კონსერვატორების ათწლიანი მმართველობის დასასრული მაკედონიაში

ზორან ზაევი

17 მაისს მაკედონიის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საქმეს ანდობს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და მის ლიდერს, 42 წლის ზორან ზაევს. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომლითაც მთავრდება კონსერვატიული პარტიის თითქმის 11-წლიანი მმართველობა, შეფასდა, როგორც პოტენციური ნაბიჯი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზაზე. მართლაც ნიშნავს თუ არა ეს კრიზისის დასასრულს მაკედონიაში და რა შეიცვლება ბალკანეთის ამ სახელმწიფოს ცხოვრებაში სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მმართველობის პირობებში? ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის, „ახალი ევროპის“ მორიგ გამოშვებაში ამ საკითხებზე სალომე აფხაზიშვილი ისაუბრებს.

Your browser doesn’t support HTML5

კონსერვატორების ათწლიანი მმართველობის დასასრული მაკედონიაში

მაკედონიის პრეზიდენტის, გეორგე ივანოვის გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი მოელის, რომ, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაესმება ორწლიან პოლიტიკურ კრიზისს, რომელმაც მაკედონიის მთავრობის კოლაფსი და ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ზორან ზაევს 20 დღე აქვს პოლიტიკური მოკავშირის მოსაძებნად, რამაც უნდა უზრუნველყოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარში ზაევმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირის საპოვნელად მას ათი დღეც ეყოფა. მანდატის ოფიციალურად მიღების შემდეგ მთავრობის მომავალმა მეთაურმა აღნიშნა, რომ ის დაიცავს ქვეყნის „ერთიანობას, სუვერენობას, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და ეთნიკურ მრავალფეროვნებას“: „როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი, მიზნად ვისახავ ახალი რეფორმისტული მთავრობის შექმნას, რომელიც ჩამოაყალიბებს სამოქალაქო, ერთიან და ევროპულ მაკედონიას. მთელს ძალისხმევას მივმართავთ სამართლიანი და კანონზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რათა მაკედონიის ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ცხოვრების თანაბარი პირობებით და ურთიერთგაგებით“ - ამ სიტყვებით მიმართა მაკედონიის მთავრობის ახალდანიშნულმა მეთაურმა ჟურნალისტებს 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შარშან, დეკემბერში, მაკედონიაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო მმართველი კონსერვატიული პარტიისა, რომელსაც სათავეში უდგას პოლიტიკურ სკანდალებში გახვეული ნიკოლა გრუევსკი. დასავლეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, დეკემბერში გამართულ არჩევნებს უნდა დაეჩქარებინა პოლიტიკური კრიზისის დასრულება, მაგრამ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სოციალ-დემოკრატიული პარტიასა და ეთნიკურ ალბანელთა პარტიას შორის ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზრდიდა ალბანელთა პოლიტიკურ როლს მაკედონიაში. გაღიზიანების მთავარ მიზეზად იქცა ალბანურ ენასთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მაკედონიის ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური უმცირესობის, ალბანელების ენას მეორე ოფიციალური ენის სტატუსს ანიჭებდა. პრეზიდენტმა ეს შეთანხმება კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა და რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ ამ გარიგებაში ქვეყნის ერთიანობისთვის პოტენციურ საფრთხეს ხედავდა. სწორედ ეს გარიგება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა, მაკედონიას მიმდინარე წლის თებერვლიდან რომ მოედო და თითქმის ორ თვეს გაგრძელდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა: ხალხი ქუჩაში მოუგვარებელმა სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმაც გამოიყვანა: „მაკედონია გამუდმებული საფრთხის ქვეშაა ასეთი კრიზისის თანმდევი ფინანსური და ეკონომიკური ასპექტებით. ეს ქვეყანა სულ კრიზისშია. 1990-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ კრიზისსა და პრობლემებში ვართ. ვითარება ცუდიდან უარესისკენ იცვლება“ - უთხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს ერთი თვის წინ, სკოპიეს საპროტესტო გამოსვლების დროს.

