NATO, მე-5 მუხლი და საქართველო: მოკლედ ყველაფერზე

  • რას მოუტანს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (NATO) შესვლა მისივე წესდების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის პირობით?
  • განიხილავს თუ არა ნატოში შესვლის ამ ვერსიას საქართველოს ხელისუფლება და თუ კი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის?
  • ამ მექანიზმის ამუშავებამ რა გარანტიები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?
  • რამდენად აქვს საფუძველი იმ აზრს, რომ საქართველომ, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს მე-5 მუხლს მიღმა დარჩენილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

ეს კითხვები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრად მყოფმა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია ნატოში შესვლის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე.

რა წერია NATO -ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში?

მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა.

ეს მუხლი ამბობს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. თუმცა მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ნატომ ეს მუხლი თავის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ რას გულისხმობს ნატოს მე-4 და მე-5 მუხლები?

მე-5 მუხლი 1949 წლიდან არსებობს. ამ წლის აპრილში, ვაშინგტონში, შეიკრიბნენ 12 ქვეყნის წარმომადგენლები და ხელი მოაწერეს ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულებას.

ეს ქვეყნები იყო - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, ნორვეგია, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია, იტალია და პორტუგალია.

სწორედ ამ ხელშეკრულების მთავარი მუხლი გახდა მე-5 მუხლი, რომელიც ასე იწყება:

„პარტიები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ ან მეტ წევრზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, განიხილება როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე“...

თუმცა, მეხუთე მუხლში ხაზგასმულია ისიც, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, „სამხედრო ძალა“ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

მე-5 მუხლი და საქართველო

მე-5 მუხლის საკითხი საჯაროდ აქტუალური საქართველოში გახდა ჯერ კიდევ გასულ წელს, 2018-ში, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრის, „Heritage Foundation’-ის მიერ, მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ეწერა, რომ რადგან საქართველოს გაცხადებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობა, აღარ არის საჭირო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ალიანსის წესდებით გათვალისწინებული მე-5 მუხლის გავრცელება.

მისი შემოთავაზება ასეთი იყო: საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღონ NATO-ში, მაგრამ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მანამ, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.

ასევე ნახეთ გზის შემოკლების შანსი

ეს საკითხი ერთი წლის შემდეგ ისევ წამოიწია თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის სახელწოდება იყო „Now What”, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ალიანსში უნდა იმსჯელონ მექანიზმის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ნატოს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

ოკუპირებული ტერიტორიები მე-5 მუხლს მიღმა

თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, რომ ალიანსის მე-5 მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს:

  • არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ალიანსის წევრი ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე;
  • ეს არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას;
  • ეს ნიშნავს იმას, რომ იარსებებს დათქმა, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე, დროებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებამდე ერთი კონკრეტული მუხლი არ გავრცელდება.

მსგავსი პრეცედენტი მოხდა 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (დასავლეთ გერმანია) შემთხვევაში - ის სწორედ ასე გახდა ნატოს წევრი, რამაც საბოლოოდ გერმანიის გაერთიანებასაც შეუწყო ხელი.

მაშინ ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.

რატომ შეიცვლება წესდების მე-6 მუხლი?

თუ საქართველო მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში, (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) გახდება ნატოს წევრი, ალიანსს მოუწევს შეცვალოს წესდების მე-6 მუხლი (რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ტერიტორიების დაცვას ითვალისწინებს მე-5 მუხლი), იმისთვის, რომ დროებით გამორიცხოს მე-5 მუხლით დაცვისგან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები. ეს ნიშნავს, რომ ნატოსგან თავდაცვის გარანტიას მიიღებს მხოლოდ დანარჩენი საქართველო.

რა აჩენს შიშებს, რომ საქართველო დაკარგავს აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს?

„არასწორი წარმოდგენა ნატოში საქართველოს გაერთიანებაზე“ - განმარტავს პოლიტოლოგი, "ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი" კახა გოგოლაშვილი.

ნატოს წევრობა არ ნიშნავს სადღაც შესვლას და კარის გამოხურვას. ამ შესვლის მიღმა დგას სწორედ კოლექტიური თავდაცვის სისტემა.

ნატოში ამ დათქმით შესვლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას აუცილებლად მოჰყვება დეკლარაცია, სადაც ეწერება, რომ ნატო აღიარებს:

  • საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
  • ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს გაერთიანებას.

