„მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა“

15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. სამოქალაქო სექტორის ამ შეფასების თანახმად, კოალიციის მმართველობის პირველი ორი წელი უფრო პლურალისტული და თავისუფალია, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლები, თუმცა მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. ხელისუფლების მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე მომზადებულ ანგარიშს მთავრობამ კომენტარები შეაგება და ერთ გამოცემად შეკრა.

15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშთან ერთად პრეზენტაციაზე ამ ანგარიშზე მთავრობის კომენტარების შემცველი გამოცემაც დარიგდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა, პასუხგაცემული საკითხების გარდა, ქვეყანაში მრავალი გამოწვევა რჩება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა:

„არაფორმალური მმართველობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ზოგ შემთხვევაში ეს იწვევს იმას, რომ ხელისფლების წარმომადგენლები იგნორირებას უკეთებენ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ხელისუფლება ასევე სამართალდამცავი უწყებების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს და ქვეყნის სიძლიერეს ძალოვნების სიძლიერესთან აიგივებს“.

ეკა გიგაურის შეფასებით, 2012 წლის არჩევნების შემდგომი პარლამენტი პლურალიზმით გამოირჩევა, მაგრამ უაღრესად დაძაბული და კონფრონტაციულია პარლამენტში წარმოდგენილ ძალთა ურთიერთობა და დებატები ხშირად დაპირისპირებაში გადადის. უარყოფითი ტენდენციაა ის, რომ კანონპროექტები გადავადდება ხოლმე დაუსაბუთებელი მიზეზებით.

არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი არ გაიზიარა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, თუმცა მან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და განსაკუთრებით იმის გამო, რომ ანგარიშის გაცნობის საშუალება მის პრეზენტაციამდე მიეცათ:

„ჩვენ ვფიქრობთ და ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს, სამწუხაროდ, უკვე გვქონდა

ჩვენ ვფიქრობთ და ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს, სამწუხაროდ, უკვე გვქონდა...
მაია ცქიტიშვილი

, და რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ მთავრობა კოორდინირებულია და უწყებები გამართულად მუშაობენ“.

ანგარიშში, რომელიც საჯარო და კერძო სფეროში ხელისუფლების საქმიანობას შეეხება, მათ შორის, სახელმწიფო მართვის სისტემას, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობას, სამართალდამცავი ორგანიზაციების მუშაობას, მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემას და სხვა, მთავარ აქცენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმაზე სვამს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი:

„მთავარი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე - ეს არის არა მხოლოდ ძალაუფლების დეკონცენტრაცია, არამედ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტიების ჩადება და ცვლილებების შემოთავაზებული კონცეფცია, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ამას. ვერც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს სრულ დისტანცირებას პოლიტიკური აქტორებისაგან“.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის რეფორმა უაღრესად პოზიტიურ სახეს მიიღებს:

2 ათასზე მეტი საჯარო მოხელე გათავისუფლდა თვითმმართველობიდან და თითქმის ყველა თვითმმართველობაში შეიცვალა გამგებელი, რასაც ახლდა გარკვეული ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლების და აყვანის პროცესი...
ნინო ლომჯარია

„როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, მოხდება საპოლიციო და უშიშროების ფუნქციების გამიჯვნა, უფლებამოსილების ძალიან მკაფიო და დაბალანსებული გამიჯვნა და მართვა და, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ მექანიზმებს, იმ ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლის შექმნასაც ჩვენ ვუთმობთ დროს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ აქცენტი, ცხადია, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე გააკეთა და 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ასახულ პოლიტიურ პროცესზე გაამახვილა ყურადღება:

„2 ათასზე მეტი საჯარო მოხელე გათავისუფლდა თვითმმართველობიდან და თითქმის ყველა თვითმმართველობაში შეიცვალა გამგებელი, რასაც ახლდა გარკვეული ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლების და აყვანის პროცესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ თვითმმართველობა სრულად არ იყო თავისუფალი ცენტრალურ დონეზე მომხდარი ცვლილების გამო“.

საჩივრის განხილვის ვადები 90 დღიდან შემცირდა 14 დღემდე. არ იყო რატომღაც აღნიშნული სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრებისთვის ფოტოგრაფირების უფლების მინიჭება...
კახა კახიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანური მოპყრობა სისტემურ ხასიათს აღარ ატარებს, შემთხვევები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ჯერ კიდევ გამოწვევაა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თამარ ავალიანის განცხადებით, დღემდე არ არსებობს მსჯავრდებულთა საჩივრების განხილვისა და გამოძიების დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით კი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გამორჩათ ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც სამინისტროში ხორციელდება:

„საჩივრის განხილვის ვადები 90 დღიდან შემცირდა 14 დღემდე. არ იყო რატომღაც აღნიშნული სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრებისთვის ფოტოგრაფირების უფლების მინიჭება, რაც ამ სისტემაში რევოლუციაა“.

ანგარიში მოიცავს ასევე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ თავებს, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულებას და სხვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ დამფუძნებელმა ირაკლი ვაჭარაძემ დასძინა, განსხვავება, რომელიც შეინიშნება წინა ხელისუფლების მმართველობასა და ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პირველ ორ წელს შორის, არის ის, რომ გაჩნდა მინიმალური სოლიდარობა ლგბტ თემის მიმართ:

„ზოგმა პოლიტიკოსმა და პარტიამ გაბედა ეთქვა, რომ ლგბტ ადამიანები არ უნდა მოვკლათ და ვცემოთ. ამის იქეთ ჩვენი სოციალური პროგრესი ამ კუთხით არ წასულა. ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და არც ერთი შემთხვევა, როცა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იქნა ადეკვატურად გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. მე არ ვლაპარაკობ 17 მაისის საქმეზე, მე ვლაპარაკობ შემთხვევებზე, როცა ადამიანებს ქუჩაში აედევნენ, სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და ეს დოკუმეტირებულია და ჩვენ ვერ ვაღწევთ სიძულვილით მოტოვირებული დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას. შესაბამისად, კანონი ამ მიმართულებით არ მუშაობს“.

ანგარიშის თანახმად, ასევე გაზრდილია ზოგი სამინისტროს ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი. ანგარიში, რეკომენდაციების გარდა, სხვადასხვა სფეროში არსებულ პროგრესსაც ასახავს.