ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსთვის MAP-ს ითხოვენ

ამერიკელი კონგრესმენები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ნატოს 2014 წლის სამიტზე პრიორიტეტად ნატოს გაფართოების პერსპექტივა აქციოს. ისინი მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან - საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის დამყარება სურთ. მიმართვის ხელმომწერი 42 კონგრესმენი მოითხოვს, ნატოს მომავალ სამიტზე მონტენეგრო და მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ კი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, MAP მიიღონ. ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა სახელმწიფო მდივნისადმი საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომავალი სამიტი სწორედ იმ სულისკვეთებით ჩატარდება, რომლითაც კონგრესმენების მიმართვა დაიწერა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“, - აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები. მათი შეფასებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და, ამ კონტაქტების ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია ამოქმედდეს ნატოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად და მის შემდგომ განსამტკიცებლად საჭირო მექანიზმები. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ კონგრესმენები 2014 წლის ნატოს სამიტისა და ნატოს გაფართოების შესახებაც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კონგრესმენების წერილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს:

ეს მოლოდინები არ არის კარგის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, თითოეულმა ჩვენგანმა, და გვესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში არის მათი მხრიდან ერთი აგური ნატოში გაწევრიანებისთვის...
ირაკლი სესიაშვილი
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატოს 2014 წლის სამიტზე ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, მაგრამ არ დაგვიკონკრეტებია ჩვენი მხრიდან, თუ რა შეიძლება იყოს ეს პროგრესი. ჩვენ ამას არც ახლა ვაკონკრეტებთ, მაგრამ ის, რომ ამერიკის კონგრესის ძალიან სოლიდური შემადგენლობა, ძალიან ცნობილი კონგრესმენების სახით, მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატოში, არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ჩვენ ძალიან ამაყები და კმაყოფილები ვართ, რომ ეს ხდება სწორედ ახლა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ იმ კონგრესმენების ნაწილს, რომლებიც წერილს ხელს აწერენ, ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები მიუნხენში შეხვდნენ. მაია ფანჯიკის თანახმად, კონგრესმენთა ოცკაციან დელეგაციასთან განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აწუხებს. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კონგრესმენთა წერილის გამოქვეყნება მაია ფანჯიკიძეს ქვეყნისადმი სერიოზული მხარდაჭერის გამოხატულებად მიაჩნია. ამ მხარდაჭერას ხედავს, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც, მეორე მხრივ, შიშობს, რომ კონგრესმენების წერილმა, შესაძლოა, ნატოს 2014 წლის სამიტის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინოს:

“ეს მოლოდინები არ არის კარგის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, თითოეულმა ჩვენგანმა, და გვესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში არის მათი მხრიდან ერთი აგური ნატოში გაწევრიანებისთვის, შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის“.

ჩვენ განუხრელად მივყვებით ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, თუკი თქვენ შეასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას...
ანდერს ფოგ რასმუსენი
კონგრესმენები 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის, (MAP)-ის მიღებას ემხრობიან. მას შემდეგ, რაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, 6 წელი გავიდა. ქვეყნის მიერ ამ ხნის განმავლობაში ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ამ ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობის დროს, როდესაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო და საქართველო განაგრძობენ თანამშრომლობას საზიარო მიზნების მისაღწევად:

“ჩვენ განუხრელად მივყვებით ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, თუკი თქვენ შეასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება ურყევია. ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ დღეს ძალიან ახლოს ხართ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას თქვენთან, ჩვენი საზიარო მიზნების მისაღწევად“.

საქართველო-ნატოს ინტენსიური თანამშრომლობის კალენდარზე კი 11-12 თებერვალს საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი პირველად იმართება. თბილისი, თავის მხრივ, ალიანსის უელსის სამიტის წინ კომიტეტის სხდომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აი, რა განუცხადა ჩვენს რადიოს ამ ცოტა ხნის წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ:

“ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შემდეგ ეს არის დონით მეორე კომიტეტი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და იშვიათად დადის პარტნიორ ქვეყნებში. ამიტომ ეს თავისთავად არის ძალიან კარგი პოლიტიკური სიგნალი, მაგრამ, გარდა ამ სიმბოლური მხარისა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვა, იმიტომ რომ წლის პირველი ნახევარი, გარკვეულწილად, იქნება გადამწყვეტი და განმაპირობებელი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ უელსში და, საერთოდ, როგორი იქნება უელსის სამიტის დღის წესრიგი“.

უელსის სამიტის დღის წესრიგის განსაზღვრამდე კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს პარტნიორები ქვეყნის ახალი ხელისუფლების პირობებშიც დარწმუნდნენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სტრატეგიული არჩევანია.