ნაბიჯები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისკენ

ევროპარლამენტი

25 აპრილს ბრიუსელში, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილებოდა. ამით დაიწყო ევროკომისიის მარტის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესი და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ოპტიმისტური გათვლით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას ივლისიდან შეძლებენ.

იმთავითვე ითქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დაგვირგვინებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას სწორედ სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის დასტური წარმოადგენდა. კომიტეტის სხდომამდე გაკეთებულ კომენტარებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დამაიმედებელ მოლოდინზე ლაპარაკობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება მისთვის მშობლიურ ევროპულ ოჯახს. საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების არაერთი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, ოპტიმისტურად იყო განწყობილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც:

„ჩვენ მოველით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს საქართველოს საკითხს და ჩვენ გვექნება პარლამენტის მხარდაჭერა და შემდეგ – საბჭოს მხარდაჭერაც, იმისათვის რომ დროულად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება“.

თქვენ, ქართველებს, და თქვენს ქვეყანას აქვს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში...
ანდრეის მამიკინსი

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ოპტიმიზმს ამ შემთხვევაში ასაზრდოებს სიგნალები, რომლებიც მან ორიოდე კვირის წინ, ბრიუსელში ყოფნისას, ევროპარლამენტის წარმომადგენლებისგან მიიღო. მათ შორის იყო ლატვიელი ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე, ანდრეის მამიკინსი, რომელმაც, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრამდე, შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან, და მხარდამჭერი განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა:

„თქვენ, ქართველებს, და თქვენს ქვეყანას აქვს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში“.

იმავე ხანებში ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმაც და იქვე ივარაუდა, რომ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, „ზაფხულის არდადეგებამდე“ იქნეს მიღებული.

დამაიმედებელი ვარაუდები საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ზაფხულში დაგვირგვინების თაობაზე მანამდეც არაერთხელ გახმაურებულა ბრიუსელიდან და მათ შორის იყო, მაგალითად, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის მიერ გაკეთებული განცხადებები.

შესაბამისად, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებულ დაგვირგვინებას ზაფხულს უკავშირებენ ასევე საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე წინ კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე განმარტავს ჩვენთან საუბრისას, რომ, ამ გზის წარმატებით გასავლელად, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის დადებით გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს, ასევე, ევროკავშირის საბჭოს დასტური შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დონეზე და, ასევე, ცხადია, აუცილებელია ევროპარლამენტის მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე. ყოველივე ამის შემდეგ საბოლოო მიზნამდე, ანუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, რამდენიმე კვირა იქნება დარჩენილი:

„...შემდეგ დოკუმენტს ხელს აწერს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მინისტრი (1 ივლისამდე – ეს არის ნიდერლანდი, ხოლო 1 ივლისის შემდეგ – სლოვაკეთი) და ევროპარლამენტის პრეზიდენტი. შემდეგ ეს დოკუმენტი ქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და, თუკი სხვანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება, სტანდარტული პროცედურის თანახმად, დოკუმენტი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შედის ძალაში. თუკი ყველაფერი დროულად მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ივლისის შუა რიცხვებში, ანუ ზაფხულის მეორე ნახევრიდან, უნდა ამოქმედდეს“.

ასეთი ოპტიმისტური ვარაუდი რომ გამართლდეს, ამისათვის აუცილებელია, რომ, სხვა განხილვების წარმატების კვალდაკვალ, მინისტრებმა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი 9-10 ივნისს დანიშნულ სხდომაზე განიხილონ. განწყობა ოპტიმისტურია, რადგანაც ევროკავშირის სივრცეში ამ ეტაპამდე არ დასახელებულა რეალისტური მიზეზი, რომელმაც, შესაძლოა, ამ პროცესის წარმატებას ხელი შეუშალოს.

ჟან-კლოდ იუნკერი

„საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში არავითარი ახალი პირობები არ იქნება“, – აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლისას და დასძინა, რომ საქართველოს ხალხისა და ბოლო რამდენიმე მთავრობის ძალისხმევამ საშუალება მისცა ევროკომისიას, მოემზადებინა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეთავაზების შესახებ.

ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.