რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, მოლდავეთში, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა მთავრობა, რომელსაც მიმომხილველები „პროდასავლურად“ მოიხსენიებენ. მაგრამ ვითარების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს უმცირესობის მთავრობაა და მასში შემავალი ორი პარტია მოლდავეთის 101-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 42 მანდატს ფლობს. ამ 42 დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში კომუნისტების მხარდაჭერის იმედი აქვს. კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგად 21 მანდატი მოიპოვა და, პრორუსული სოციალისტური პარტიისგან განსახვავებით, რომელსაც 25 ადგილი ერგო, უშუალოდ არ უპირისპირდება მთავრობას. ასევეა 13 მანდატის მფლობელი ლიბერალური პარტიაც.
მოლდავეთის პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დისფუნქციურ ხასიათს იძენს. საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ მოლდავეთში ბოლოს და ბოლოს შეიქმნა მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ პროევროპული ლიბერალ-დემოკრატიული და დემოკრატიული პარტიები. მაგრამ მათს გამარჯვებას დამაჯერებელს ვერ უწოდებ. პროევროპული მთავრობა დიდწილად დამოკიდებულია მერყევ კომუნისტურ პარტიაზე და შედარებით ნაკლებად −
ჩვენი ქვეყანა დაშლის პირასაა. სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება ამას, მაგრამ ცოტა თუ ცდილობს, რაიმე მოიმოქმედოს.ნატალია მორარი
პროევროპულ ლიბერალურ პარტიაზე, რომელმაც უარი თქვა მმართველ პარტიებთან კოალიციაში შესვლაზე. იმ შემთხვევაში, თუ კომუნისტური და ლიბერალური პარტიები (ან, თუნდაც, ერთ-ერთი მათგანი) მთავრობას მხარს არ დაუჭერენ, ეს უკანასკნელი უმრავლესობას დაკარგავს. ამ შემთხვევაში, მოლდავეთის მთავრობა შეიძლება დაიშალოს, რაც კიდევ ერთი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს. ამან კი, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს დემოკრატიის მიმართ ისედაც საკმაოდ გავრცელებული სკეპტიციზმი. ეს კი დიდად გაახარებს მოსკოვს, რომელიც კარგა ხანია, აქტიურად ცდილობს, ევროინტეგრაციის პროცესს ჩამოაშოროს კიშინიოვი და ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შეიყვანოს.
როგორც პოლიტოლოგი ვლადიმირ სოკორი ამბობს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის „დემოკრატიასთან“ გაიგივებამ გამოიწვია ამ სისტემის დისკრედიტაცია ამომრჩევლების თვალში. მსგავს საფრთხეს ხედავს იგი მოლდავეთშიც. სოკორის აზრს იზიარებს ჟურნალისტი ნატალია მორარიც, რომელიც თავის ბლოგპოსტში წერს: „ჩვენი ქვეყანა დაშლის პირასაა. სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება ამას, მაგრამ ცოტა თუ ცდილობს, რაიმე მოიმოქმედოს“.
18 თებერვალს მოლდავეთის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს 38 წლის ბიზნესმენი, კირილ გაბურიჩი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ექსპერტები შიშობენ, რომ ისედაც კორუმპირებული მოლდავეთის პოლიტიკურ სისტემას არ წაადგება ბიზნესისა და პოლიტიკის კიდევ უფრო დაახლოება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოლდავეთის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, იური ლეანკა, ამბობს, რომ გაბურიჩს პატივს სცემს, თუმცა უმცირესობის მთავრობას მხარს არ უჭერს. აი, რა თქვა ლეანკამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას:
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმცირესობის მთავრობა ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, რადგან ის თავიდან ბოლომდე კომუნისტური პარტიის ლიდერზე და ყოფილ პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინზე იქნება დამოკიდებული. მთავრობას მხოლოდ იმის გაკეთება შეეძლება, რასაც კომუნისტები მოიწონებენ“.
ვლადიმირ ვორონინი კომუნისტური პარტიის ლიდერია, რომელიც რუსეთის მხარდამჭერი იყო და ცოტა ხნის წინ თავისი ხედვა დასავლეთის სასარგებლოდ შეიცვალა. ახლა მას უნდობლად ეკიდება როგორც პროევროპელი, ისე რუსეთის მომხრე ამომრჩეველი. მაგრამ ვორონინის ამომრჩევლები, ტრადიციულად, პრორუსულ პოლიტიკას ემხრობიან. მათი ხმის დაკარგვა კი ვორონინს ნამდვილად არ სურს. ამიტომ, კომუნისტურ პარტიაზე ახალი მთავრობის დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ქვეყნის ახალი ლიდერები დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ევროინტეგრაციის პროცესს. ანალიტიკურ ცენტრ „პოლიტიკონის“ დირექტორი, ანატოლ ტირანუ, ირწმუნება, რომ უმცირესობის მთავრობას ძალიან გაუჭირდება რეფორმების გატარება, ხოლო ვლადიმირ სოკორი შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს:
„შემდეგ თვეებში ორ სერიოზულ საფრთხეს ვხედავ: სოციალისტური პარტიის კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას ივლისისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში, რომლის გადატანასაც ახლა სექტემბრისთვის ცდილობენ. სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა შეიძლება მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვოს. ამასთან, ვშიშობ, რომ მოლდავეთში დაბრუნდება პრორუსული პარტია „პატრიის“ ლიდერი რენატო უსატი. ეს პარტია უცხოეთის, კერძოდ რუსეთის პროექტია, რომელიც ეწინააღმდეგება მოლდავეთის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ის უნდა აიკრძალოს. მაგრამ სოციალისტური პარტია ნამდვილად წარმატებული იქნება, რადგან სხვა პარტიები პარლამენტში საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენენ. მეორე საფრთხეა ვადამდელი არჩევნები“.
2009 წლიდან მოყოლებული მოლდავეთს პროდასავლური ძალები უდგანან სათავეში, მაგრამ მათმა ბოლოდროინდელმა მარცხმა კვლავ გაააქტიურა პრორუსული პარტიები. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობის მთავრობამ ერთი წელი მაინც მოახერხა ქვეყნის მართვა, 2016 წელს პარლამენტს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევს, რასაც, სულ ცოტა, 61 ხმა დასჭირდება. ამდენი ხმის მოგროვება კი დაქუცმაცებულ პარლამენტში იოლი საქმე არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის კანდიდატურაზე ვერ მორიგდნენ, კვლავ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. 2009 წლის აპრილიდან მოლდავეთში უკვე ოთხჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელთაგან ორი ვადამდელი იყო.
რას ფიქრობენ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე თავად მოლდაველები? რადიო თავისუფლება გაესაუბრა კიშინიოვიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ სადოვას ერთ მცხოვრებს:
„ახლა ჩვენ ვეღარავის ვენდობით. მხოლოდ ღმერთის იმედიღა გვაქვს. სოფელში ხალხს სამუშაო არ აქვს. ხალხი ახლა ქურდობას მიჰყოფს ხელს. უკვე ვხედავთ, რომ რუსეთიდან იმიგრანტები ბრუნდებიან. მათ წასასვლელი არა აქვთ. რუსეთში როცა იყვნენ, რუბლს შოულობდნენ, კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა? არიან და ელოდებიან, რომ ციდან რამე ჩამოვარდება“.