ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეეხება. ამასთან, კვლევაში ასახულია ზოგადად გენდერული თანასწორობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრი. გამოკვლევის თანახმად, საზოგადოება მხარს უჭერს ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. გამოკითხულთა 64 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არსებობს. გამოკითხულთა 55 %-ისთვის კი პარლამენტში დეპუტატი ქალების რიცხვი ძალიან ცოტაა. კვლევა 10-დან 30 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და ის, NDI-ს დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) განახორციელა.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 57 % ფიქრობს, რომ ქალებს პოლიტიკაში ჩასართავად ყველაზე მეტად ოჯახთან დაკავშირებული საკითხები უშლის ხელს, მათ შორის, მხარდაჭერის უქონლობა, ვალდებულებები და სხვა. 52 %-ს მიაჩნია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორია ქალის პოლიტიკისადმი ნაკლები ინტერესი და, ზოგადად, ის, რომ პოლიტიკაში ქალის ადგილი არ არის. 3%-ით ნაკლები ფიქრობს, რომ ქალს პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი განათლება არა აქვს. გამოკითხულთა 71%მიიჩნევს, რომ ქალიცა და კაციც პოლიტიკაში თავისი პირადი გამორჩენის მიზნით ერთვება. ამასთან, გამოკითხულთა 47 %-ის აზრით, პოლიტიკოსი ქალებიცა და კაცებით თავისი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან, მოქალაქეთა ინტერესების მსახურად კი მათ მხოლოდ 28 % მიიჩნევს.
გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16%-ის აზრით, მოსამართლედ ქალი უკეთ იმუშავებს, ვიდრე კაცი, 56% კი მიიჩნევს, რომ იმუშავებენ ერთნაირად. პროკურორად ქალი 9%-ს მიაჩნია უკეთ მომუშავედ. 6 %-ს ჰგონია, რომ კაცზე უკეთესი მინისტრი ქალი იქნებოდა, 51%-ის ვარაუდით კი, ქალი და კაცი თანაბრად გაართმევდნენ თავს მინისტრობას. 47 %-ია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი ქალი ყოფილიყო, და - ამდენივე, ვინც ფიქრობს, რომ ქალიცა და კაციც თანაბრად გაუძღვებოდა ამ თანამდებობას. პრეზიდენტად კაცს უკეთ მომუშავედ ხედავს 53 %.
ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებად ის მიმაჩნია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცნობიერებს, რომ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი პირობები არ არის შექმნილი საზოგადოებაში...ლორა თორნტონი
NDI-სსაქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის თქმით, მათ მსგავსი კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. შესაბამისად, ტენდენციებზე საუბარი ჭირს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კვლევით გამოჩნდა, რომ საზოგადოების 70 % პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მომხრეა:
„ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებად ის მიმაჩნია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცნობიერებს, რომ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი პირობები არ არის შექმნილი საზოგადოებაში. საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში. ვფიქრობ, ეს სერიოზული მოთხოვნაა, რომელიც პარტიებს, პოლიტიკოსებს, მთავრობას ავალდებულებს სერიოზული კონკრეტული ნაბიჯები გადადგას პოლიტიკაში უფრო მეტი ქალების მონაწილოებისთვის. ამისათვის საჭიროა ისეთი მექანიზმების შემოღება, როგორიცაა კვოტირების სისტემა, ასევე დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესება, სხვა ნაბიჯები, რომლებიც ქალისა და კაცის უფლებებს დააბალანსებს. ამასთანავე, თავად პოლიტიკურ პარტიებში ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ თანაბარი პირობები ჰქონდეთ ქალებს და კაცებს“.
Your browser doesn’t support HTML5
საგულისხმოა, რომ კვლევის თანახმად, თანაბარი მონაცემების მქონე ქალისა და კაცის კანდიდატობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35% კაც კანდიდატს დაუჭერდა მხარს, ქალს -16%, 47%-ისთვის კი სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
დღეს პარლამენტში 17 ქალი დეპუტატი, გამოკითხულთა 55 პროცენტის აზრით, ძალიან ცოტაა.
პარლამენტში ქალებისა და კაცების საუკეთესო გადანაწილებას რაც შეეხება, 18% ემხრობა, რომ 90%კაცი იყოს,10 კი - ქალი. 37 პროცენტი ფიქრობს, რომ 70% მამაკაცი და 30% ქალი იქნებოდა საკმარისი. პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ შემადგენლობას 32 % ემხრობა.
ბევრი ჰყავს მოწინააღმდეგე ამ იდეას, იმიტომ რომ არის მოსაზრება, რომ ქალმა თავისი შესაძლებლობების მიხედვით, თავისი უნარების, განათლების საფუძველზე უნდა მოიპოვოს ხმა და არა იმიტომ უნდა მოიპოვის მან ეს ხმა, რომ ის, უბრალოდ, ქალია...მანანა კობახიძე
პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებული კვოტების შემოღებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 45 %, 25 კი - ნაწილობრივ, ნებაყოფლობითი კვოტირების შემოღებას 41 %ეთანხმება.
მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო კვოტირების შემოღება საქართველოსთვის გაეროს რეკომენდაციაა, რადიო თავისუფლების გადაცემა „გენდერულ ამბებში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ 5 პარტიაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები. მისი თქმით, ამას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იზიარებს:
„ბევრი ჰყავს მოწინააღმდეგე ამ იდეას, იმიტომ რომ არის მოსაზრება, რომ ქალმა თავისი შესაძლებლობების მიხედვით, თავისი უნარების, განათლების საფუძველზე უნდა მოიპოვოს ხმა და არა იმიტომ უნდა მოიპოვის მან ეს ხმა, რომ ის, უბრალოდ, ქალია. არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებშიც თვლიან, რომ ეს ხელოვნური რამაა, რომელიც დააზარალებს პარტიებს და მოუწევთ ხელოვნურად გადაწყვეტილებების მიღება“.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებიამ კი, მას შემდეგ, რაც NDI-ს გამოკვლევის შედეგებს გაეცნო, განაცხადა, რომ საზოგადოების დაკვეთაა კვოტების შემოღება და ამ გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და მისი პარტია საზოგადოების ამ მოთხოვნის შესასრულებლად მუშაობას დაიწყებს:
„თუ პოლიტიკოსები ჩავთვლით, რომ ჩვენთვის საზოგადოების განწყობა არის დამკვეთი, მაშინ პოლიტიკოსებმაც ამას უნდა გავუკეთოთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიები ამ დაკვეთას აუცილებლად შევასრულებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის“.
სავალდებულო კვოტირების შემოღებას ლობირებს სამოქალაქო სექტორიც. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის ელენე რუსეცკის სიტყვებით, იმას, რომ ეს არ არის უბრალო აკვიატება და მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება ქვეყნისთვის, მოწმობს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაც:
„ქვეყნებში, სადაც ქალების 2%-იანი წარმომადგენლობაა, ის პარლამენტი იწყებს ისეთ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც არის ორიენტირებული ბავშვთა კეთლდღეობაზე. იქ, სადაც ქალები არიან 30%, იწყება ქალთა საკითხებზე საუბარი და პროგრამები და სადაც უკვე 40-50%-იანი წარმომადგენლობაა, იწყება ისეთი მაღალი დონის სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას“.