უნგრეთის დემოკრატია ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლის შემდეგ

უნგრეთის დროშა ერთ-ერთ აქციაზე

1989 წლის შემოდგომაზე უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპაში აგორებული ხავერდოვანი რევოლუციების ცენტრში იმყოფებოდა. მეოთხედი საუკუნის წინ ახალგაზრდა ვიქტორ ორბანმა შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე და მოსახლეობას უნგრეთში კომუნიზმის დამხობისაკენ, საბჭოთა ჯარების გაყვანისა და თავისუფალი არჩევნებისაკენ მოუწოდა. 25 წლის შემდეგ უნგრეთი, პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, კვლავ „გამორჩეული“ ქვეყანაა, ოღონდ არა დემოკრატებისათვის სასურველი ტენდენციების გამო.

დღევანდელი უნგრეთის ხელისუფლების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საგანგაშო ტენდენციები იკვეთება. ყოფილი დისიდენტისა და ფილოსოფიის პროფესორის გ.მ. ტამაშის თქმით, ქვეყანა არა უხვევს დემოკრატიისგან, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით მიექანება:

„პოლიტიკური სისტემის მხრივ ყველაფერი რიგზეა. პრობლემა ნაწილობრივ კანონებში, ნაწილობრივ ნორმებში, ნაწილობრივ ტრადიციებსა და ნაწილობრივ, უბრალოდ, ხელისუფლების ყველა შტოს შორის - პარლამენტს, მინისტრთა კაბინეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სასამართლოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამთავრობო ფინანსებისა და მედიასაშუალებების საქმეებით დაკავებულ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებს შორის - ძალაუფლების გადანაწილებაში მდგომარეობს“.

როგორც 25 წლის წინ, უნგრეთში პოლიტიკური მოვლენების სათავეში კვლა ვიქტორ ორბანი იმყოფება, ამჯერად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში.

მისი პარტია „ფიდესი“ ხელისუფლების სათავეში 2010 წელს იმ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე მოვიდა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ აისახა უნგრეთის ეკონომიკაზე. პარტია მემარცხენე ლიბერალების მთავრობით იმედგაცრუებულ ელექტორატს 4 წლის წინ ყოვლისმომცველ ზომებს დაჰპირდა ეკონომიკის ასაღორძინებლად და ამის შემდეგ ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

„ჩვენ გამოვედით ევროპის სარდაფიდან და ვიწყებთ ზედა სართულების დაკავებას. ეს არის ჩვენი ზედიზედ მესამე გამარჯვება და ეს ხდება იმიტომ, რომ შევძელით ერის გაერთიანება და ადამიანებს სამუშაო მივეცითო“, - განაცხადა ორბანმა გასულ თვეში, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მას შემდეგ, რაც „ფიდესმა“ გამანადგურებელი შედეგით გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში.

თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ამ მიღწევების გარდა, „ფიდესი“ და ორბანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებით, პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზებით, მემარჯვენე პოპულიზმითა და ნაციონალიზმის გაღვივებით არიან დაკავებულნი. ასეთი მოქმედებების შედეგია რეპრესიები, სტაგნაცია და ძალადობის შიში.

„ხელისუფლება არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ საჯარო კრიტიკას განიხილავს როგორც არასასურველს. ეს მთელი სიცხადით გამოვლინდა „არალიბერალურ სახელმწიფოზე“ პრემიერ-მინისტრის ცნობილ გამოსვლაში, რომელშიც მან არაორაზროვნად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოეთის ინტერესებს ემსახურებიან“. ერთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე თავდასხმით, ისინი ერთბაშად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ესხმიან თავს. ეს კარგი მეთოდია იმისათვის, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაიგოს, რომ მათ ხმა უნდა გაკმინდონ, რომ არ უნდა აკრიტიკონ მთავრობა და მისი პოლიტიკა“, ამბობს ვერონიკა მოერა, გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ოტოკარსის“ - დირექტორი.

უნგრეთის ხელისუფლებამ, „ფიდესის“ ხელმძღვანელობით, დაიწყო ორგანიზაცია „ოტოკარსის“ საქმიანობის შესწავლა მის მიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების განაწილების საქმეზე. ფინანსებს „ოტოკარსი“ ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტეინში არსებული ფონდებისაგან ღებულობს. ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება ივნისიდან გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, „ოტოკარსი“ მიკერძოებასა და ფინანსურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

ამ და სხვა მსგავსმა ქმედებებმა ვიქტორ ორბანის მთავრობას სახელი გაუტეხა დასავლეთში, იმისდა მიუხედავად, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა. დასავლეთის სახელმწიფოების არც ერთი ლიდერი არ ხვდება ვიქტორ ორბანს, ხოლო აშშ-მა ცოტა ხნის წინ მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა უნგრეთის ხელისუფლების კორუფციაში ეჭვმიტანილ სულ მცირე ექვს მაღალჩინოსანს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ზოლტან კოვაჩი „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს ბუდაპეშტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. მოხელის თანახმად, „უნგრეთი განუხრელად უჭერს მხარს იმავე ფასეულობებს, რასაც ევროპა და ნატო“.

„არ არის თითის გაშვერა საჭირო უნგრეთისაკენ, რომელსაც არსამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პოლიტიკური და საერთო შეკითხვები სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ძალიან მცირე სეგმენტის მიმართ გაუჩნდა, მაშინ როცა კრიტიკა, შეშფოთება და წუხილი სამყაროს მსოფლიოს სხვა ნაწილში იჩენს ხოლმე თავს. არასამთავრობო ორგანიზაციებში 80 ათასი კაცი მუშაობს, ჩვენ კი პრობლემები მხოლოდ 13 პირის მიმართ გვაქვს“, განაცხადა ზოლტან კოვაჩმა.

თუმცა პარტია „ფიდესისა“ და ვიქტორ ორბანის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება იწვევს უკმაყოფილებას. როგორც ზემოთ ითქვა, ოთხი წლის წინ პარტია „ფიდესი“ და მისი ლიდერი მემარცხენე ლიბერალების მთავრობით იმედგაცრუებულ ელექტორატს ყოვლისმომცველ ზომებს დაჰპირდა ეკონომიკის ასაღორძინებლად და ამის შემდეგ ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ორბანმა და მისმა ეკონომიკურმა გუნდმა პოპულისტური მეთოდებით მართლაც შეძლეს ეკონომიკის სტაბილიზება, მაგრამ მთავრობა ისე გაერთო მკაცრი საგადასახადო პოლიტიკით, რომ გადაწყვიტა ინტერნეტზეც დაეწესებინა გადასახადი, რის გამოც 28 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად ასი ათასი კაცი გამოვიდა უნგრეთის ქუჩებში.