ნარკოპოლიტიკის ნაკურთხი ცვლილება?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს პარლამენტი განიხილავს “ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და, რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტის გადატანას მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე. საქართველოში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც თავის საშობაო ეპისტოლეში. საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება კანონის მიღებაზე.

Your browser doesn’t support HTML5

ნარკოპოლიტიკის ნაკურთხი ცვლილება?

საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულია მოსაზრება, რომ აუცილებელია შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც დაიცავს ახალგაზრდებს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. და კიდევ:

„უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები. მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს“.

ეპისტოლეში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა და რომ უნდა გადაიდგას რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები. როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენელი გიორგი გოგუა ამბობს, ეპისტოლეს გამოქვეყნებას წინ უძღოდა შეხვედრა საპატრიარქოსა და ქსელის წარმომადგენლებს შორის.

პატრიარქის ეს მოწოდება კიდევ მეტად შეგვძენს იმის უნარს, რომ დავიცვათ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებულ რისკებს შორის. ლიბერალური მიდგომა კარგია მომხმარებელთან დაკავშირებით, არაა საჭირო დაჭერა...
მამუკა მდინარაძე

„შობამდე საპატრიარქოს ინიციატივით მოხდა შეხვედრა, ჩვენი თემის წარმომადგენლები შეხვდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და მათ მოუყვნენ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლებს აქვთ საქართველოში. იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი ცვლილებებზე? რა თქმა უნდა, იმოქმედებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და სიახლეს ნერგავს, ყოველთვის ფიქრობს იმაზე, ხომ არ დაკარგავს ამომრჩეველთა ხმებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატრიარქს აქვს ძალიან მაღალი ნდობის მანდატი და უმრავლესობა საქართველოში პატივს სცემს მის აზრს, თავისთავად როგორც საზოგადოებაზე, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავლენას იქონიებს“, უთხრა გიორგი გოგუამ რადიო თავისუფლებას.

ეპისტოლეში გამოთქმულმა მოსაზრებამ მართლაც იქონია გავლენა ხელისუფლების წარმომადგენლებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმაც, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ საჭიროა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება:

„პატრიარქის ეს მოწოდება კიდევ მეტად შეგვძენს იმის უნარს, რომ დავიცვათ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებულ რისკებს შორის. ლიბერალური მიდგომა კარგია მომხმარებელთან დაკავშირებით, არაა საჭირო დაჭერა. ისინი სახელმწიფოსგან თანადგომას საჭიროებენ და ეს ბალანსი უზრუნველყოფს, საერთო ჯამში, იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ მავნე სენისგან“.

საქართველოს პარლამენტი კომიტეტების დონეზე უკვე განიხილავს “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიღებას ეწინააღმდეგებიან ცალკეული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან. ცვლილებების განხილვაში აქტიურადაა ჩართული გურამ იმნაძ- არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი.

გურამ იმნაძე

„ის მესიჯები, რომლებიც გაახმოვანა პატრიარქმა, მეტად ახლოს არის იმ მოთხოვნებთან, რასაც ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ვაყენებთ უკვე წლებია და ჩვენც, პირველ რიგში, ვითხოვთ იმას, რომ სახელმწიფოს სადამსჯელო და რეპრესიული პოლიტიკა შეიცვალოს მზრუნველობაზე და ადამიანების მხარდაჭერაზე დამყარებული მიდგომებით. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ რაიმე ფორმით ნარკოტიკები უნდა იყოს წახალისებული, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის აქვთ გარკვეული პრობლემები, სახელმწიფომ დასჯის ნაცვლად უნდა შესთავაზოს შესაბამისი სამკურნალო, სარეაბილიტაციო პროგრამები და, ამავდროულად, ჩვენ ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ, რომ შეიქმნას გამართული პრევენციული სისტემა, რომლიც დაიცავს მოქალაქეებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისგან“, უთხრა გურამ იმნაძემ რადიო თავისუფლებას.

ნარკოპოლიტიკის თვისებრივად შეცვლის მოთხოვნას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძის თქმით, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური საკითხია და ასეთივე მიდგომას საჭიროებს:

40 ათასიდან გაიზარდა 50 ათასამდე და კიდევ განაგრძობს ზრდას. თუ ვიცით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა, პირიქით, აუარესებს მდგომარეობას და საუბარია სისხლით გადამდებ დაავადებებზე, იგივე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ვერ შესრულდება, თუ არ მოხდება დეკრიმინალიზაცია...
გიორგი გოგუა

„ნარკოპოლიტიკა არ არის, უბრალოდ, დაჭერა-არდაჭერის საკითხი. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში, უნდა ეფუძნებოდეს აუცილებელ ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული. სხვა მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს“.

ნარკოპოლიტიკა ეფექტიანი ვერ იქნება, თუ იგი არ დაეფუძნება ჰუმანურობასა და საღ აზრს. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლის, გიორგი გოგუას, თქმით, მრავლისმეტყველი და საგანგაშო ფაქტია ის, რომ ინტრავენურ ნარკომანთა რაოდენობა განუხრელად იზრდება.

„40 ათასიდან გაიზარდა 50 ათასამდე და კიდევ განაგრძობს ზრდას. თუ ვიცით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა, პირიქით, აუარესებს მდგომარეობას და საუბარია სისხლით გადამდებ დაავადებებზე, იგივე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ვერ შესრულდება, თუ არ მოხდება დეკრიმინალიზაცია. ფაქტია - რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელებას, ანუ გამოდის, ერთის მხრივ, ვმკურნალობთ, მეორე მხრივ, დაავადების ახალი კერა ჩნდება. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა უპირობოდ შევთანხმდეთ დეკრიმინალიზაციაზე და უნდა დადგინდეს მინიმალური ოდენობა ნარკოტიკისა, რათა მომხმარებელმა თავისი საჭიროებისთვის შეძლოს შეძენა“, უთხრა გიორგი გოგუამ რადიო თავისუფლებას.