ფერფლიდან აღმდგარი მუზეუმი ერგნეთში

მუზეუმი ერგნეთში

დამდნარი შუშის ჭურჭელი, დეფორმირებული რკინა, დაცხრილული თუნუქი, ბომბების, ნაღმებისა და ტყვიების ნარჩენები. ომის ამსახველი ფოტომასალა.

Your browser doesn’t support HTML5

ფერფლიდან აღმდგარი მუზეუმი ერგნეთში

შესასვლელში მთავარი ბანერი, მავთულხლართის ფოტოთი და წარწერით: „არა ოკუპაციას“. ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმის პირველი დამთვალიერებლები ამ ბანერზე საკუთარ ავტოგრაფს ტოვებენ და ღიად აპროტესტებენ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. ერგნეთის მუზეუმი საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ერთ-ერთი სახლის სარდაფში გაიხსნა.

სახლი 2008 წლის აგვისტოში სოფელში შესულმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაწვეს. ფერფლი და ნაცარი სარდაფში იყო დაგროვილი. პირველი ექსპონატებიც ამ ნაცარში იპოვეს. ლია ჩლაჩიძეს მუზეუმის გაკეთების იდეა ცოტა ხნის წინ გაუჩნდა, როცა კასპში რეპრესიების მუზეუმი ნახა. დამწვარი სახლის სარდაფი ამისთვის ზედგამოჭრილი იყო. გამურული და დაშლილი რიყის ქვის კედელი, დამდნარი ჭურჭელი უკვე ექსპონატია. ექსპონატია ის 5 ქვევრიც, რომელიც ძლიერ ცეცხლსა და დაბომბვას გადაურჩა. 2 კვირაში ყველაფერი მოწესრიგდა და დღეს უკვე მუზეუმმა პირველ მნახველებს უმასპინძლა. თითოეული ექპონატის ისტორიას ლია ჩლაჩიძე სტუმრებს თავად უამბობს. ის ამბობს, რომ ეს არ იქნება აგრესიის მუზეუმი, ეს იქნება სივრცე, სადაც ხშირად მშვიდობაზე ისაუბრებენ.

მუზეუმი ერგნეთში

დღეს ერგნეთს ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებმაც გზავნილებით გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მიმართეს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მალე დეოკუპაციის შემდეგ მავთულხლართების ნარჩენები ამ მუზეუმის ექსპონატი გახდება.

მუზეუმი ერგნეთში

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ნებისმიერ ასეთ ინიციატივას დაეხმარება, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა. მისი თქმით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ ოკუპაციის მუზეუმების გახსნას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მალე ეს იდეაც განხორციელდება. აბაშიშვილის აზრით, გამყოფი ხაზები და მავთულხლართები დროებითი მოვლენაა, რადგან ქართველებსა და ოსებს შერიგების დიდი რესურსი აქვთ.

ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმი უკვე დამთვალიერებლებს ელის. გარდა ამისა, მიმდინარეობს ომის ამსახველი ნივთებისა და ფოტომასალის შეგროვება და ექსპოზიციაც მუდმივი განახლების რეჟიმში იქნება.