პოლიციელების მიერ პოეტ ზვიად რატიანის ცემამ დარიო ფოს „ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“ გამახსენა. იტალიელი დრამატურგის ამ პიესას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად: 1969 წელს რკინიგზის მუშამ, ანარქისტმა ჯუზეპე პინელიმ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის ვერსიის თანახმად, ის დაკითხვის დროს მილანის პოლიციის შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა; თუმცა მალე პინელის საქმეში ერთმანეთის გამომრიცხავმა ფაქტებმა მოიყარა თავი და მოწმეების ჩვენებებიც ურთიერთსაწინააღმდეგო გამოდგა.

პინელი, რომელსაც ბანკში ბომბის აფეთქებაში ადანაშაულებდნენ, სასამართლომ, საბოლოოდ, უდანაშაულოდ ცნო.

ასევე უდანაშაულოა ანარქისტი ფოს პიესაში. პოლიციის ვერსიის თანახმად, ისიც, როგორც პინელი, დაკითხვისას ფანჯრიდან ხტება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

პიესა ერთგვარ დეტექტიურ ხასიათს ატარებს, რადგან ბრალდებულის სიკვდილის მიზეზის დადგენას ცდილობს.

დეტექტივის როლი აკისრია ერთ შეშლილს (მასხარას, იტალიურად „Matto“), რომელიც პოლიციაში სხვადასხვა ვინმედ თავის გასაღებისა და თაღლითობისთვის ხვდება. ის იქვე, შემთხვევით შეიტყობს ანარქისტის ამბავს და იმასაც, რომ მალე პოლიციას გამომძიებელი უნდა ეწვიოს და ანარქისტის საქმე შეისწავლოს. შეშლილი, რომლის ნამდვილი გატაცებაა სხვადასხვა ადამიანის ტყავში ყოფნა და შესაფერისად შემოსვაც, რაღა თქმა უნდა, ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებს და პოლიციელებს გამომძიებლად ევლინება.

მხოლოდ შეშლილს თუ ეყოფა მოთმინება, გამძლეობა და გამბედაობა, რომ სისტემის დაუნდობელ აპარატს ძირისძირამდე ჩაჰყვეს, დასვას კითხვები, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს „კანონიერების სადარაჯოზე მყოფნი“.

„Matto“ ფოს პიესაში საკუთარი სახელია და ეს შემთხვევითი არ არის. მართლაც, კორუმპირებულ და კრიმინალ სამართალდამცველებთან საქმის დაჭერას და, მით უმეტეს, სიმართლის დადგენას, იქნება ეს 60-70-იანი წლების იტალია თუ რომელიმე სხვა ქვეყანა და დრო, მხოლოდ შეშლილი თუ მოისურვებს; მხოლოდ ასეთს თუ ეყოფა მოთმინება, გამძლეობა და გამბედაობა, რომ სისტემის დაუნდობელ აპარატს ძირისძირამდე ჩაჰყვეს, დასვას კითხვები, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს „კანონიერების სადარაჯოზე მყოფნი“ და, რაც მთავარია, დასცინოს მათ.

Matto ფოს საყვარელი პერსონაჟია და ის მის ბევრ სხვა პიესაშიც გვხვდება. შეიძლება ითქვას, მასში თავად ავტორი იმალება.

ფო კარგად იცნობდა იმდროინდელ პოლიციასა და მის მეთოდებს. ის არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული, ხშირად მას პირდაპირ სცენაზეც კი იჭერდნენ; მისი მეუღლე, მსახიობი და მრავალი პიესის თანაავტორი ფრანკა რამე კი 1973 წელს ოთხმა მამაკაცმა გააუპატიურა. მოგვიანებით ამ დანაშაულის დაგეგმვაში მილანის პოლიცია იქნა ეჭვმიტანილი.

