რამდენიმე მესიჯი ნატოს ერთდღიანი მინისტერიალიდან

იენს სტოლტენბერგი

თავდაცვის მინისტრების ერთდღიანი შეხვედრა იშვიათობაა ნატოში, იმ ორგანიზაციაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ბევრი პრობლემის გადაწყვეტაშია ჩაბმული პირდაპირ თუ ირიბად. მოგეხსენებათ, მშფოთვარე ხანაში დრო ყველაზე ძვირად ფასობს და ამიტომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 5 თებერვალს დილაადრიან შეუდგებიან ნატოს წინაშე მდგარი პრობლემების განხილვას. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პირველი ბრიფინგი საერთოდ დილის 7.50 წუთზე გაიმართება შტაბბინის მთავარი შესასვლელის წინ, დღის ბოლოს კი, 18:30 წუთზე, მინისტერიალს ნატოს გენერალური მდივანი შეაჯამებს.

მაგრამ ჟურნალისტები ორი დღით ადრე, 3 თებერვალს, ჩავედით ბრიუსელში დაახალ ამბებზე დაგეშილ ამდენ ხალხსაც, შესაბამისად, რაღაც ნადავლი გვჭირდება, რისთვისაც შორს წასვლა სულაც არაა საჭირო.

ნატოს პოლიტიკურ შტაბში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მინისტერიალზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დღის წესრიგის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეული ოფიციალური პირები ბევრს ესაუბრებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა საქმეში ჩახედული და ყოველთვის ღიმილიანი სპიკერებისა, ეს შეხვედრამისი ეთიკური მხარის გათვალისწინებითაც არის საყურადღებო. ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლები, რომლებსაც ჟურნალისტები შესანიშნავად იცნობენ, მედიასთან ყველა პრობლემატურ საკითხზე შინაურულად საუბრობენ და „მიკროფონის გარეშე“ გაცილებით უფრო საინტერესოდ და ამომწურავად მიმოიხილავენ პრობლემას, ვიდრე ამას პრესკონფერენიციებზე აკეთებს, ვთქვათ, გენერალური მდივანი, რომელიც ყოველთვის ჩქარობს, თანამდებობრივად შეზღუდულია დაყოველთვის წინასწარ მომზადებულ მესიჯებს ახმიანებს.

სხვათა შორის, ჟურნალისტებს ინკოგნიტო ოფიციალურ პირთა გამოთქმების ციტირებაც შეუძლიათ, ოღონდ მათი ვინაობის მიუთითებლად, რაც მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ და ითვალისწინებენ კიდეც, რადგან ფარული ჩაწერა და სხვა ამგვარი „მოყვითალო“ ეშმაკობები სულაც არ არის საჭირო, თუ არ გინდა ღირებულ „ოფიციალურ პირს“ სამუდამოდ დაემშვიდობო. თანაც, ამ უოქმო ბრიფინგების შემდეგ ნატოს ინკოგნიტო ოფიციალური პირები უკვე ღიადაც გესაუბრებიან, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მოკლე და დიპლომატიური პასუხებით შემოიფარგლებიან.

ჟურნალისტების მეგობარი ჯეიმსი

ამ პირველ, ნახევრად ოფიციალურ და ნახევრად არაოფიციალურ, ბრიფინგზე ერთ-ერთი სპიკერი იყო ჩვენი რადიომსმენელებისათვის კარგად ნაცნობი ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და მის ადრინდელ ფუნქციას დაუმატეს ახალი ვალდებულება: ბატონი აპატურაი პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მეორე მოადგილე გახდა.

ჯეიმს აპატურაი

ეს დანიშვნა გულწრფელად მივულოცე ჯეიმს აპატურაის, რომელსაც, საერთოდ, ბევრი ჟურნალისტი სცემს პატივს მისი კორექტული დამოკიდებულებისა და ხელგაშლილი ინტერვიუების გამო.
ზემოხსენებულ უმიკროფონო და უოქმო შეხვედრაზე ჯეიმს აპატურაიმ ბევრი ილაპარაკა ნატო-საქართველოს კომისიის მოახლოებული სხდომის დღის წესრიგზე. მისგან გავიგე, რომ 2015 წელს რეალურად დაიწყებს ამოქმედებას ნატოს მიერ უელსის სამიტზე საქართველოსათვის შეთავაზებული „არსებითი პაკეტი“, რომლის უმთავრესი მიმართულებაა საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი „წვრთნებისა და შეფასების ცენტრის“ შექმნა. როგორც ირკვევა, ალიანსი ამ პროექტს იმდენად სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ ამბობს კონკრეტულად, თუ რა სახეს და შინაარსს შეიძენს ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი.

