ნიუ-იორკის ქვინსის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა

ქვინსის ბიბლიოთეკა

ნიუ-იორკის ქვინსის დასახლებაში მდებარე უბნის ცნობილი ბიბლიოთეკა ქართული წიგნებით შეივსო. ეს არის პირველი ამერიკული ბიბლიოეთეკა, სადაც ქართველ იმიგრნატებს შეეძლებათ ქართული წიგნებით სარგებლობა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ქვინსის ბიბლიოთეკის ამერიკის პროგრამის ხელმძღვანელის ფრედ გეტნერის შეთანხმებით ქართული წიგნის კუთხის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს.

ნინო ნამიჭეიშვილი თერთმეტი წლის არის. ის ნიუ-იორკის ქართული ანსამბლის "ფესვების" მოცეკვავეა. ამერიკის მოქალაქეა, ამერიკულ სკოლაში დადის, თუმცა ქართულად გამართულად საუბრობს და კითხვაც შეუძლია.

ნინო ნამიჭეიშვილი: წაკითხული მაქვს "დედა ენა", "აი ია", ვერ ვიხსენებ კიდევ რა მაქვს წაკითხული.

ნინოს თანატოლებს და მასზე პატარებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ გაიხსენონ რომელიმე ქართველი მწერლის სახელი. მშობლები ამბობენ, რომ სამწუხაროდ ამერიკული ტემპის და ცხოვრების გამო ბავშვებს ქართული კულტურის და მწერლობის გაცნობის დროის დეფიციტი აქვთ.

შორენა ბარბაქაძე: ჩემი ვაჟიშვილი 14 წლის არის და ვცდილობთ, რომ "ვეფხისტყაოსანი" წავაკითხოთ. ნებაყოფლობითაც კითხულობს, თუმცა ხშირად ვაძალებთ. აქ დროის ფაქტორია, იმდენად სწრაფად გადის დროს ნიუ-იორკში, რომ სად და როდის რა მოვასწროთ არ ვიცით.

ნიუ-იორკის ქვინსის უბანში მდებარე ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხის გახსნაც დრომ მოიტანა. დრომ დააჩქარა საქართველოდან იმიგრაციის ჩამოსვლა და დაფუძნება ამ უბანში და დრო მოითხოვს, რომ ქართულ კულტურასთან და მწერლობასთან კავშირი შენარჩუნდეს.

ფრედ გეტნერი, ქვინსის ბიბლიოთეკის ამერიკის პროგრამის ხელმძღვანელი, სიხარულით ამბობს, რომ ბიბლიოთეკას მალე 7500- ზე მეტი ქართული წიგნი, დისკი და დივიდი შეემატება. ვაჟა-ფშაველა, ლევან სანიკიძის ისტორიული ნარკვევები, სხვადასხვა საბავშვო კრებული ბიბლიოთეკაში უკვე მოიპოვება. პროექტის ინაუგურაცია სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგა.

ფრედ გეტნერი: ამ ბიბლიოთეკაში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიპოვება ესპანური, ჩინური, კორეული, რუსული, ბენგალის ენებზე წიგნები. ცოტა ხნის წინ, იაპონურ და არაბულ ენაზე გამოცემული წიგნების შეგროვება დავიწყეთ. ამ უბანში სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ჩვენც ვცდილობთ დემოგრაფიული მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, ეს უფრო სპეციალური პროექტია. ჩვენ სხვადასხვა დისპორის წარმომადგენლებთან ვთანამშორმლობთ. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გავუგზავნეთ მოთხოვნა თუ რა სახის და აქვე, აკადემიური ლიტერატურა უნდა გამოეგზავნათ. ნაწილი უკვე ჩამოვიდა.

ქვინსის ბიბლიოთეკაში ასევე ამერიკელი ავტორის ტომას გოლცის წიგნის "საქართველოს დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა. წლების წინ ის "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში თურქეთში ცხოვრობდა.

პროექტის პრეზენტაციას ნიუ იორკის გენერალური საკონსულოდან ვიცე-კონსული ნინო გაჩეჩილაძე მიესალმა, რომელმაც დამსწრეთ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ქართველი იმიგრანტების სურვილია - ქართული წიგნების კუთხე ბრუკლინის ბიბლიოთეკაშიც გაიხსნას, სადაც ქართული დიასპორის დიდი ნაწილი ცხოვრობს.