როცა გამომძიებლად გარდასახული შეშლილი პოლიციელებს ანარქისტის ფანჯრიდან გადახტომის დეტალებს ეკითხება, უკვირს, თუ როგორ მოახერხა დამნაშავემ ფანჯრიდან თავით გადაშვება, მაშინ, როცა, საქმის თანახმად, მის გვერდით ასე ახლოს იმყოფებოდა ორი პოლიციელი. „რატომ არც ერთმა არ შეაჩერა ის?“ – კითხულობს „გამომძიებელი“. ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომელი ამაყად შენიშნავს, დიახაც რომ ვცადე დამნაშავის შეჩერებაო! ანარქისტს ფეხში წავავლე ხელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხსაცმელიღა შემრჩა ხელშიო. შეშლილს ახსენდება, რომ გარდაცვლილი მიწაზე ორივე ფეხსაცმლით იპოვეს... „როგორ ავხსნათ ეს?“ – დაფიქრდება ის და მოულოდნელად თავში მოუვა გამოსავალი-ვერსია: იქნებ... იქნებ, გარდაცვლილს სამი ფეხი ჰქონდა? რასაკვირველია, არალოგიკური იქნებოდა, სამფეხა კაცს მხოლოდ ორ ფეხზე სცმოდა ფეხსაცმელი, მაგრამ შეშლილი ამ ვერსიის სხვა, უფრო დამაჯერებელი ვარიანტით ჩანაცვლებას ცდილობს: იქნებ, დამნაშავეს ერთ ფეხზე ორი ფეხსაცმელი ეცვა? ჩნდება კიდევ ერთი ვერსიაც: იქნებ, მაშინ, როცა ანარქისტი ფანჯრიდან გადახტა, თანამშრომელი, რომელსაც ხელში მისი ფეხსაცმელი შერჩა, დაუყოვნებლივ გაიქცა, სწრაფად ჩაირბინა პოლიციის შენობის კიბეები და მიწაზე დანარცხებულს სასწრაფოდ ჩააცვა მისი გამძვრალი ფეხსაცმელი?

ზვიად რატიანის ცემის გამართლება სამართალდამცველების მხრიდან სწორედ „სამი ფეხის“ ლოგიკის ანალოგია. როგორც ჩანს, მახინჯ სისტემას არასდროს, არც ერთ დროში და არც ერთ ქვეყანაში ლოგიკა არ აქვს და ის ყოველთვის მართალია.

ზვიად რატიანის ცემის გამართლება სამართალდამცველების მხრიდან სწორედ „სამი ფეხის“ ლოგიკის ანალოგია. როგორც ჩანს, მახინჯ სისტემას არასდროს, არც ერთ დროში და არც ერთ ქვეყანაში ლოგიკა არ აქვს და ის ყოველთვის მართალია. მის წინაშე რიგითი, საღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკა მუდამ დამარცხებული იქნება, რადგან, თუ სისტემამ მოინდომა, ორფეხა ადამიანს სამფეხად გამოიყვანს, უდანაშაულოს – თვითმკვლელად. სისტემას შეუძლია ადამიანებს ყველაზე სანუკვარი და სათუთი წარმოდგენა შეურყვნას, მოსპოს, არაფერი დატოვოს მათთვის ძვირფასი, სამაგალითო ადამიანებისგან; მას შეუძლია გენიოსის შეშლილობაში დაგარწმუნოს, ჯანსაღის ავად ყოფნა დაგაჯეროს, პატიოსნის არამზადობა დაგიმტკიცოს და სილამაზე სიმახინჯედ მოგაჩვენოს. საკუთარი თავის გადასარჩენად ის გაწირავს ყველა იდეალს, დაარღვევს ყველა კანონს. დღეს ან ხვალ, თუკი მოისურვებს, სისტემას არ გაუჭირდება ნებისმიერი ჩვენგანის საშიშ, არაღირსეულ მოქალაქედ წარმოჩენა. ეჭვი ნუ შეგვეპარება, რომ მას მოწმეებიც აღმოაჩნდება, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ. შანტაჟი და ცინიზმი სისტემის განუყოფელი ნაწილია, მეთოდები, რომლებიც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის დაუმარცხებელ ვირუსად რჩება, არამედ ნებისმიერი კორუმპირებული სისტემის განუყოფელი ნაწილი და არაჯანსაღი ორგანიზმია, საკუთარი თავის გამოკვებას ადმიანების ფიზიკური და სულიერი განადგურების ხარჯზე რომ ცდილობს.

