ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაზარდეს უკრაინის კონფლიქტის გამო სანქცირებულთა სია. ახალი სანქციები გავრცელდება რუსეთის ხუთ მოქალაქესა და უკრაინაში მებრძოლ 14 სეპარატისტზე, ისევე როგორც ცხრა კომპანიაზე, მაგრამ სანქციები ჯერ არ შევა ძალაში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის კონფლიქტის გამო დამატებითი სანქციების შემოღებას, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ დაელოდონ მინსკში 11 თებერვლისათვის დაგეგმილი სამიტის შედეგებს. სამიტზე შეიკრიბებიან გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები და შეეცდებიან აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ზავის პირობებზე შეთანხმდნენ.
ბრიუსელში ევროკავშირის 9 თებერვლის მინისტერიალის შედეგების შესახებ იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ:
„განვიხილეთ და მივიღეთ დამატებით იმ 19 ინდივიდისა და ცხრა კომპანიის სია, რომელთაც შეეხება საბანკო ანგარიშების გაყინვა და ვიზებზე უარი (... ). იმისათვის, რომ ადგილი დარჩეს დიპლომატიური ძალისხმევისათვის ამ საათებში, წარმატების მაქსიმალური შანსის მისაცემად, ერთხმად გადავწყვიტეთ ამ ზომების ძალაში შესვლა გადავდოთ ორშაბათამდე, 16 თებერვლამდე, რადგან ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია შანსი მივცეთ ამ (დიპლომატიურ) მცდელობას“.
თუმცა მოგერინის მიერ ნახსენები დიპლომატიური მცდელობის პერსპექტივას ჯერჯერობით არცთუ დამაიმედებლად მიიჩნევენ. ევროკავშირის მინისტერიალის დღესვე, 9 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მინსკში 11 თებერვალს შესაძლოა არ ჩატარდეს სამიტი. მისი განმარტებით, საჭიროა „ღია საკითხების“ მოგვარება გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრამდე. ასევე 9 თებერვალს კრემლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მიუღებელი იქნება ულტიმატუმები უკრაინის საკითხში.
თავად ვლადიმირ პუტინმა ეგვიპტის გაზეთ „ალ-აჰრამთან“ ინტერვიუში ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ესახება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება: უკრაინის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები აღმოსავლეთ უკრაინაში და შეწყვიტოს „ეკონომიკური ზეწოლა“ სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებზე. კიევი „ჩიხში მიმავალ გზას ადგას“ , „დიდი კატასტროფის“ წინაშე არისო, ამბობს პუტინი.
პუტინის ამ შეფასებებს წინ უსწრებდა უკრაინის გამო მოსკოვისთვის მძიმე ბრალდებების წაყენება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც გასული კვირის მიწურულს გაიმართა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვი უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასა და უკრაინის კონფლიქტთან უშუალო კავშირში დაადანაშაულა. ბაიდენის თქმით, პუტინი დგას არჩევანის წინაშე: ან გავიდეს უკრაინიდან, ან კიდევ დარჩეს მზარდი საერთაშორისო იზოლაციისა და ეკონომიკური პრობლემების წინაშე.
იქვე, მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უარყო მოსაზრებები, თითქოს დასავლელ მოკავშირეებს შორის განხეთქილებას იწვევდეს უკრაინაში კონფლიქტის გამო რუსეთისადმი დამოკიდებულების საკითხი:
„ყველას გარწმუნებთ, რომ არ არსებობს განხეთქილება, არ არსებობს აზრთა სხვაობა - ხშირად მესმის, რომ ვიღაცები ცდილობენ მის შექმნას. ჩვენ ერთსულოვანნი ვარ, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს გამოწვევა არ დასრულდება სამხედრო ძალით. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ ჩვენი დიპლომატიით. მაგრამ ეს რაც უფრო დიდხანს გრძელდება, რაც უფრო უკეთ ვახერხებთ კურსიდან გადახვევის თავიდან აცილებას, მით უფრო მეტად მოგვიწევს საფასური გავზარდოთ რუსეთისა და მისი მხარდაჭერით მოქმედთათვის“.
დასავლელ მოკავშირეებს რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმება, ამას მოწმობს ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე მან სწორედ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა:
„ჩვენ კვლავაც დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრჯერ განვიცადეთ წარუმატებლობა. და ამ დღეებში ვნახავთ, ყველა მხარეზე არის თუ არა მზადყოფნა ასეთი გადაწყვეტისათვის. ბევრჯერ მითქვამს, რომ ვერ ვხედავ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას, მაგრამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ დიპლომატიური გადაჭრისათვის სამუშაოდ“.
ცნობილია ისიც, რომ გერმანიის კანცლერი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას კონფლიქტში მის გასაძლიერებლად. თუმცა მერკელსა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვაშინგტონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას არ დაუმალავთ, რომ თუ დიპლომატიით ვერაფერს გახდებიან, სხვა ზომებსაც განიხილავენ რუსეთის დასარწმუნებლად, ხელი აიღოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებაზე.