პოლონეთში ზეიმით შეხვდნენ ამერიკელ სამხედროებს, რომლებმაც ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა დაიცვან

გასულ შაბათს პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სიხარულით შეხვდნენ ამერიკელი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის გამოჩენას პოლონეთში, რომელიც მეოთხე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც, როტაციის წესით, ამერიკის 1000-კაციანი სამხედრო დანაყოფი განლაგდება. პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი ბატალიონის განლაგების გადაწყვეტილება ალიანსის ხელძღვანელობამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატოს ვარშავის სამიტზე მიიღო. რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ნატოს სამხედრო ძალის განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რასაც კრემლმა „რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების“ წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდა.

Your browser doesn’t support HTML5

პოლონეთში ზეიმით შეხვდნენ ამერიკელ სამხედროებს, რომლებმაც ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა დაიცვან

პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟაგანში ამერიკული ქვედანაყოფის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა 23 წლის თავზე მას შემდეგ, რაც პოლონეთი საბჭოთა ჯარის ბოლო ნაწილმა დატოვა. 14 იანვარს პოლონეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დადგა - პირველად დაიწყო დასავლეთის კოალიციის სამხედრო ძალების გრძელვადიანი განლაგება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც მოსკოვის აგრესიულმა ქმედებამ განაპირობა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.

„ჩვენ დიდი ხანი გელოდით თქვენ და ზოგჯერ გვეგონა, რომ მარტონი აღმოვჩნდით ცივილიზაციისათვის ბრძოლაში იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის“, - ასეთი სიტყვებით მიესალმა პოლონეთის მიწაზე ამერიკელ ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩერევიჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ევროპისა და ნატოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

„ჩვენ ერთად ვართ, დაცულები ვართ, ვამაყობთ ერთობლივი ძალისხმევით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის, ნატოსა და, კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება. ამისათვის ჩვენ მადლობას გიხდით“.

სამხედრო ქვედანაყოფი, რომელსაც პოლონეთში ზეიმით დახვდნენ, არის ჯავშანსატანკო ბრიგადის ნაწილი, ჩამოსული აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივი ბაზირების ადგილზე კოლორადოს, ფორტ კარონის ბაზიდან. მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მარშით გავლის შემდეგ, ამერიკული ბრიგადის შტაბი გერმანიის ქალაქ ბრემერჰაფენში განთავსდება. ცნობილია ასევე, რომ სამხედრო ბრიგადის რამდენიმე ბატალიონი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში გაიშლება და 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნების მიზანი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმ მრავალეროვნული სამხედრო ძალის მონაწილეობით, რომელსაც „ერთ-ერთი უძლიერესი“ უწოდა გენერალმა ტიმოთი მაკგირმა, ევროპაში ამერიკული ჯარების სარდლის მოადგილემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის დახვედრის ცერემონიაში.

„ეს გამორჩეული ბრიგადა, რომელსაც პოლკოვნიკი ქრის ნორი და შტაბის უფროსი სერჟანტი ქრის განი ხელმძღვანელობენ, უმაღლესი საბრძოლო შესაძლებლობებისა და მზადყოფნის სამხედრო ძალაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ საბრძოლო დანაყოფს აღემატება აღჭურვილობით, სარდლობით, მომზადებითა თუ სამხედრო ძლიერებით. ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ეს ჯარისკაცები ჩაატარებენ პრაქტიკულსა და მრავლისმომცველ წვრთნას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად როგორც პოლონეთში, ისე მთელ ევროპაში“,- განაცხადა გენერალმა ტიმოთი მაკგირმა.

პოლონეთის მთავრობამ ამერიკელი სამხედროების დახვედრის აღსანიშნავად რამდენიმე საზეიმო ღონისძიება დაგეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის - ვარშავის ცენტრში. ამერიკული ქვედანაყოფის ერთი ბატალიონი პოლონეთში განთავსდება, სხვები კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს ქვეყნების სხვა ქვედანაყოფებს შეუერთდებიან. როგორც ზემოთ ითქვა, აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედროები საკუთარი ტექნიკით განლაგდებიან. მთლიანობაში, ესაა 87 ტანკი და ჯავშანმანქანა, რომელთა ერთმა ნაწილმა მცირე აღლუმიც სწორედ პოლონეთში გამართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიატა შიდლომ ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის დაბანაკებას პოლონეთში „უდიდესი დღე“ უწოდა.

„ეს არის უდიდესი დღე, როდესაც ჩვენ აქ, ჟაგანში, პოლონეთის მიწაზე, მივესალმებით აშშ-ის ჯარისკაცებს, მსოფლიოს საუკეთესო და უდიდესი არმიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალების სამხედრო მხარდაჭერის შემდეგ, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე მოკავშირე ქვეყნების გაძლიერება. ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ნატოს ვარშავის სამიტზე 2016 წლის ივლისში, ალიანსის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა „გაძლიერებული ყოფნა“ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში. ბატალიონის სიდიდის 4 მრავალეროვნული ქვედანაყოფი, რომლებიც 2017 წლიდან შეუდგნენ ამ ახალი მისიის შესრულებას, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და კანადის მეთაურობით დაკომპლექტდა. რუსეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ნატოს ბატალიონების განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების“ წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდა“ რუსეთის საზღვრებთან უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების ყოფნას.