„მდგრადი ენერგიით“ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისაკენ!

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტის დროს, 2013 წლის 27 ივლისი

გასულ კვირაში ბრიუსელში გაკეთებულმა განცხადებამ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, კიდევ ერთხელ მოაქცია საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ საქართველო 2015 წლისთვის შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ასე რომ, საქართველოს არმიას შესაბამისი საბრძოლო დონის მისაღწევად ორწლიანი ვადა აქვს მიცემული.


რასმუსენის რეალისტური ვარაუდი

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები (NRF) ნოემბრის ფართომასშტაბიანი მანევრებისათვის გულმოდგინედ ემზადებიან. როგორც ალიანსის ტელევიზია იუწყება, სასერტიფიკაციო სწავლება Steadfast Jazz 2013 2-9 ნოემბერს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართება და მასში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების 6 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას - მათ შორის, საჰაერო და საზღვაო კომპონენტი.

ტრადიციის თანახმად, სასერტიფიკაციო სწავლება Steadfast Jazz 2013 -ს ჰოლანდიის ქალაქ ბრუნსიუმთან მდებარე ნატოს შტაბი უხელმძღვანელებს და მასში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების - მათ შორის, ფინეთის, უკრაინისა და მაკედონიის - ქვედანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას. ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სწავლების დამკვირვებლად არის მიწვეული.

საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში მიწვეული არ არის, თუმცა, თუკი ალიანსის გენერალური მდივნის ვარაუდები გამართლდა, საქართველოს არა მხოლოდ მანევრებში, არამედ სწრაფი რეაგირების ძალებთან ერთად საბრძოლო ოპერაციებშიც მოუხდება მონაწილეობის მიღება.

„საქართველომ შემოგვთავაზა მომავალში ნატოს რეაგირების ძალებში გაწევრიანება და ჩვენ მას დავთანხმდით. ამიტომ მოველი, რომ საქართველოს ჯარები ამ ძალებისათვის მზად იქნებიან 2014 წლისათვის. ეს მოხდება პირველად. საქართველო პირველად შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე.


NRF-ის პირველი არანატოელი ქვეყანა?

ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებამ სიმხნევე შემატა საქართველოში ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერებს, რომლებიც ბოლო ხანს უფრო მეტ სიგნალს ელიან ბრიუსელიდან, ვიდრე მხოლოდ პირობას, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დავით სიხარულიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008-2009 წლებში, ანდერს ფოგ რასმუსენის ამ განცხადებას, ერთი მხრივ, ალიანსთან ჩვენი შემდგომი დაახლოებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს და, მეორე მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი დიდი ნდობის გამოცხადებად თვლის:

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც უერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. სხვა ყველა შეიარაღებული ძალები არიან უკვე ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები. და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ ნატოს აზრით, თავსებადობის ძალიან მაღალი დონეა მიღწეული საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის“.

საქართველოს არმიისათვის ალიანსის სამხედრო ძალებთან თავსებადობის მაღალი დონის მიღწევას რამდენიმე წელი და სამ სისხლისმღვრელ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა დასჭირდა. ამჟამად ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში საქართველო, 1650 კაციანი ქვედანაყოფით, ყველაზე უფრო ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდამხარ ასრულებს საბრძოლო დავალებას.

სამი წლის განმავლობაში საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 29 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ბოლო დიდი მსხვერპლი საქართველოს კონტინგენტმა 2013 წლის 6 ივნისს გაიღო. ჰელმანდის პროვინციაში მეამბოხეთა მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საქართველოს ქვედანაყოფმა შვიდი ჯარისკაცი დაკარგა.

ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო მომზადებას 29 ივნისს ბათუმში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე მაღალი შეფასება მისცა ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა:

„ამას ადასტურებს ის 10 წელი, რაც მე ქართველ სამხედროებთან ერთად ვიმსახურე ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. საქართველოს სამხედროებს კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან. ქართველმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დიდი სიმამაცე", – განაცხადა გენერალმა.


„მდგრადი ენერგიის“ დასაგროვებელი ვადა

და მართლაც, 1999 წლიდან, ანუ კოსოვოს საერთაშორისო ძალებში მონაწილეობით დაწყებული, ქართულ არმიას ასიმეტრიულ და მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებში სამშვიდობო საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა.

თუმცა კოსოვოში, ერაყსა თუ ავღანეთში გამოვლენილი „პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დიდი სიმამაცე“, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რომელმაც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ გამოთქვამს ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ ვარაუდს ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. თუმცა ასეთი ფრთხილი პროგნოზიც კი საქართველოსათვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავსო, --ამბობს დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ვთხოვე განემარტა, თუ რა პროცედურა ელოდება ნატოში საქართველოს საკითხის საბოლოო გადაწყვეტას .

„მე ასე მესმის, რომ, რა თქმა უნდა, ტექნიკურ ნაწილს მოამზადებს ნატოს საერთაშორისო სამსახური და საერთაშორისო სამხედრო სამსახური. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმალური დასტური, ალბათ, დასჭირდება, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყო უმაღლეს დონეზე, მაგალითად, სამიტის დონეზე. ჩრდილოატლანტიკური საბჭო სხვადასხვა დონეზე იკრიბება. შეიძლება ეს ელჩების დონეზე დამტკიცდეს, ანდა უფრო სავარაუდოა და მე ასე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება გავიდეს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე“.

თუმცა, ვიდრე ნატოს თავდაცვის მინისტრები საბოლოო ვერდიქტს გამოიტანდნენ, საქართველოს მიერ შერჩეულ სამხედრო ქვედანაყოფს თავისი საბრძოლო ოსტატობის, ანუ „მდგრადი ენერგიის“, დემონსტრირება ალიანსის ამავე სახელწოდების სასერტიფიკაციო სწავლება Steadfast Jazz -ზე მოუწევს. ეს ძალები უნდა იყვნენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმ ამოცანის შესასრულებლად, რისთვისაც 12 წლის წინ ალიანსის წევრი ქვეყნები ასეთი სამხედრო კომპონენტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ნატოს დოქტრინის თანახმად, სწრაფი რეაგირების ძალებმა კონფლიქტურ ქვეყანაში ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაიკავონ პლაცდარმი და ხელი შეუწყონ ძირითადი ძალების მიერ სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას.