი

ამერიკელი ჟურნალისტი ტომას ანდერსი ერაყშია და იქ ჟურნალისტობს. მალე ცუდიანები დაესხმებიან თავს და გერლფრენდს მოუკლავენ. თვითონაც მოკლავდნენ, მაგრამ მოულოდნელად ქართველი კაპიტანი რეზო ავალიანი და მისი რაზმი გამოჩნდებიან და გადაარჩენენ.

დასაწყისი ურიგო არ არის - დაძაბული ექშენია და იმედს გაძლევს, რომ ფილმს არა უშავს. იმედი მალევე გიცრუვდება.

რამდენიმე თვეში საქართველოში ვითარება იძაბება და ტომასი თბილისში ჩამოდის, რომ მერე ცხინვალში გადავიდეს და იქიდან მოამზადოს რეპორტაჟები. თბილისს ფილმი კარგა ხნის განმავლობაში გვაცნობს - საქართველოს დედაქალაქის ღამის ხედებით, პეიზაჟებით და ნაზი მუსიკით.

როგორც ჩანს, კინოს დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რადგან მსოფლიომ უნდა ნახოს ეს ფილმი, ბარემ საქართველოც კარგად გავაცნოთ და ქვეყანას რეკლამაც გავუკეთოთო. იდეა ცუდი არ არის, მაგრამ განხორციელებაა სუსტი და ფილმს დიდ პრობლემას უქმნის. სუსტია იმიტომ, რომ განსაკუთრებული სილამაზე ფილმში არ ჩანს. პრობლემა კი ისაა, რომ გაუთავებელი ლირიკული გადახვევები მოქმედების ტემპს საოცრად აგდებს და კინოს კიდევ უფრო მოსაწყენს ხდის.

ცხინვალისკენ მიმავალი ტომასი და მისი ოპერატორი სოფელში ქორწილში აღმოჩნდებიან (მთლად კარგად ვერ გავიგე, როგორ). აქაც, როგორც ჩანს, ქართული კულტურის უკეთ წარმოსაჩენად, ქორწილი ლამის თავიდან ბოლომდე არის ნაჩვენები. ისეთი, ჩვეულებრივი სოფლის ქართული ქორწილია. ხომ იცით, სუხიშვილები რომ ცეკვავენ ხოლმე და ყველას რომ ტრადიციული სამოსი აცვია და ყველა ხალხურ ცეკვებს ცეკვავს პროფესიონალურად. ჩვენი მთავარი გმირი პატარძლის დას, თათიას უჟუჟუნებს თვალებს. მერე რუსები მოფრინდებიან და ქორწილს დაბომბავენ. სიძე კვდება. ტომასი, ოპერატორი და თათია დაჭრილი ქალის გადასარჩენად მანქანაში ჩასხდებიან და საავადმყოფოში წავლენ.

სააკაშვილი სად არის ამ დროსო, იკითხავთ. საქართველოს პრეზიდენტის ამბები ძირითადი სიუჟეტის პარალელურად - აქა-იქ არის ჩასმული. უფრო სწორად, ამბები მაინცდამაინც არც არის - ძირითადად ბორგავს, ნერვიულობს და ღელავს. გასაგებია, რომ ომია და განიცდის, მაგრამ მეტისმეტი მოსდის ენდი გარსიას - ”აგვისტოს 5 დღეში” პრეზიდენტი კონტროლდაკარგული, იმედგადაწურული, სასოწარკვეთილი კაცის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ეს ვულფ ბლიცერმა (”სი-ენ-ენ“-ის წამყვანია) უნდა გაიგოსო - გაიძახის ფილმის დასაწყისში. რა ევულფბლიცერება, როცა ქვეყანა თავზე ექცევა? არ ვიცი, შეიძლება მართლა ასეთი იყო ომის დროს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ განა ეს ფილმია მაგის ჩვენების ადგილი?

მოვუბრუნდეთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ახლა უკვე თათიას დის და მამის საძებნელად დადიან სოფელ-სოფელ. აქვე ვიგებთ, რომ თათიას მამასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს. იმიტომ, რომ ის ნახევრად ოსია და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას არასწორად აფასებს. თუ ამ დროს გაიფიქრე - ”აჰა, ოსი! ეს ნამდვილად გვიღალატებსო”, მაშინ გილოცავ - ერთნაირად ფიქრობთ შენ და ფილმის შემქმნელები.

თათიას ოჯახს კი იპოვიან, მაგრამ ამასობაში რუსები გამოჩნდებიან. ფილმი რატომღაც ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით ცუდები დაქირავებული მებრძოლები არიან და არა რუსი ჯარისკაცები. მთავარი ცუდიანი ორია - ერთი ახალგაზრდა, სასტიკი, ბოროტი დაქირავებული მებრძოლია. მეორე კი გამობრძმედილი, ჭაღარა, ნაავღანეთარი რუსის გენერალი.