ამის თაობაზე ჯეიმს აპატურაის ორი შეკითხვა ზემოხსნებულ ბრიფინგზეც დავუსვი, სადაც, როგორც უკვე ითქვა, ჟურნალისტები ჩანაწერებს არ აკეთებენ. შემდეგ კი ჩვენი საუბარი დიქტოფონის თანხლებით შტაბბინის მედიაჰოლში გაგრძელდა.

რადიო თავისუფლება: ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოში უნდა ამოქმედდეს ნატოს ტრენინგების ცენტრი. უკვე თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ, როგორ და რა მიზნებისათვის გაიწვრთნება ამ ცენტრში?

ჯეიმს აპატურაი: „ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს ორმაგი დანიშნულება აქვს. პირველ ყოვლისა, გვსურს, რომ ეს იყოს წარმატებული ცენტრი, რომელიც ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შესთავაზებს წვრთნას, როგორიც სხვაგან არ არსებობს და რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ გვესაჭიროება მუშაობა გეგმაზე, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რას შევთავაზებთ ამ საწვრთნელ ცენტრში ისეთს, რაც მას მიმზიდველს გახდის. ჩვენ არ გვინდა, რომ გაკეთდეს რამე და მერე არავინ ჩამოვიდეს. იმის გათვალისწინებით, თუ ზუსტად რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, ჩვენ − ცხადია, საქართველოსთან ერთად − საუკეთესო მიმართულებას ავირჩევთ. ამის შემდეგ მოვიწვევთ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს. უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატოს პარტნიორ რამდენიმე ქვეყანას სურს ჩავიდეს საქართველოში და - მიმდინარე წელს პირველად, მერე კი უკვე რეგულარულად - ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ასეთ წვრთნებში“.

რადიო თავისუფლება: თქვენ გულისხმობთ პარტნიორი ქვეყნების თუ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობას?

ჯეიმს აპატურაი: „ნატოს წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, და პარტნიორ ქვეყნებსაც. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, არა მხოლოდ ნატოს წევრი, არამედ პარტნიორი ქვეყნების სამხედროებიც ჩამოვლენ, რადგანუნდა გვესმოდეს, რომ ეს ცენტრი სიმბოლური მნიშვნელობისაა და მას არაფერი აქვს საერთო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან, იგი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ცენტრის დანიშნულება წვრთნების ჩატარება და იმ საუკეთესო შესაძლებლობისა და უნარების შეთავაზებაა, რის გაზიარებაც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეუძლია. საქართველოს ქვედანაყოფების მონაწილეობა ავღანეთში და, ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდამხარ ქართველ ჯარისკაცებს აძლევს მაღალი დონის გამოცდილებას და საექსპერტო ცოდნას, რომელიც მათ შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ“.

რადიო თავისუფლება: და რას ფიქრობთ რუსეთის შესაძლო დამოკიდებულებაზე, რაც, როგორც ჩანს, მტრული იქნება ნატო-საქართველოს ამ ერთობლივი ცენტრის მიმართ?

ჯეიმს აპატურაი: „ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რასაც ნატო საქართველოსთან პარტნიორობის კუთხით აკეთებს, ნეგატიურად აღიქმება რუსეთის მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობა უნდა გავწყვიტოთ“.

აპატურაი ამაში ცამდე მართალია: რუსეთი ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში გამართულ სრულიად უწყინარ სწავლებებზე და კრემლი არც ამ შემთხვევაში დააყოვნებს რეაგირებასო, ამბობს ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველი პაველ ფელგენგაუერი, რომელიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ნატოს შტაბბინაში სხვა რუს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა:

პაველ ფელგენგაუერი

„რუსეთის საზღვართან ნატოს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის გამოჩენა მოსკოვში, არსებითად, უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ხოლო თუ რამდენად მიზანმიმართული იქნება ეს უარყოფითი განწყობა ამჯერად, ეს სხვა საკითხია. ამ პროექტზე მკაცრი რეაგირება რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. პირველ ყოვლისა, რუსეთი ახლა უკრაინის მოვლენებით არის დაკავებული და კავკასიაში მოქმედების სერიოზული შესაძლებლობები არ აქვს. თუმცა გარკვეული შესაძლებლობა მაინც არსებობს და ეს არა დიპლომატების, არამედ უფრო მაღალ დონეზე - რუსეთის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოსა და ამ საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების დონეზე - გადაწყდება. თუ რამდენად სერიოზულია ეს [ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა], ამას შეაფასებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და როგორ დასკვნასაც შტაბი შეიმუშავებს, მოსკოვის რეაქციაც, ალბათ, ისეთი იქნება“.

მაგრამ როგორიც უნდა იყოს ალიანსის დახმარებით საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა თუ ნატო-საქართველოს ერთობლივი საერთაშორისო საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე მოსკოვისრეაქცია, საკითხი უკვე შეთანხმებულია თბილისსა და ბრიუსელს შორის, პროცესი დაძრულია და მას ვერაფერი შეაჩერებს - მით უფრო, რომ მსგავსი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი უკვე ამოქმედდა იორდანიაში და, საქართველოს გარდა, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტი იქმნება ერაყსა და ლიბიაშიც.

