30 აგვისტოს საერთაშორისო საზოგადოება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, გორსა და ბათუმში. წითელი ჯვრის კომიტეტის მონაცემებით, საქართველოში, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2300-ზე მეტი პირია უგზო-უკვლოდ დაკარგული.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში ამა თუ იმ პირის გაუჩინარების მიზეზი, როგორც წესი, ომია, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშვიდობიან პერიოდშიც იკარგებიან. შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორის არიან როგორც ქართველები, ასევე აფხაზები და ოსებიც. მათი მოძებნა განსაკუთრებით გაართულა იმ ფაქტმა, რომ ომის შედეგად დაღუპულთა საფლავები მხარეებისთვის მიუწვდომელ ტერიტორიებზე აღმოჩნდა.
30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეიკრიბნენ გაუჩინარებულთა ახლობლები, ასევე არასამთავრობო სექტორის, მთავრობისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.
„საქართველოს ბოლო სამი კონფლიქტის შედეგად 2300-ზე მეტი პირი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს“ – ქალბატონმა, რომელმაც დღეს გორში ეს მიმართვა წაიკითხა, 24 წლის წინ შვილი დაკარგა და დღემდე ეძებს. ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა განმარტავს, რომ განსაკუთრებით რთულია, როცა ადამიანმა ზუსტად არ იცის, მისი ოჯახის წევრი დღემდე ცოცხალია თუ უკვე აღარ.
„დგებიან ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, რასაც ეწოდება გაუჩინარების ტრავმა, ორაზროვანი დანაკარგი, როცა არ იციან, მათი ოჯახის წევრი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. ეს იწვევს სხვადასხვა სახის სირთულეს, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე სომატურს. იწვევს მათ სოციალურ იზოლაციას, ხდებიან უფრო მეტად იზოლირებულები სამყაროსგან. ეს არის ტრავმა, რომელიც სამყაროსკენ გასასვლელს უკეტავს მათ და ყოველთვის აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის“.
მისივე თქმით, ახლობლები ძალიან განიცდიან იმას, რომ არა აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ დაკარგულს პატივი მიაგონ ან გამოიტირონ მაინც, არა აქვთ მისი საფლავი და არც სხვა რამე.
„ეს იმ ბიჭებს კი არ სჭირდებათ, ეს ჩვენს მომავალ თაობებს სჭირდებათ, რომ იცოდნენ, რომ სამშობლოს ზვარაკი სჭირდება, შეწევნა სჭირდება იმისთვის, რომ ის არსებობდეს. თორემ ახლა გორის კარიბჭესთან არის რუსი მოსული, ამას დაცვა სჭირდება. იმ ბიჭების სისხლი ტყუილად არ უნდა იყოს დაღვრილი“, – ამბობს ფონდ „მოლოდინის“ წარმომადგენელი ნინელი ანდრიაძე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ქარდავას თქმით, კომიტეტის მუშაობის შედეგად გაიხსნა რამდენიმე სამარხი და ასამდე ოჯახმა კონკრეტული პასუხი მიიღო მათი ახლობლების ხვედრის შესახებ. „2010-2016 წლებში 234 ნეშტი მოიძებნა. აქედან 108 უკვე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. დანარჩენების ამოცნობის პროცესი დღემდე გრძელდება. 2017 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ორგანიზება გაუკეთა ორმოცამდე სამარხის გახსნას, მთელი საქართველოს მაშტაბით და წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 150 ადამიანის ნეშტი არის მოძიებული“.
განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაუჩინარების ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს სახალხო დამცველის აპარატმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, მოახდინოს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება.