NDI-ს გამოკვლევა: მოსახლეობისთვის მთავარია დასაქმება, ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში საზოგადოების განწყობის 2013 წლის მარტში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სამუშაო, NDI-ის დაკვეთით, კვლევითი რესურსების ცენტრმა შეასრულა. კვლევამ 3 103 ადამიანი მოიცვა. ეს ის რაოდენობაა, რომელიც კვლევის მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების შესაძლებლობას იძლევა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ისევ დასაქმება რჩება. ამას მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, მოსახლეობის მეოთხედი, 25 პროცენტი, აღნიშნავს, რომ მისთვის პრობლემაა სიღარიბე.

ასევე იკვეთება, რომ დასაქმების საკითხი ხალხს უფრო რეგიონებში აწუხებს, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში. ტერიტორიული მთლიანობა უფრო თბილისისთვის არის საჭირბოროტო (38 პროცენტი). რაც შეეხება სამედიცინო დახმარებას, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აღმოსავლეთ საქართველოში (41 პროცენტი).

თითქმის ერთი და იგივე მაჩვენებელია სიღარიბესთან მიმართებაში. ასევე, ქალაქსა თუ სოფელში თითქმის ერთნაირად აწუხებთ ფასების ინფლაციის საკითხიც. რაც შეეხება ხელფასებს, ეს თემა განსაკუთრებთ მტკივნეულია თბილისში (18 პროცენტი).

კვლევის შედეგებს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ასე აჯამებს:

„იმავე მდგომარეობაში რჩება მნიშვნელოვანი საკითხები. მოსახლეობისთვის კვლავაც პირველი რიგის მნიშვნელობისაა სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. რაც შეეხება ადგილობრივ საკითხებს, კომუნალური გადასახადები და ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმა პირველ ორ ადგილს ინაწილებს. სხვა საკითხებს რაც შეეხება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ხალხის მიერ უნდა აირჩეს“.

განსაკუთრებთ საინტერესოა სასამართლო სისტემისადმი დამოკიდებულება. რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის მოსახლეობის 15 პროცენტი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანია. რეგიონებში ეს მაჩვენებელი ორიდან შვიდ პროცენტამდე მერყეობს.

„2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა?“ - ამ კითხვაზე მოსახლეობის 72 პროცენტმა განაცხადა, რომ დასაქმების მხრივ მისთვის სიტუაცია არ შეცვლილა. 8 პროცენტი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ, პირიქით, გაუარესდა. 40 პროცენტის თვალსაზრისით, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, 34 პროცენტი ფიქრობს, რომ უკეთესობაა პენსიებთან მიმართებაშიც. განსაკუთრებით აღნიშნავენ უკეთესობას სიტყვის თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნების მხრივ. გამოყოფენ აგრეთვე ვითარების გაუმჯობესებას პატიმრებსა და ციხეებთან დაკავშირებით. 47 პროცენტი ფიქრობს, რომ ამ მხრივ ქვეყანა წინ წავიდა.

ასევე, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ოქტომბრის შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა კომუნალური გადასახადების თვალსაზრისითაც.

კითხვას „მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად“ 72 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, რაც 5 პროცენტით მეტია 2012 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით. უფრო მეტად დასაქმებულები არიან კაცები (34 პროცენტი), ვიდრე ქალები (22 პროცენტი). მოსახლეობის 48 პროცენტმა საკუთარი მდგომარეობა ასე დაახასიათა: უმუშევარი ვარ და ვეძებ სამსახურს.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მოსახლეობის 81 პროცენტი აცხადებს, რომ ის ისევ იმავე მდგომარეობაშია, თუმცა ამჯერად უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. ასევე უფრო მეტი გამოკითხული (49 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოში ამჯერად არის დემოკრატია. გამოკითხვიდან ასევე გაირკვა, რომ ხალხისთვის დემოკრატია, უპირველესად, სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენაა, ასევე - თანასწორობა კანონის წინაშე.

„რაც შეეხება არჩევნების შემდგომ ცვლილებებს, იკლო პროცენტულმა მაჩვენებელმა საარჩევნო სიებთან არსებულ ბარიერებზე. ასევე, წინა კვლევასთან შედარებით, უფრო ნაკლები ადამიანისთვის არ არის მოსაწონი საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან“, - განაცხადა ლუის ნავარომ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ხალხის 49 პროცენტის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმაა. თუმცა მხოლოდ 35 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს რეფორმა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. მოსახლეობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის რეფორმა (39 პროცენტი).

საინტერესოა მოსახლეობის დამოკიდებულება გათავისუფლებული პატიმრებისადმი. 49 პროცენტი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, 37 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.