"საქართველო - ოქროს საწმისის ქვეყანა" ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის კერამიკის და შუშის ნაწარმის ფესტივალზე წელს საქართველო პირველად მონაწილეობს. ასევე, ქართული ეთნო-კულტურული ძეგლების ასლები თებერვლის დასაწყისში ნიუ-იორკში, ჯავიტსის ცენტრში, საჩუქრების და სუვენირების ყოველწლიურ ფესტივალშიც იქნება წარმოდგენილი. "საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანა", ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გამომცემლობა "მინიატურა" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი ემიგრანტების შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან.

ქართული ეთნოგრაფიული კულტურის და ტრადიების ნიმუშები ნიუ- იორკში ორ სხვადასხვა ექსპოზიციაზე წელს პირველად არის წარმოდგენილი. ნიუ-იორკის კერამიკის და შუშის ნაწარმის ფესტივალზე სულ 36 ქვეყანა მონაწილეობს, აქედან 26 გალერეა ამერიკის კონტინენტიდან ჩამოტანილ პროდუქციას, 6 დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ჰოლანდიდან და საქართველოდან ჩამოტანილ ექსპონატებს ეთმობა. გამომცემლობის "მინიატურა" ხელმძღვანელი ქეთევან ლაზაშვილი ამბობს, რომ წელს გამოფენის ორგანიზატორთა დაინტერესება პროექტის სახელმა განაპირობა.

ქეთი ლაზაშვილი: აღმოვაჩინე და ასეც არის ალბათ, რომ საქართველოზე მეტად უფრო ცნობადია ოქროს საწმისი, იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლივუდშიც ფილმებია გადაღებული და ასე შემდეგ. და ამ პროექტით მინდოდა გაგვეკეთებინა საქართველოს იდენტიფიცირება ოქროს საწმისთან.

გამოფენის ორგანიზატორების მხრიდან საკმაოდ მკაცრი პირობები იყო. ქართულ მხარეს გამოფენაზე უნიკალური ნივთების წარმოდგენა მოთხოვეს. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ქართული კერამიკული ექსპონატები საგამოფენო დარბაზში, მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი სკულპტორის სტივ ტობინის ექსპონატების გვერდით აღმოჩნდა.

დავით ჯიქია: გამორჩეული, ერთეული ნამუშევრები უნდა ყოფილიყო. თვითონ გაგვაფრთხილეს მასპინძლებმა, რომ თქვენს გვერდით ძალიან ცნობილი ადამიანები, ცნობილი ადამიანების ნამუშევრები იქნება, ამიტომ თქვენც უნდა აჩვენოთ მაღალი ხარისხი. სტივ ტობინი არის ძალიან ცნობილი ამერიკელი ავტორი, რომელსაც დიდი ფართი უკავია და იმის გევრდით ვართ ჩვენც.

ქეთი ლაზაშვილი: ყველაზე ძალიან რაც მოსწონთ ეს არის ლურჯი სუფრების მოტივი. ბევრს გვეკითხებიან. ძალიან მოეწონათ ანა ფარცვანიას, და ბატონი გიგის ექსპონატები. მაგალითად, ეს ჩაიდანი ისეთი ექსპონატია, რომ მოდიან და მასთან ფოტოებს იღებენ. ეს მაია გადაბაძის ნამუშევარია.

პროექტი "საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანა" ნიუ-იორკის საჩუქრების და სუვენირების ფესტივალშიც მონაწილეობს. ქართული სტენდი ოქროს ფონდის ახალგორის, თრიალეთის და ვანის გათხრების ნიმუშების ასლებს წარმოადგენს, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის პერიოდს მოიცავს. ეს არის ლითონის ნაკეთობები, ფაიფურის ნივთები, ლურჯი სუფრები, მინანქარი, ნაქარგები და ქართული სამოსი. ამ ექსპოზიციაზე გამოფენილი ექსპონატები გაიყიდება. სიმონ ჭელიძე უშგულიდან არის. ნიუ-იორკის საჩუქრების და სუვენირების ფესტივალზე ის სვანურ კოშკებს წარადგენს.

სიმონ ჭელიძე: ძირითადად ვმუშაობ ხის კოშკებზე. პირველად ვმონაწილეობ ამ ფესტივალში. ჯერ ვსწავლობ, მამაჩემს ვეხმარები. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა.

პროექტის "საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანა" ფარგლებში ნიუ- იორკში მცხოვრებ ემიგრანტებს მწერალი დავით ტურაშვილი შეხვდება.