„ეს ხომ ჩვენი მეთოდია?! ჩვენ ხომ ასე ვმუშაობთ?!“ – ასეთი გულწრფელი პასუხი აქვთ ფოს პიესაში პოლიციელებს საკუთარ ქმედებებზე. დიახ, ეს იქნებოდა დღესაც, 21-ე საუკუნის საქართველოში გულწრფელი პასუხი კითხვებზე, თუ რატომ იძალადეს სამართალდამცველებმა ზვიად რატიანზე, თუ რატომ ავრცელებს საზოგადოებრივი ტელევიზია მოქალაქის დისკრედიტაციის მიზნით დამონტაჟებულ ვიდეოს და რატომ აჯარიმებს სასამართლო უდანაშაულო მოქალაქეს.

„ეს ხომ ჩვენი მეთოდია?! ჩვენ ხომ ასე ვმუშაობთ?!“ – იტყვის რიგითი პოლიციელიც მანამ, სანამ სისტემა არ შეიცვლება, რადგან ერთი პოლიციელი უძლურია სისტემის წინაშე. როგორი პატიოსანიც უნდა იყოს, ის ვერ განვითარდება სისტემისგან დამოუკიდებლად, რადგან თევზი თავიდან ყარს და უკვე ათწლეულებია, ჩვენ ამ აყროლებულ სისტემასთან ერთად ვარსებობთ; ვერ გამოვეთხოვეთ მას, რადგან ის, ვინც „თავშია“, ვერ ამბობს უარს ამ „მეთოდებზე“ (ვინ იცის, სად და როდის გამოადგება). მას, ვინც „თავშია“ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეშინია ამ „იარაღისა“ და მეთოდების გარეშე დარჩენის, რადგან არ სჯერა საკუთარი თავის და, რაც ყველაზე მთავარია, სიკვდილივით ეშინია მართალი მოქალაქის!

დარიო ფო, ალბათ, შესანიშნავ პიესას დაწერდა რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. ალბათ, ამ პიესაზეც გაგვეცინებოდა; ალბათ, ისიც მწარე და გროტესკული იქნებოდა და ფოს ხელში ეს ტრაგედიაც ნამდვილ კომედიად იქცეოდა. როცა რატიანის წინააღმდეგ დაგეშილი ხალხის კომენტარებს ვკითხულობდი, მეგონა, ისინი ფოს პერსონაჟს, შეშლილს, ეკუთვნოდა. უცებ დავიჯერე, რომ ის სხვების მაგივრად ირჯებოდა და ამ ყველაფრით მასხრად გვიგდებდა. ის მოსამართლეც გადაცმულ Matto-ს ჰგავდა, რატიანს რომ განაჩენი გამოუტანა და ახალ წელს შინ გაშვება დაამადლა. ეს ყველაფერი ნამდვილად ჰგავდა შეშლილის ხუმრობებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იყო ფოსეული თეატრი, რომელიც გვასწავლის (teatro didattico), ეს იყო რეალობა, რომლისგანაც ბოლოს და ბოლოს რაღაც უნდა ვისწავლოთ.

დარიო ფო, ალბათ, შესანიშნავ პიესას დაწერდა რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. ალბათ, ამ პიესაზეც გაგვეცინებოდა; ალბათ, ისიც მწარე და გროტესკული იქნებოდა და ფოს ხელში ეს ტრაგედიაც ნამდვილ კომედიად იქცეოდა.

