მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალის გარდა, საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის პოტენციალი აქვს. 21-ე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებისთვის ეს ენერგია უკვე თანდათან ენაცვლება „ტრადიციულს“, ჩვენთან კი, რეალურად, მხოლოდ პირველი ფრთხილი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „Headwall Power International“-ის პრეზიდენტმა Bradford J. Meikle-მა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია „Headwall Power International“-ი, პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე, მზის პოტენციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრეტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს, შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. .„Headwall Power International“-ი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.

ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც, წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით, 1 900-2 200 საათს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური რადიაცია, რეგიონების მიხედვით, მერყეობს 1 250-1 800 კვტ.სთ/მ2 დიაპაზონში, ხოლო მზის საშუალო რადიაცია უტოლდება 4,2 კვტ.სთ/მ2 დღეში. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მვტ-ით, რაც წლიურად 34 ათასი ტ. პირობითი სათბობის ეკვივალენტურია. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია, ვიდრე დასავლეთი. გასული საუკუნის ბოლო წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიით თბომომარაგების სისტემები, თუმცა ამ პროცესს არ მიუღია მასობრივი ხასიათი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მზის ენერგია საქართველოში შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ 40-500C ტემპერატურის წყალი. საქართველოს პირობებში მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების, მწყემსების, სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების, კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო სიტუაციების ენერგიით მომარაგების ოპტიმალურ ვარიანტს მზის ენერგიის გარდამქმნელები წარმოადგენს.

კვლევა, რომელიც კომპანიამ გარდაბნის რეგიონში უნდა ჩაატაროს, პასუხს გასცემს კითხვას, შეიძლება თუ არა ეს თეორიული პოტენციალი პრაქტიკულად ამოქმედდეს და შეძლებს თუ არა საქართველო რეალურად დანერგოს „ალტერნატიული“ ენერგიის მომწოდებელი სისტემები.