ნატურალური ბოდიბილდინგი - პირველი ნაბიჯები და გამარჯვებები

ნატურალური ბოდიბილდინგი, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში არ არის განვითარებული და ჯერჯერობით არც პოპულარულია, მაგრამ ამ ქვეყნის წარმომადგენელი ვატო კოპაძე უკვე წელს, ზაფხულში, გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ეს იყო ივლისში საბერძნეთში. ოქტომბრის ბოლოს კი ჩეხეთი, კარლოვი ვარი, მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს, სადაც ვატო კოპაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მხოლოდ მცირე ქულებით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სლოვაკ სპორტსმენს. კარლოვი ვარიში საქართველოს ორი წარმომადგენელი გამოვიდა. ამ ჩემპიონატზე, მისთვის მზადებასა და შედეგზე, საერთოდ, ნატურალურ ბოდიბილდინგზე ვესაუბრეთ ვატო კოპაძეს, რომელიც რადიო თავისუფლების შტაბბინას სტუმრობდა, ვატო კოპაძის თქმით, ეს იყო ევროპის ღია ჩემპონატი, მაგრამ ვინაიდან ამ პერიოდში აშშ-ში სხვა, ოკეანისგადაღმელთა დიდი შეჯიბრი გაიმართა, ჩეხეთში ამერიკიდან არავინ ჩამოსულა. 29 წლის სპორტსმენის მთავარი საქმიანობა სათხილამურო სპორტია, ის ბავშვთა ნაკრებს ავარჯიშებს. მან, თავის მეგობრებთან ერთად, ნატურალური ბოდიბილდინგის ფედერაცია დააარსა. საბერძნეთში მოპოვებულ გამარჯვებას, მსოფლიო ჩემპიონობას თავის კატეგორიაში, ასევე აბსოლუტურ კატეგორიაში და ღია ჩემპიონატში მესამე ადგილს, კარლოვი ვარიში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოჰყვა.

ვატო კოპაძე

კოპაძე მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობს. მისი განმარტებით, ბოდიბილდინგში ვარჯიშისა და დასვენების გარდა, მნიშვნელოვანია კვება და საკვები დანამატების სწორი შერჩევა. საქართველოში კოპაძეს მხარდამჭერები და დამხმარეები ჰყავს. მათ შორისაა თბილისის მერია, მაგრამ იმის გამო, რომ ნატურალური ბოდიბილდინგი არ არის ოლიმპიური სახეობა, ვატო კოპაძეს სახელმწიფო სპორტული უწყება მხარში არ ამოსდგომია. ვატო კოპაძე ზაფხულში სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა.

Your browser doesn’t support HTML5

ნატურალური ბოდიბილდინგი - პირველი ნაბიჯები და გამარჯვებები