იანვრის ბოლოს საქართველოში ჯერნატოს შეფასების ჯგუფი იმყოფებოდა, ერთი კვირის წინ კი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, რომელმაც თბილისთან ახლოს, ვაზიანის დასახლებაში, ნატო-საქართველოს მომავალი ერთობლივი საწვრთნელი ბანაკის სავარაუდო ადგილი დაათვალიერა.

ასე რომ, საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის სამუშაოები დაწყებულია და ამ პროცესს, როგორც ალიანსი ირწმუნება, ვერც ერთი „მესამე ძალა“ ვერ შეაფერხებს. როგორ ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ ბრიუსელმა რაც შეიძლება მეტი მსურველი მოძებნოს, საქართველოს ხელისუფლებამ კი მოიზიდოს თანხები, რათა საკადრისად უმასპინძლოს ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრს. ამ გამოწვევის გასამკლავებლად საქართველოს ხელისუფლებასერიოზულად ემზადება, განაცხადა დეკემბრის ბოლოს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი 4 თებერვალს ჩამოვიდა ბრიუსელში და იმავე საღამოს დახურულ კარს მიღმა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში მინდია ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მისნიტრს ჩაკ ჰეიგელსაც შეხვდება.

როგორც ზემოთ ითქვა, 5 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის თავდაცვის მინისტრთა ერთდღიანი შეხვედრა გაიმართება. 2015 წლის პირველი მინისტერიალი საქართველო-ნატოს კომისიის სხდომით დაიწყება, შემდეგ კი ამას მოჰყვება ალიანსის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - ჩრდილოატლანიკური საბჭოს - სხდომა,რომელზეც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების შეცვლილ გარემოსა და ალიანსის ავანგარდული, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის საკითხებზე იმსჯელებენ. ამ პროექტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

საქართველო - ნატოს მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი

როგორც ირკვევა, საქართველო-ნატოს მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის თავდაცვის მინისტრების სახელით მადლობას გადაუხდის საქართველოს, რომლის მთავრობამ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ კოალიციურ საბრძოლო ოპერაციაში ხუთი წლის მანძილზე, მთლიანობაში, 10 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა. ამჯერადკი საქართველოს ხელისუფლებამ ავღანეთში „გადამჭრელი დახმარების“ სახელით ცნობილ ახალ საერთაშორისო მისიაში 750 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ საქართველო 1600-კაციანი ქვედანაყოფით ავღანეთის პირველ საბრძოლო ოპერაციაში მეხუთე ადგილზე იყო, ამჯერად პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყანა ერთბაშად მეორე ადგილზე აღმოჩნდება აშშ-ის შემდეგ, რომელიც „გადამჭრელი დახმარების“ ოპერაციაში ყველაზე მეტ -10 ათასამდე - ჯარისკაცს გაგზავნის. ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ავღანეთში, მთლიანობაში, 4 000 ჯარისკაცი ეყოლებათ. აქედან, ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე ქართველი იქნება.

მინდია ჯანელიძე

ამ გაბედული გადაწყვეტილებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მთლიანად საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, კიდევ ბევრჯერ მოისმენს კომპლიმენტებს არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების სხვა დედაქალაქებში - და არა მხოლოდ კომპლიმენტებს. ამ გულუხვი კონტრიბუციისა და, წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ნაჩვენები საგულისხმო პროგრესისთვის თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის სახელმწიფოთა წარმომადგენლები საქართველოს, ე.წ. არსებითი პაკეტის ფარგლებში, სხვა არსებით დახმარებასაც შესთავაზებენ. კერძოდ, ნატო სულ მალე გაგზავნის საქართველოში შემფასებელთა 15-კაციან მუდმივმოქმედ მისიას, რომელიც, როტაციის საფუძველზე დაქირავებულ კიდევ რამდენიმე მაღალკვალიფიციურ უცხოელ ექსპერტთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას როგორც საკადრო პოლიტიკის, ისე ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის საკითხების გადაჭრაში დაეხმარება. ასეთი პრობლემები კი, როგორც ირკვევა, მრავლად არსებობს, არა მხოლოდ მართვის, არამედ ქართული არმიის შეიარაღებით,კვებითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასმელი წყლით უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც, რაზეც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გულახდილად ილაპარაკა საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა.

ასეთი ლოგისტიკური საკითხები საქართველომ, ცხადია, დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, თუმცა გამოცდილების გაზიარება ამ მხრივაც შეიძლება. ერაყსა და ავღანეთში კოალიციური ძალებისათვის საჭირო წყალს ალიანსის ლოგისტიკის სპეციალისტები თერმული დამუშავებით პირდაპირ მდინაარეებიდან ღებულობდნენ და იმავე სისტემის აწყობა საქართველოშიც უმტკივნეულოდ შეიძლება, ნატოს წევრობის მსურველ საქართველოს არმიაში ჯარისკაცებს სასმელი წყალი საძებნელი რომ აღარ ჰქონდეთ. ამას მიზნობრივი პროგრამის შექმნა და შესაბამისი ფინანსების გამოყოფა ესაჭირობა, საქართველოს სამხედრო უწყების დაფინანსება კი ორი წლის განმავლობაში თითქმის არ გაუმჯობესებულა. ფინანსების მოსაძებნად კი ხელისუფლებამ ახლავე თუნდაც იმიტომ უნდა დაიჭიროს თადარიგი, რომ ზემოხსნებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შესაქმნელი თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

იმედია, მინისტერიალის დასრულების შემდეგ ამ და სხვა შეკითხვებზე კიდევ მომეცემა თავდაცის მინისტრთან საუბრის უფლება. მანამდე კი დავუბრუნდები იმ გზავნილებს, რომელთაც საქართველო 5 თებერვლის მინისტერიალისაგან უნდა მოელოდეს.

როგორც კარმენ რომერომ, ალიანსის პრესცენტრის წარმომადგენელმა, განაცხადა, საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი უფრო ფართოდ გაუხსნის გზას ქართველ სამხედროებს ნატოს ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებისაკენ, სადაც საქართველოს მოქალაქეები მაღალი პრივილეგიებით ისარგებლებენ.

ნატოს თავდაცვის მინისტრების 5 იანვრის სხდომის მონაწილეები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მკაცრად დაგმობენ რუსეთის მიერსეპარატისტულ აფხაზეთთან ხელმოწერილ და სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად გამზადებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.


ნატოს აღქმა და ღარიბაშვილის დაპირება

დაბოლოს, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები გაიმეორებენ, რომ ძალაშია ნატოში გაწევრიანების შესახებ საქართველოსათვის მიცემული ყველა წინანდელი პირობა, რაც მაშინვე შეისხამს ხორცს, როგორც კი ამისათვის რეალურად იქნება მზად საქართველოს მთელი სახელმწიფო და არა მისი რომელიმე ცალკეული უწყება თუ პოლიტიკური ელიტისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი.

„ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების თაობაზე, რაც მართლმსაჯულების გარემოს შეცვლისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, როდესაც საქართველოს მიმართებაში პოლიტიკური მოტივით ოპონენტების სამართლებრივი დევნის აღქმაზე საუბრობდა.

აი, ასე გამოიყურება საქართველოს თემა ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგში. თუმცა ალიანსის წევრი სახელმწიფოები მარტო ამ თემით არ შემოიფარგლებიან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატის შეხვედრაზე უსაფრთხოების შეცვლილ გარემოსა და ალიანსის მუდმივი მზადყოფნის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

პირველში, უწინარესად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერით მიმდინარე კონფლიქტი იგულისხმება.

მინისტერიალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ნატოს უცხოეთის ლეგიონი“ უწოდა უკრაინის მხარეზე მებრძოლ უცხოელ მოხალისეთაგან შექმნილ ქვედანაყოფებს, რომელთა მთავარ მიზანსაც „რუსეთის შეკავება“ წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 26 იანვარს სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კრემლის ლიდერის ამ ბრალდებას საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ნონსენსი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უკრაინაში მოქმედი „ნატოს უცხოეთის ლეგიონის“ თაობაზე.

ალიანსის თავდაცვის მინისტრები არც სხვა გლობალურ პრობლემებს - ბირთვული იარაღის გავრცელების, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის, მათ შორის, კიბერტერორიზმისსაფრთხეებს - დატოვებენ ყურადღების მიღმა.

ალიანსის წევრები არა მხოლოდ ავანგარდული სწრაფი რეაგირების ძალების შექმნისათვის ხარჯავენ დიდ ძალასა და რესურსებს, არამედ კიბერუსაფრთხოებაზეც. და თუ ნატოს საზღვრების დასაცავად მუდმივი ბაზირების სწრაფი რეაგირების ძალები საბოლოო სახით მხოლოდ 2016 წელს შეიქმნება, კიბერთავდაცვის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრი (Cooperative Cyber Defence Centre of Excellence) - უსაფრთხოების ცენტრი - უკვე 7 წელია არსებობს ესტონეთში და მის საქმიანობასა და დაფინანსებაში ალიანსის 15 სახელმწიფო მონაწილეობს. ამ ცენტრის კარი თანამედროვე კიბერუსაფრთხოების საკითხების შესასწავლად ღიაა ასევე ალიანსის პარტნიორი წევრი ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მასობრივი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.