მილანის პოლიციის შენობა, ფოს პიესაში, ძალიან ჰგავს 90-იანი წლების შსს-ს შენობას თბილისში, სადაც, ფოს პიესის მსგავსად, არსებობდნენ პოლიციელები მეტსახელად „ფანჯრიდან გადამგდები“, სადაც არსებობდა ტერმინები „ხელის წაშველება“ ფანჯრიდან „გადახტომისას“, „წახმარება“ იმ პირის დაკითხვისას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. პიესაში ერთგან შეშლილი ერთ-ერთ კომისარს ეხუმრება, რომ ანარქისტის საქმის გამოძიების შემდეგ მას სხვა პოლიციაში გაამწესებენ, სადღაც შორს, მიყრუებულ ადგილას, სადაც მისი კაბინეტი სარდაფში იქნება, ფანჯრიდან გადაყრილებს დიდხანს ფრენა რომ აღარ მოუხდეთ... დიახ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩვენს უახლოეს წარსულს და მახსენებს ბევრ ბიჭს, ასე, დაჭმუჭნილი ფურცელივით რომ მოისროლეს ძალოვანების ოთახების ფანჯრებიდან... ეს ყველაფერი მახსენებს ბევრ ნაცნობს, უცნობს და ჩემთვის ახლობელ ადამიანსაც... მახსენებს ბევრ უსამართლობას, რომელიც ჩვენ თვალწინ უეცარი ალივით აენთება ხოლმე და რომელიც ალის ჩაწვისთანავე დავიწყებას ეცემა.

როცა 1997 წელს ფოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, ლაურეატმა ნობელის კომიტეტი „გიჟებად“ მოიხსენია, საკუთარი თავი კი – „მასხარად“. თავის მიმართვაში მან „დაუჯერებელი“ უწოდა ფაქტს, რომ კომიტეტმა ამ ჯილდოს გადაცემა სწორედ მასხარასთვის (Matto) გადაწყვიტა. ამავე სიტყვაში გაიხსენა, რომ მან ათობით სპექტაკლი დადგა და ითამაშა მეუღლესთან, ფრანკა რამესთან ერთად. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ ყველგან: თეატრებში, ქუჩებში, პარკებში, გაფიცულ ფაბრიკებსა და უნივერსიტეტებში, ტაძრებში, ციხეებში... ისინი თამაშობდნენ ყველგან, ყველანაირ ამინდში, მზეშიც და თავსხმა წვიმაშიც. „გვლანძღავდნენ, პოლიცია გვდევნიდა, სამართალდამცველები შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ძალადობის მსხვერპლნიც გავმხდარვართ“, – იხსენებს ფო ნობელის კომიტეტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში.

საბედნიეროდ, ჭეშმარიტი ლიტერატურის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება, ისევე როგორც ვერ აღუდგა დრო და სისტემა თავის დროზე დარიო ფოსა და ფრანკა რამეს ხელოვნებას, მათ ძალასა და მათ ხმას. სწორედ ამიტომ არ სჭირდება დღეს ზვიად რატიანის პოეზიას ჩვენი დაცვა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რატიანის პოეზია ჩვენ თავად დაგვიცავს, დაგვიცავს, როგორც ერს, დაიცავს ჩვენს თანამედროვე ლიტერატურას და თანამედროვე საქართველოს, დაიცავს და გაამდიდრებს მას, მიუჩენს ადგილს მსოფლიო ლიტერატურის რუკაზე, სადაც ტერიტორიებს სხვა ქვეყნები და ენები ეპატრონებიან, ყველას აიძულებს აქეთ, ჩვენკენ გამოახედოს და უტყუარს გახდის მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ადამიანის სულის არსებობას.

არა, ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ პოეტ რატიანზე, ჩვენ სულ სხვა საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ეშველება მოქალაქე რატიანს, რომელიც ბევრი ჩვენგანის სახით, ახლაც გარეთ, ქუჩებში დადის და არ იცის, სად, რომელი მხრიდან ელის სისტემის მწარე და დაუნდობელი დარტყმა.