ჩვენი გმირები რუსების სისასტიკეს შეესწრებიან (მოხუც ქალს ახალგაზრდა ბოროტი ფეხებს დაუხვრეტს და შემდეგ ორ კაცს ყელს გამოჭრიან) და გადაიღებენ. შემდეგ, მათ რუსები ჩაიგდებენ ხელში. შეგახსენებთ, ხუთნი არიან - ტომასი, ოპერატორი, თათია, მისი პატარძალი და, რომელიც სისხლიან საქორწილო კაბას ცოცხალი თავით არ იხდის (თათიამ მგონი ოთხჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი) და ოსი მამა. ცუდიანები გოგოებს გაუპატიურებით ემუქრებიან. ოსი მამა შეშინდება და ამერიკელებს გასცემს - მაგათ ჩანაწერი აქვთო. თათიას უხსნის - აბა რა მექნაო. თან, ეგენი ამერიკელები არიან, ისევე დაგვიკიდებენ ფეხზე, როგორც ამერიკამო. პრინციპში, ლოგიკურია. თუმცა, თათია მამას მაინც მოიძულებს და მოღალატეს უწოდებს.

ამის შემდეგ ჭაღარა რუსის გენერალი ტომასს დაისვამს და ჭადრაკს ეთამაშება და ცხოვრებაზე ესაუბრება. ჩვენო, ერთნაირები ვართო და რამეო. რუსებს ყველას თან ლეპტოპი აქვს, ინტერნეტში შედი-გამოდიან და ჩიპებსა და კამერებშიც საყველპუროდ ერკვევიან. კი, სასტიკები არიან, მაგრამ თან რაღაცნაირად ”კრუტოი” ტიპები. აი, ქართველები კი ძირითადად შეშინებულები დარბიან. ცოტა ჩვეულებრივი მოქალაქეების გმირობაც რომ ეჩვენებინათ - არა? გულს მოეფონებოდა. ამის მაგალითები არ ჰქონდათ თუ რა?

მოკლედ, რუსები ოპერატორის წამებას აპირებენ და ამ დროს მოულოდნელად ქართველი კაპიტანი რეზო ავალიანი და მისი რაზმი გამოჩნდებიან და ყველას გადაარჩენენ. ყველას, გარდა ოსი მამისა, რომელსაც კაპიტანი რეზო ავალიანი მტრის ხახაში დატოვებს - აჰა, ოსო, შენს მეგობრებთან დარჩიო. აი, მესმის სიჩაუქე.

გაქცევისას თათიას დას მოკლავენ, მაგრამ რადგან ის ფილმის შემქმნელებმა წესიერად არ გაგვაცნეს, გულიც არავის სწყდება. გორში ჩამოსულები აღმოაჩენენ, რომ პრეზიდენტს ჯარისთვის უკან დახევა უბრძანებია - თბილისი უნდა დავიცვათო. კაპიტანი რეზო ავალიანი ამბობს - პრეზიდენტი-მეზიდენტი მე არ ვიცი, წავედი, გორი უნდა დავიცვაო. ჩნდება სამი შეკითხვა. პირველი - ერაყში ასწავლეს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება სინამდვილეში უფრო რჩევა, ან, თუ თანამედროვე ენაზე გნებავთ, გაიდლაინია და შეგიძლია თამამად უგულებელყო? მეორე - რას გვეუბნება ფილმი, რომ პრეზიდენტი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელსაც ჩვენი კარგი გმირი არ უნდა დაემორჩილოს? კიდევ ერთხელ, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ რაღა ამ ფილმში, კაცო? მესამე - რანაირად აპირებს გორის დაცვას სამი კინკილა კაცით? ვერც დაიცავს - რუსები მოვლენ ტანკებით და ცოცხლები მხოლოდ იმიტომ დარჩებიან, რომ ჭაღარა რუსი გენერალი გამოიჩენს სიკეთეს და გაუშვებს. კეთილი აღმოჩნდება თინეიჯერი რუსი ჯარისკაციც,რომელიც გადამწყვეტ მომენტში იმ მეორე ახალგაზრდა დაქირავებულ ცუდიანს მოკლავს. მოიცა, ეს ჩვენი პროპაგანდაა თუ რუსების?

ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება. მოიცა, კარგად მთავრდება? ეგრე ჩანს. თათია გაღიმებული უყურებს ტომასს,რომელიც ცოცხალი გადარჩება (მერე რა, რომ და და სიძე მოუკვდა ორი დღის წინ და მამაც კაცმა არ იცის, სად არის). პარლამენტის წინ სცენაზე ენდი გარსია დგას ვიღაც ტიპებთან ერთად, სცენის წინ შეკრებილი ბევრი ხალხი კი რაღაცას ზეიმობს (ჩვენ კი ვიცით რაც ხდება, მაგრამ არაქართველი მაყურებელი ვერაფერს მიხვდება). ზი ენდ.

ფილმის დასრულების შემდეგ ჩანან ომის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც ომის რეალურ ისტორიებს ჰყვებიან. მართლა ტრაგიკული ამბებია და მთხრობელებიც ნამდვილ ემოციას ავლენენ. ცუდია, რომ უხეირო ფილმის ბოლოსაა მიწებებული.

კიდევ, დამატებით შთაბეჭდილებებს თუ შევეხებით... იცით რა, მოდი, ნუ შევეხებით. ისედაც უგრძესი რაღაცა გამომივიდა. თან, რა ვიცი, ღირდა? მგონი არა.