ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფო, ჩერნოგორია, ნატოში შევიდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრის დროშა ნატოს შტაბბინის თავზე, ბრიუსელში, შვიდ ივნისს აფრიალდება. ჩერნოგორია, ყველამ ვიცით, სახელმწიფოა დასავლეთ ბალკანეთში. მას ქართულად შეცდომით მონტენეგროს უწოდებენ ხოლმე. ყოფილი იუგოსლავიის ამ მომცრო სახელმწიფომ შესაშურ შედეგებს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 2006 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ წელიწადში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და სულ მალე წევრობის კანდიდატიც გახდა. ჩერნოგორია 2006 წლიდან არის ჩართული ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. მალევე, 2008-ში, მიიღო მან „პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა“, იმავე წელს დაიწყო „ინტენსიური დიალოგი“ და 2009 წლის აპრილში, როცა საქართველოს უარი უთხრეს, მიიღო ეგრეთ წოდებული „მეპი“, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რისი შედეგიც, გაწევრიანებისთვის მიპატიჟება, მიღწეულ იქნა 2015 წელს. ახლა, 2017-ში, მოსახდენი მოხდა და ჩერნოგორია, თავისი პროფესიული არმიით, ორი ათასზე ოდნავ მეტი მებრძოლით, ნატოში გაწევრიანდა. ოფიციალურ ცერემონიაზე ალიანსს ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სრჯიან დარმანოვიჩმა, გადასცა თავისი ქვეყნის ნატოში „გაწევრიანების აქტი“.
Your browser doesn’t support HTML5
დუშკო მარკოვიჩმა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, ჩემი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება იმის საწინდარია, რომ მომავალში ვერასოდეს ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ზურგს უკან გადაწყვიტოს მისი ბედი, როგორც ეს ადრე ხდებოდაო.
„დღეს ჩერნოგორიისთვის დიდი დღეა, ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი ხდება. ეს ისტორიული მოვლენაა ქვეყნისა და ერისთვის, რომელმაც მე-19 და მე-20 საუკუნეებში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, რათა დაეცვა თავისი უფლება ყოფილიყო თავისუფალი, უფლება - განესაზღვრა საკუთარი მომავალი, უფლება - ის მსოფლიოს ეღიარებინა მისი საკუთარი სახელით და საკუთარი სახელმწიფო სიმბოლოებით“, - ეს განაცხადა მარკოვიჩმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მას მერე, რაც ჩერნოგორია ოფიციალურად გახდა ალიანსის წევრი.
მარკოვიჩი, წარსულში უფლებების დაცვაზე როცა ლაპარაკობდა, გულისხმობდა ჩერნოგორიის ისტორიის რთულ პერიოდებს. ის მეცხრამეტე საუკუნემდე, როგორც სამთავრო, შედიოდა ოსმალეთის შემადგენლობაში, ვისგანაც დამოუკიდებლობა ბერლინის კონგრესზე მიანიჭეს ოსმალეთის წინააღმდეგ რუსეთის გამარჯვების შედეგად; გადაწყდა მისი დამოუკიდებლობის საკითხი, მაგრამ ჩერნოგორია მალევე კვლავ სხვა ერთეულის ნაწილი გახდა, ვიდრე, საბოლოოდ, 2006 წელს დამოუკიდებლობას არ არგუნებდნენ. ამ ქვეყანაში ხუთი სახელმწიფო ენაა და რაც ჩერნოგორიელების დამოუკიდებელ ბუნებას ხაზს უსვამს, მან ცალმხრივად შემოიღო ევრო, საერთო ევროპული ფულადი ერთეული, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო კავშირის წევრი არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში თომას შენონმა ორშაბათს, სანამ ცერემონია დაიწყებოდა, ასეთი რამ განაცხადა: „ჩერნოგორიამ ნატოს რჩევები ყურად იღო და გაატარა სასარგებლო რეფორმები, სამხედრო ძალების სტრუქტურული გარდაქმნის, განახლებისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერების ჩათვლით. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ ჩერნოგორია სერიოზულად ეკიდება საფინანსო ვალდებულებებს, რომლებიც ახლავს ნატოში გაწევრიანებას“.
ჩერნოგორია სერბიასთან ერთად რუსეთის მოკავშირე იყო. ნატოში მისი გაწევრიანების დაწყების პროცესმა მოსკოვი გაანაწყენა და კრემლი ცდილობდა ჩერნოგორია დასავლური ორიენტაციისთვის აეცდინა, რაშიც წარმატებას ვერ მიაღწია. აქტმა, რომელიც ნატოს სამიტზე მოხდა წელს, მაისში, სალაპარაკო მისცა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებას: ისინი მსჯელობდნენ ინციდენტზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფოტოსესიისას ხელით გვერდზე გასწია ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი, დუშკო მარკოვიჩი. 25 მაისის ამ ინციდენტის გამო მარკოვიჩმა განაცხადა, ეს უმნიშვნელო ამბავი იყოო. ინციდენტი ბალკანეთის ამ ქვეყანაში და რუსეთში მარკოვიჩის დაცინვის საბაბი გახდა. დუშკო მარკოვიჩი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ ჩერნოგორია ნატოს წევრი გამხდარიყო, რომ მისთვის პატივი ეცათ და იმ მაგიდასთან მჯდარიყო, რომელთანაც გადაწყვეტილებებს იღებენ, თქვა იოვან ვუჩუროვიჩმა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრმა. მაგრამ ახლა ვნახეთ, რას ფიქრობს ამაზე მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოს პრეზიდენტიო, შენიშნა ჩერნოგორიელმა ოპოზიციონერმა და დაამატა, პრობლემა ის კი არაა, რაც ტრამპმა გააკეთა, პრობლემა ის არის, რომ მარკოვიჩმა აპატია და მორჩილად გაამართლა ტრამპის აგრესიული საქციელიო.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვაშინგტონში, როცა ამ ქვეყანას ნატოში იღებდნენ, სიტყვით გამოვიდა და თქვა, ჩვენ დემოკრატიების ალიანსი ვართ, ხანდახან განსხვავებული პოლიტიკური ხედვებით, მაგრამ საერთო ამოცანის შესასრულებლად ამ განსხვავებებს ვივიწყებთ და ერთმანეთს გვერდში ვუდგებით ურთიერთმხარდასაჭერად და, თუ საჭირო იქნა, ერთმანეთის დასაცავად საბრძოლველადაცო: „დღეს ჩერნოგორია ნატოს უერთდება თავისი ადგილით მაგიდასთან, როგორც თანასწორუფლებიანი წევრი, ალიანსის საქმიანობაში მონაწილის თანასწორუფლებიანი ხმით და, ამასთან, მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია. სამაგიეროდ, ნატო სარგებლობს დასავლეთ ბალკანეთში ჩერნოგორიის პოზიციით, მისი უნიფორმიანი ქალებისა და კაცების პროფესიონალიზმით, სიმამაცით და თავდადებით, მისი ჯარით, რომელიც ჩვენი მისიის შემადგენლობაშია ავღანეთში. ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანება ჩერნოგორიას არგებს. ეს კარგია დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისთვის და კარგია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.
ასე ხედავს ჩერნოგორიის ფუნქციას ნატოში გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. აქვე დავძენთ: ჩერნოგორიას ავღანეთში საერთაშორისო მხარდამჭერი მისიის შემადგენლობაში მივლინებული ჰყავს 320 სამხედრო.