„ეს არ არის კრიზისის დასასრული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯები კრიზისის მოგვარების გზაზე“, გვითხრა ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის მიმომხილველმა ზორან კიუკამ. მასვე ვკითხეთ, რამდენად მაღალია ნდობა ზაევისადმი მოსახლეობაში და როგორ გაართმევს თავს ის ქვეყნაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებას, ან მთავარ საგარეო საფრთხეებს, რომელთა შორისაა რუსეთის ინტერესები რეგიონში: „ის ქალაქ სტურმიცას მერი იყო. ძალიან წარმატებული მერი. მან გოლგოთის გზა გაიარა ბოლო ორ-სამ წელიწადში სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის დროს. მან დაამტკიცა, რომ აქვს მიზანი, მაგრამ მაინც არ ვიცით, რა იქნება. მისი, ისევე როგორც მისი პარტიისა და ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკური პარტიების, ახლა მათ მოვიხსენიებთ, როგორც ახალ საპარლამენტო უმრავლესობას, პრიორიტეტია ნატო, ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები. ამბობენ, რუსეთთან კარგი ურთიერთობები სურთო. ბუნებრივია, დრო გვჭირდება ამოვიცნოთ რუსეთი, თუმცა ვფიქრობ, მათი პრიორიტეტი მაინც ევროკავშირი და ნატოა“ - აღნიშნავს ზორან კიუკა და დასძენს, რომ თუ მთავრობა არ დათმობს, გართულდება ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება, რაც ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა ნატოში მაკედონიის გაწევრიანების გზაზე.

ზორან ზაევსა და მეზობელი ალბანეთის პოლიტიკური ლიდერის ედი რამას შორის გაფორმებული ე.წ. „ალბანური პლატფორმისადმი“ მაკედონიის პრეზიდენტის წინააღმდეგობა შერბილდა ივანოვსა და დასავლელ მოკავშირესთან მაისის დასაწყისში გამართული საუბრის შემდეგ. ამას მოჰყვა პრეზიდენტის განაცხდება, რომ თუკი ზაევი კონსტიტუციისა და ეროვნული სუვერენობის პრინციპების დაცვას მოახერხებს, უფლება აქვს, ეთნიკურ ალბანელებთან გაერთიანებით, საბოლოოდ ჩამოაყალიბოს მაკედონიის ახალი მთავრობა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობამ შეაფასა, როგორც „მაკედონიელთა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების გზაზე“. ზაევის შეთავაზებაზე თანხმობისკენ ივანოვს რამდენიმე თვით ადრე მოუწოდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმაც. სწორედ ის უხელმძღვანელებს ბრიუსელში 24 მაისისთვის დანიშნულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს: ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და სერბიის ლიდერები. შეხვედრაზე დაგეგმილია იმ გზების განხილვა, რომლებმაც უნდა შეამციროს მზარდი დაძაბულობა და დააჩქაროს ევროპულ ბლოკში ამ ქვეყნების გაერთიანება.

მაკედონიის ახლო მომავალზე საუბრისას, ჩვენი მაკედონიელი კოლეგა ზორან კიუკა ოქტომბრისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს ახსენებს: „ისევ ბინძური კამპანია და არასტაბილურობა გველოდება. არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები. ერიც გახლეჩილია ყოფილ მმართველ კონსერვატიულ პარტიასა და აწ უკვე ყოფილ ოპოზიციურ პარტიას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის. გარდა ამისა, გვაქვს სამი ალბანური პოლიტიკური პარტია. ყველაფერი თამაშს დაემსგავსება. როცა მაკედონიაში არჩევნებია, ყველაფერს შეიძლება ელოდე, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ვფიქრობ, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“ - ამბობს ზორან კიუკა, რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის მიმომხილველი. მისივე თქმით, ახალ საპარლამენტო უმრავლესობას ადგილობრივი არჩევნების სახით დიდი გამოცდა ელის და თუკი მის ჩაბარებას შეძლებს, მაკედონიაში რეფორმები გაგრძელდება. რამდენად ძლიერი და მტკიცე იქნება ახალი რეფორმისტული მთავრობა, სამთავრობო გუნდზეც იქნება დამოკიდებული. მისი შემადგენლობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.