მაკედონიის ახალ მთავრობას კონსერვატორი გრუევსკი ჩამოაყალიბებს

გიორგე ივანოვი

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე გაირკვა, ვინ იქნება პასუხისმგებელი მაკედონიის მთავრობის ჩამოყალიბებაზე. მაკედონიის კონსტიტუციის თანახმად, ორშაბათს, 9 იანვარს ამოიწურა არჩევნებში გამარჯვებული პარტიებისთვის მანდატების განაწილების ვადა. გადაწყვეტილება ორშაბათსვე გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგე ივანოვმა.​

Your browser doesn’t support HTML5

ახალი ევროპა

გაზაფხულზე ორი წელი შესრულდება მასშტაბური დემონსტრაციებიდან, რომლებიც მოჰყვა პოლიტიკურ კრიზისს მაკედონიაში. პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად გატარებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების მიუხედავად, ორი წელი დასჭირდა იმის გარკვევას, ვინ უხელმძღვანელებდა ახალ მთავრობას.

ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგე ივანოვის მიერ 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, მაკედონიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაევალა კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ნიკოლა გრუევსკის. ამისთვის მას ოცდღიანი ვადა აქვს, რომლის განმავლობაშიც პარტიის ლიდერმა უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ეთნიკურ ალბანელთა პარტიებთანაც. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უკვე უარს აცხადებს ეთნიკურ ალბანელთა ერთ-ერთი პარტია „ბესა“. მიზეზი არის გრუევსკის მიმართ არსებული ბრალდებები სახელმწიფო პროკურატურის მხრიდან.

2015-1016 წლებში, ნიკოლა გრუევსკი ამხილეს სატელეფონო მოსმენების საქმეში, რომლის გამოაშკარავებას სათავეში ედგა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ზორან ზაევი. როგორც რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ჟურნალისტი ზორან კიუკა ამბობს, „ეთნიკურ ალბანელთა პარტიის, „ბესას“ წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ არ სურთ თანამშრომლობა მმართველ კონსერვატიულ პარტიასთან. მათი თქმით, არ სურთ თანამშრომლობა გრუევსკისთან“.

2016 წლის 11 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, მაკედონიის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელსაც 51 ადგილი ხვდა წილად. მას მოსდევს ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 49 მანდატის მოპოვება შეძლო. დარჩენილ 20 ადგილს კი ინაწილებენ ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ნიკოლა გრუევსკის პარტიის დიდი ხნის მოკავშირე „დუი“, რომელსაც პარლამენტში 10 ადგილი ერგო.

გასული წლის ბოლოს, 11 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დასავლეთის ინსტიტუტების ჩარევის შედეგად დაინიშნა მაკედონიის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით, საკმარისი არ აღმოჩნდა ახალი მთავრობის ორგანიზებისთვის. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან მოშორებით მდებარე ერთ-ერთი რაიონის საარჩევნო უბანზე 25 დეკემბერს მეორე ტური დაინიშნა. მიზეზი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საჩივარი აღნიშნულ უბანზე მომხდარი დარღვევების თაობაზე. არჩევნებიდან 20 დღის თავზე კი უკვე პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა რომელი პარტია იქნებოდა პასუხისმგებელი მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ზორან კიუკა ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მქონე კონსერვატიული პარტია ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას:

„ჩემი აზრით, ოცდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტი ჩამოართმევს მანდატს გრუევსკის პარტიას და მას არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით რიგით მეორე პარტიას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გადასცემს.“

არჩევნების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც მაკედონიის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტუალური იყო ეთნიკურ ალბანელთა პარტიების გადაწყვეტილება, შეუერთდებოდნენ თუ არა მაკედონიის მმართველ კოსერვატიულ პარტიას. ეთნიკური ალბანელები ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ. კონსერვატიულ პარტიას და ეთნიკურ ალბანელთა პარტიას შორის თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს, თუმცა მიმომხილველები მიუთითებენ, რომ მათი თანამშრომლობის პირობებში, პარტიამ დაკარგა ეთნიკური ალბანელების მხადაჭერა. ამას დაემატა რამდენიმე დღის წინ, ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი ითხოვენ ცვლილებას კონსტიტუციაში და ალბანურისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებას. ენობრივი საკითხი ერთ-ერთია, რამაც უნდა განსაზღვროს მათი საბოლოო გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან კოალიციური თანამშრომლობის თაობაზე. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ჟურნალისტი ზორან კიუკა ამბობს, კონსტიტუციურ ცვლილებაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ამას დიდი დრო სჭირდება.

მაკედონიას კიდევ ერთი არჩევნები ელის მიმდინარე წლის მაისში, რაც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის საკითხს. ზორან კიუკას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღის წესრიგში დააყენებს ახალ „პოლიტიკურ თამაშებს“:

„არასტაბილურობა მომავალშიც გაგრძელდება. ვფიქრობ, ორივე პარტია, იქნება ეს მმართველი კონსერვატიული პარტია, თუ ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, ვერ მიაღწევს წარმატებას მთავრობის ჩამოყალიბების საქმეში, რადგან ორივე შემთხვევაში მას უფრო ნაკლები ხმა ექნება, ვიდრე ოპოზიციას და ეს არ იქნება სტაბილური მთავრობა“

ზორან კიუკას თქმით, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებსა და მათ გამოცდილებაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან 29 იანვრამდე ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.