მაგრამ ამავე დროს ითქმება, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენამდე.

რატომ სჭირდება ეს დათქმა ნატოს საქართველოს ალიანსში მისაღებად?

თუ ხელშეკრულებაში არ აღინიშნა, რომ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ მისი ხელმოწერისთანავე, ნატოს წევრი ქვეყნები აღმოჩნდებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველოს მიმართ ხორციელდება აგრესია, რაც მე-5 მუხლის თანახმად, ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს აგრესია ხორციელდება ნატოს წვერების მიმართაც და მათ ომი უნდა დაუწყონ რუსეთს.

ეს ნიშნავს, რომ ნატოსთვის აბსოლუტურად არ იქნება რაციონალური, ალიანსში მიიღოს ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების წამიდანვე მას ომის წინაშე აყენებს.

რუსეთიდან მომავალი საფრთხე და გარანტიები საქართველოსთვის

რუსეთისთვის მიუღებელია ნებისმიერი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდება საქართველო ნატოში, მაგრამ დღეს საქართველოს ამოცანაა, რომ ეს დასავლეთისთვის არ იყოს ეს მიუღებელი.

თუმცა, ამავე დროს, განმარტავს კახა გოგოლაშვილი, რუსეთს არ ექნება არანაირი კაზუს ბელი, ნატოში საქართველოში გაწევრიანების გამო, საქართველოს უეცრად ომი დაუწყოს.

რა გარანტიების იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

გარანტია იმისა, რომ საქართველო დაცული იქნება ტერიტორიების მიტაცებისგან. მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვრის გადმოწევის ფაქტებისგან, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით პასუხობს.

ჩრდილო-ატლანტიკულ პაქტთან მიერთების შემდეგ ეს ნატოს მხრიდან ცალსახა აგრესიად განიხილება.

რა აზრისაა საქართველოს ხელისუფლება?

„ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

“საინტერესოა და განხილვას იმსახურებს, კონსულტაციების გაგრძლება ამ საკითხზე ნამდვილად ღირს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ვოსლკიმ, რომლის თქმითაც, ამ ინიციატივა შარშანაც იყო საუბარი.

„ჩვენთვის მისაღებია ის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიების ფარგლებში. სპეკულაციები და კუდის მობმა ამ თემაზე არასწორი და ზედმეტია. ეს ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, - ასე გამოეხმაურა საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და მანაც შენიშნა, რომ „ეს არ ყოფილა ოფიციალური შემოთავაზება ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან, ამიტომ ამ საკითხზე ზედმეტი „ღელვა და ნერვიულობა“ არ ღირს.

იმისთვის, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე (ისე, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) დისკუსია დაიწყოს, საჭიროა ნატომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ამ იდეას მხარდაჭერა ჰქონდეს მის 29 წევრი ქვეყანის მხრიდან, - უთხრა რადო თავისუფლებას საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.

ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს მოლაპარაკებები ყველა კრიტიკულ დედაქალაქში, ნატოს შტაბბინაში, უფრო ფართო საექსპერტო წრეებთან.

„ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პროცესი, რომელსაც სჭირდება მთავრობის ერთიანი მიდგომა“, - ბათუ ქუთელია იხსენებს იმასაც, რომ 2018 წელს „Heritage Foundation’-ის კვლევას მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დუმილით უპასუხა და ეს თემა არც კი გამხდარა ფართოდ ცნობილი საზოგადოებისათვის.

„როგორც ჩანს ხელისუფლება პუტინის განრისხებას უფრთხის. ხელისუფლებას არა აქვს ამ იდეის ლობირების ინტერესი, თორემ, როგორ უნდა იმუშაოს ამ კუთხით, წესით, ეს კარგად უნდა იცოდეს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამჯერად ეს საკითხი, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა დააყენა, რამაც პოლიტიკურად უფრო მაღალ ლეგიმიტაცია მისცა ამ იდეას, მაგრამ პირველი, რაც თავში მოაფიქრდა ხელისუფლებას, ბრძოლა დაუწყო ამ იდეას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელიამ.

მისივე შეფასებით, დღეს ამ იდეას ნაკლი არა აქვს და შექმნილ ვითარებაში ყველასთვის გამოსავლის ტოლფასია.