საქართველოში ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვი ამოქმედდა

რეზერვისტების შეკრება გორში. 2008 წლის 9 აგვისტო.

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვისტების მომზადების საჯარო კამპანია წამოიწყო. სატელევიზიო რეკლამების მიხედვით, ყველაფერი მოწესრიგებულად და მიმზიდველად გამოიყურება, მოხალისეებს ინფორმაციის მიღებაც დაუბრკოლებლად 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. თუმცა პასუხს იმაზე, თუ რით დასრულდება ეს ექსპერიმენტი და რა ფორმას მიიღებს მომავალში ნებაყოფლობითი რეზერვის მომზადება, თავდაცვის უწყება ჯერჯერობით არ ჩქარობს.

თავდაპირველად იყო მულტიმედიური სარეკლამო რგოლი, ციფრული ეფექტებით, შესაბამისი პატრიოტული პათოსითა და ნებაყოფლობითი რეზერვის მოტივაციის ხაზგასმით:

„მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ჩემი ნებით შევდივარ რა რეზერვში, ვემსახურები საქართველოს. ვარ მოტივირებული, მორალურად და ფიზიკურად მომზადებული...“

მოგვიანებით გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი განცხადება, რომელმაც მოქალაქეებს შეახსენა მათი უფლება - ნებაყოფლობითი პრინციპის თანახმად გაიარონ სარეზერვო შეკრება:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. თანახმად რეზერვის შესახებ მოქმედი კანონისა ”საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი.“

ალბათ, აქ უპრიანია გავიხსენოთ რას ნიშნავს სავალდებულო რეზერვი და როგორია საკითხის წინა ისტორია.

ნებაყოფლობითი რეზერვის ამოქმედებას საქართველო თითქმის 6 წელი ელოდა. თავდაპირველად, 2005-2007 წლებში, რეზერვში იწვევდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ქვედა, საშუალო და, პიარისათვის, ზოგჯერ მაღალი რანგის მოხელეებსაც. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი აქცენტი გაკეთდა სავალდებულო რეზერვის მომზადებაზე, თუმცა პაუზა ორ წელიწადს გაგრძელდა. ახალი ენერგიით საყოველთაო რეზერვის მომზადების პროგრამა 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და იგი დღესაც გრძელდება. თუმცა ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ სავალდებულო რეზერვის შედეგიანობაზე საუბარი უჭირს თავადაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრს თეონა აქუბარდიას:

„ ეს დაახლოებით იმას წააგავს, რაც აგვისტოს ომამდე იყო და, რაც მთავარია, დღეთა ის რაოდენობა, რასაც რეზერვისტები საველე ბანაკებში დაყოფენ,ფუჭად იხარჯება. მხოლოდ მათი [რეზერვისტების] საუბრებით შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, თუ რამდენად უკეთესია ეს სისტემა, ვიდრე იყო აქამდე.“

თეონა აქუბარდიამ, რომელიც 31 ოქტომბერს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელობისაგან ვერ მიიღო პასუხი იმაზე, თუ რა საჭიროა დამატებით კიდევ ნებაყოფლობითი რეზერვის მომზადება, როდესაც არ გაკეთებულა წინა, სავალდებულო რეზერვის პროგრამის შეფასება. სამხედრო უწყება თავს არიდებს პასუხს შეკითხვაზე, თუ რა რაოდენობის მოხალისე რეზერვისტის მომზადებას გეგმავს და რა რაოდენობის თანხებით. მინისტრმა ახალაიამ თეონა აქუბარდიას კატეგორიულად უარი უთხრა ასეთი, მისი თქმით, საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გაცემაზე. თუმცა, როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, არის შეკითხვა, რომელზეც სამხედრო უწყება პასუხს ვერ გაექცევა. კერძოდ, თუ რატომ ახორციელებს ნებაყოფლობითი რეზერვის აღრიცხვას თავად სამხედრო უწყება, როდესაც სამხედრო რეზერვის კანონი, როგორც ამას თეონა აქუბარდია ამტკიცებს, შესაბამის ფუნქციას სხვა სახელმწიფო უწყებას აკისრებს:

„რეზერვისტების აღრიცხვიანობას და გაწვევას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ანუ გამგეობებში შექმნილი სამხედრო-გამწვევი კომისიები. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ნებაყოფლობითი რეზერვისტების აღრიცხვას და მათ გაწვევასაც მოახდენს თავდაცვის სამინისტრო. ანუ ფაქტია, რომ კანონი არის მოძველებული და თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასახული რეალობა არ არის ასახული კანონში. და, რეალურად, ხდება კანონდარღვევა.“

თუმცა რეალობის კანონში ასახვა დროის საქმეა. თანაც, შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არ იყოს, თუ ვინ გაიწვევს რეზერვისტს, არამედ ვინ აძლევს იარაღს და ასწავლის ამ იარაღის სწორად ხმარებას. და კიდევ კარგი სიახლეა ის, რომ მოხალისეები, ვინც გადაწყვეტს, რომ მორალურად და ფიზიკურად მზად არის გაიაროს სარეზერვო შეკრება, ამას ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ. მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სამხედრო უწყებას, დატოვონ პირადი მონაცემები და დაელოდონ სამხედრო უწყების პასუხს ანდა გამოიყენონ მითითებული საკონტაქტო ნომერი - დაახლოებით ისე, როგორც ეს რადიო თავისუფლებამ ტელეფონის საშუალებით გააკეთა:

„დიახ, დიახ, ნებაყოფლობით არის. ხუთდღიანი პროგრამაა. მოხალისეთა რეზერვის მიღების პროგრამა. თქვენ მონაცემები ჩამაწერინეთ და როცა დასრულდება პროგრამის ბაზის შექმნა, დაგიკავშირდებიან და ყველა ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენ.“

ეს კომუნიკაციის სწორედ ის ფორმაა, რაც დღემდე აკლდა საქართველოში სამხედრო ცხოვრებას, როცა შენი სამხედრო სტატუსის გარკვევა შეგიძლია ინტერნეტით, ტელეფონით, 24 საათიან რეჟიმში, დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვის გარეშე. ჯობს ეს ენერგია წვრთნებში დაიხარჯოს, რეზერვისტების ბანაკში და პოლიგონზე, თუნდაც ხუთი დღით, რომელიც, ცხადია, ძალიან ცოტაა სამხედრო საქმის საფუძვლების შესასწავლად, მაგრამ, როგორც იტყვიან, რაც არის, ეგ არის.